"რამაზი ერთი გურული კაცია. მართლა, რომ გურულია წარმოშობით, საქმიანია, წარმატებული. რაც ორდენი არსებობს, ყველა მაქვს მიცემული მისთვის. კიდევ რომ არსებობდეს რამე ორდენი, კიდევ დავაჯილდოვებდი. აბა, თქვენ იცით, მიხედეთ რამაზს. გულის ოთხი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ისეთი საქმიანია, რომ ერთხელ, ახალ ნაოპერაციები, შენებლობაზე მოვიდა", - ასე მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთელებს გასული წლის 1 სექტემბერს, როცა გურულებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ ნიკოლაიშვილი წარუდგინა.
მართალია, გურულებმა გურულ ნიკოლაიშვილს "ვერ მიხედეს" და მაჟორიტარად არჩევანი კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ ზვიად კვაჭანტირაძეზე გააკეთეს, თუმცა წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი "მშენებელი" პროპორციული სიით მაინც გავიდა და დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ასეული კილომეტრი გზის დაგება-რეაბილიტაცია, ახალი ხიდები, რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგი პრეზიდენტისგან პირადად ნიკოლაიშვილს ჰქონდა დავალებული და ა.შ.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ მთავრობაში რამაზ ნიკოლაიშვილის მემკვიდრის - დავით ნარმანიას მისვლის შემდეგ ახალმა გუნდმა შიდა აუდიტის შედეგად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არაერთი ფინანსური დარღვევა აღმოაჩინა და დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნა, მაგრამ რა გაგრძელებას ჰპოვებს პროკურატურაში, დრო აჩვენებს.
წინა ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან რამაზ ნიკოლაიშვილს ისიც გამოარჩევს, რომ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა, რომელშიც წერია, რომ აღნიშნული ჯილდო მინისტრს ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცა.
"პირWელი" საპარლამენტო უმცირესობის წევრ რამაზ ნიკოლაიშვილის ფინანსურ დეკლარაციას გთავაზობთ:
2009-2011 წლებში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე სახელფასო ანაზღაურების სახით, 249 323.81 ლარი აიღო.
როგორც "პირWელის" მიერ ნიკოლაიშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, რამაზ ნიკოლაიშვილმა 2009 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ხელფასის სახით – 59 400 ლარი აიღო, 2010 წლის გარკვეულ პერიოდში იმავე პოსტზე – 27 485 ლარი, ხოლო 2010 წელსვე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნიკოლაიშვილმა სახელფასო ანაზღაურების სახით - 52 698.81 ლარი აიღო. 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რამაზ ნიკოლაიშვილმა მინისტრის პოსტზე 109 740.0 ლარი გამოიმუშავა.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ყოფილ მინისტრს 2009 წლის დეკლარაციაში – 20 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი აქვს მითითებული, უკვე 2010 წლის დეკლარაციაში - 25 000 აშშ დოლარი და 20 000 ლარი, 2011 წლის ფინანსურ დეკლარაციაში კი მითითებულია, რომ ნიკოლაიშვილს ნაღდი ფულის სახით, 26 000 დოლარი და 24 000 ათასი ლარი გააჩნდა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილს 2009 წელს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი), 1 500 ლარი უფიქსირდება. 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლაიშვილს "თიბისი ბანკში" სამი სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი), შესაბამისად, 3329.4 ლარი, 259.97 აშშ დოლარი, 423.92 ლარი გააჩნდა. 2011 წლის დეკლარაციაში კი მითითებულია, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს "თიბისი ბანკში" გახსნილ სამ სახელფასო ანგარიშზე, შესაბამისად, 3329.4 ლარის 259.97 დოლარის და 423.92 ევროს კრედიტები აქვს.
რამაზ ნიკოლაიშვილის უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციას ვენდობით, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მას თბილისში, დიღმის მასივში 115 კვ.მ ფართობის ბინა გააჩნია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში შესაბამისი გრაფები ცარიელია.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლაიშვილს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში პარლამენტის წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.
ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - "თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე", 2009-2010 წლებში ცარიელია. 2011 წლის დეკლარაციის თანახად კი, უმცირესობის წევრმა შვილის – ანი ნიკოლაიშვილის სწავლის გადასახადისთვის 3 200 ლარი გადაიხადა.
ცნობისთვის, რამაზ ნიკოლაიშვილის ოჯახი მეუღლის – რუსუდან ნიკოლაიშვილის და შვილების – ანა, გურამ და ელისაბედ ნიკოლაიშვილებისგან შედგება.