შენელებული მოქმედების (პ)რეზიდენტი

შენელებული მოქმედების (პ)რეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილის სახელობის კოშმარი გრძელდება; კონსტიტუცია დაირღვა, გამოსავალი კი არ ჩანს. 21 იანვრიდან მოყოლებული უგულვებელყოფილია ძირითადი კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი: «პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით». ეს ხუთწლიანი ვადა კი (2008 წლის 20 იანვრის ინაუგურაციიდან) უკვე ამოიწურა.

ერთადერთი დებულება, რომელიც 20 იანვრის შემდეგ ფორმალურად ამართლებს სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნას, მისი მორჩილი პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ციტირებულ პუნქტთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი, ამავე მუხლის მე-9 პუნქტია: «პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში». სააკაშვილი და მისი გულშემატკივრები თვლიან, რომ ამ ფორმულირებიდან მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადის 9-თვიანი გახანგრძლივება გამომდინარეობს. შექმნილი სიტუაცია, იურიდიული თვალსაზრისით, მეტად ორაზროვანია და ქვეყანას აშკარა საფრთხეს უქმნის.

თუ 2008 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვსაუბრობდით ლეგიტიმურობის დეფიციტზე, რადგან საზოგადოების ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად თვლიდა და სააკაშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდა, ამჯერად, ალბათ, უკვე «ლეგიტიმურობის ვაკუუმზე» უნდა ვისაუბროთ. დღეს სააკაშვილი ეყრდნობა არა მყარ საკანონმდებლო ფუნდამენტს, არამედ წინააღმდეგობაში შესული პუნქტების მისთვის სასურველ ინტერპრეტაციას, თანაც იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა არ აქვს. ამაზე ნათლად მიუთითებენ იმ ორგანიზაციების (თუნდაც ენ-დი-აის) გამოკითხვების შედეგებიც კი, სადაც მისი და «ნაცმოძრაობის” რეიტინგი ყოველთვის არადამაჯერებლად მაღალი იყო. 

ვითარება მით უფრო საგანგაშოა, რადგან კრიზისის დაძლევა კონსტიტუციის ხელახალი დარღვევის გარეშე თითქმის შეუძლებელი ჩანს. ერთი შეხედვით, 5-წლიანი ვადის ამოწურვიდან გამომდინარეობს სააკაშვილის მიერ «უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა», რომელიც მოხსენიებულია 76-ე მუხლის პირველ პუნქტში და ამ შემთხვევაში «პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ პარლამენტი დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი». ეს ჩანაწერი თითქოსდა ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად «არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში» და მისი პრაქტიკული რეალიზება, თავის მხრივ, ისევ შეგვიყვანს წინააღმდეგობაში 70-ე მუხლის ავადსახსენებელ მე-9 პუნქტთან, რომლის თანახმად არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. იდეაში, არჩევნები შეიძლება რიგგარეშეც იყოს, მაგრამ რომელ რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი მაშინ, როდესაც 5-წლიანი ვადა უკვე ამოიწურა? მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანა ჩიხში შევიდა; კონსტიტუცია დარღვეულია, სააკაშვილი კი გადადგომას არ აპირებს.

აშკარაა, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ, ძირითად კანონში შესატანი იქნება ცვლილება, რომელიც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ დატოვებს. კარგ მაგალითს, ამ მხრივ, აშშ-ს კონსტიტუცია გვაძლევს, სადაც წერია არა მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი «თანამდებობას ოთხწლიანი ვადის განმავლობაში იკავებს», არამედ (მე-20 შესწორებაში; რატიფიცირებულია 1933 წლის 23 იანვარს) მითითებულია დღე და დრო, როდესაც ის თანამდებობას ტოვებს _ «პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება 20 იანვარს, შუადღეს, ხოლო სენატორებისა და წარმომადგენლების 3 იანვარს შუადღეს». 

ამ შესწორებას საინტერესო ისტორია აქვს. მის მიღებამდე აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 4 მარტს იმართებოდა. თითქმის ოთხთვიანი პაუზა, არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის XVIII საუკუნის ცხოვრების რიტმიდან და გადაადგილების ტემპებიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი ჩანდა, თუმცა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ეს მეტისმეტად ბევრია, როგორც პრეზიდენტისთვის, ისე კანონმდებლებისთვის; უპირველესად იმიტომ, რომ თანამდებობებიდან მიმავალ «კოჭლ იხვებს» ამ პერიოდში პასუხისმგებლობის გრძნობა მკვეთრად უმცირდებოდათ და მეტად საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ.

პირველად პრობლემამ თავი 1800 წლის არჩევნების შემდეგ იჩინა, როდესაც თანამდებობიდან წასვლის წინ ჯონ ადამსმა (თავისი უმრავლესობით კონგრესში) სასწრაფოდ მიიღო კანონი სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ და მოსამართლეებად 50-ზე მეტი მხარდამჭერი დანიშნა. ახალარჩეულმა თომას ჯეფერსონმა (თავისი უმრავლესობით კონგრესში) მიღებული კანონი გააუქმა და იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც უფლებამოსილების დამადასტურებელი პატენტების აღება ვერ მოასწრეს, მათი გაცემა აკრძალა. ყოველივე ეს დასრულდა დიდი სკანდალით და მოსმენებით უზენაეს სასამართლოში, თუმცა ეს არაფერია 1861 წლის ტრაგედიასთან შედარებით, როდესაც პაუზაში აბრაამ ლინკოლნის არჩევასა და ინაუგურაციას შორის, აშშ-ს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ და სამოქალაქო ომის დაწყება გარდაუვალი გახდა. ლინკოლნს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ხოლო მისმა წინამორბედმა ჯეიმს ბიუკენენმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა, მარტივად რომ ვთქვათ, ვერ ივარგა. პრობლემის აქტუალურობა ამერიკელებმა 1932 წლის არჩევნების შემდეგაც იგრძნეს, როდესაც ფრანკლინ დელანო რუზველტი 4 თვის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი «ახალი კურსი» გაეტარებინა და «დიდ დეპრესიასთან» ბრძოლა დაეწყო. 

აშშ-ში «კოჭლ იხვებთან» დაკავშირებულ სირთულეებს არაგონივრულად ხანგრძლივი პაუზა ქმნიდა; იქ კონსტიტუცია არავის დაურღვევია და თანამდებობაზე ყოფნის ვადა 9 თვით არ გაუხანგრძლივებია. საქართველოში 20 იანვრის შემდეგ შექმნილი ვითარება კი გაცილებით სერიოზულია, აქ საუბარი კოჭლ იხვზე კი არა, კოჭლ სირაქლემაზე და კოჭლ პტეროდაქტილზეა. 
ყველა ნორმა, რომელიც უმაღლეს თანამდებობებას ეხება, ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, რადგან იმ სივრცეში, სადაც ვაკუუმი ან ინტერპრეტაციის შესაძლებლობა რჩება, შეიძლება სახიფათო პრეცედენტი შეიქმნას. ასე, ჯორჯ ვაშინგტონის უარმა მესამე ვადით არჩევაზე საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, დაუწერელ კანონს, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობის დატოვებას გულისხმობდა. თუმცა ამ წესს ყველა როდი იცავდა, თეთრ სახლში მესამე ვადით დარჩენას ულის გრანტი, გროვერ კლივლენდი და თეოდორ რუზველტი ცდილობდნენ, საწადელს კი ფრანკლინ დელანო რუზველტმა მიაღწია, რომელიც პრეზიდენტად ოთხჯერ აირჩიეს. ამის შემდეგ მიღებულ იქნა 22-ე შესწორება, რომელიც «ორვადიანი ლიმიტი» დააწესა. საინტერესოა, რომ ამ შესწორების გაუქმების აქტიური მცდელობა რონალდ რეიგანის მეორე ვადით არჩევის შემდეგ დაფიქსირდა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პრეზიდენტი გახლდათ, მაგრამ მის მიერ შექმნილი პრეცედენტი სახიფათო იყო, რადგან «12-წლიანი» ან სულაც «16-წლიანი» პრეზიდენტების გადამკიდე, აშშ-ის პოლიტიკური სისტემა, ძალიან დიდი ალბათობით, არასასურველ ტრანსფორმაციას განიცდიდა. აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონისა და მისი შემცვლელების მიერ შემოღებული დაუწერელი წესი არასაკმარისია და კანონმდებლობაში 22-ე შესწორების სახით შემზღუდავი ნორმა ჩაიდო.

პრობლემა იმდენად მწავე არ იქნებოდა, თუ სააკაშვილი მშვიდად დატოვებდა პოსტს და ბრძოლას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა, კონვენციური მეთოდების გამოყენებით, როგორც ამას ყველა ნორმალური ოპოზიციონერი აკეთებს. მაგრამ აშკარაა, რომ ის რევანშისთვის მის ხელთდარჩენილ სახელისუფლო ბერკეტებს იყენებს და ეს ქვეყნის სტაბილურობას უდიდეს საფრთხეს უქმნის. თავი დავანებოთ მის «ჯინაზე მიღებულ» საკადრო გადაწყვეტილებებს და ძალზე უცნაურ კომენტარებს შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე; ქვეყანა ამას როგორმე გადაიტანს. მაგრამ რა ვუყოთ მის განცხადებებს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით? აგერ, გასულ კვირას გამოვიდა და თქვა: «ჩვენ ახლა გვაქვს სერიოზულად გართულებული ურთიერთობა თურქეთთან!». დაფეთებული ვრეკავ სტამბულში; თურქეთში სიმშვიდეა, აბდულა გიული და რეჯებ ტაიპ ერდოღანი არაფერს ამბობენ, ხოლო თანამოსაუბრეებს, თურქ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს საერთოდ არ ესმით, რაზეა საუბარი _ რა გართულება? რატომ?

არა მხოლოდ ნორმალური პრეზიდენტი, არამედ მინიმალური პასუხისმგებლობის მქონე მეეზოვეც კი, სავარაუდოდ, თავს შეიკავებდა ასეთი დესტრუქციული შეფასებებისგან; ასე მხოლოდ მტრული სპეცსამსახურების რეზიდენტები იქცევიან. სად არის გარანტია, რომ ადამიანს, რომელსაც დილით აქვს გართულება თურქეთთან, საღამოს არ ექნება ომი რუსეთთან (ან ინგლისთან, «მიუნჰაუზენის» ცნობილი ეკრანიზაციის არ იყოს)? ან რა იყო მისი ორშაბათის გამოსვლა სტრასბურგში თუ არა პირდაპირი დივერსია არა «ქართული ოცნების», არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ? (სააკაშვილი, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ გრძნობს, სად გადის ზღვარი მის პირად და ეროვნულ ინტერესებს შორის). იღებს თუ არა «ქართული ოცნება» და პირადად ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კონსტიტუციის დაღრვევასთან და სააკაშვილის თანამდებობაზე დარჩენასთან შეგუება დიდ უბედურებას არ მოგვიტანს? ფაქტობრივად, საეჭვო იურიდიული სტატუსის მქონე და რევანშზე მეოცნებე სააკაშვილი შენელებული მოქმედების ნაღმს დაემსგავსა, რომელიც, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება.

სარწმუნო წყარო ამერიკის შეერთებულ შტატებში იტყობინება, რომ ზოგიერთმა ლობისტმა ვაშინგტონში მიიღო დაკვეთა სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის გამოყენებით შეეცდება (უხეშად რომ ვთქვათ) «გააპრავოს» სააკაშვილის მიერ მთავრობის დათხოვნა გაზაფხულზე (საუბარში რატომღაც ნახსენები იყო არა «ნაციონალებისთვის» საოცნებო აპრილი, არამედ მარტი); საბაბად ამისთვის, წყაროს ცნობით, ფიგურანტი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნას და «რუსული შეთქმულების» თემას გამოიყენებს. მსგავსი საგანგაშო სიგნალები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქსირდება. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ გასაჭირს თავს დანაკარგების გარეშე დავაღწევთ, 99%-იანი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია (ან მოქმედის საფუძვლიანი რედაქტირება) სჭირდება. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება არა უზარმაზარი აშშ-ის, არამედ პატარა ისლანდიის გამოცდილება გამოგვადგეს.

ამ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ასე მიიღეს: მოსახლებამ 552 კანდიდატიდან საკონსტიტუციო საბჭოს 25 წევრი აირჩია, რომლებმაც მუშაობა მოქალაქეების მიერ შეტანილი წინადადებების შესწავლით დაიწყეს. საბჭოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია მის საიტზე და «ფეისბუკის» გვერდზე ხდებოდა, ხოლო ისლანდიის მოქალაქეები მას შენიშვნებს ონლაინრეჟიმში აწვდიდნენ. ეს მუდმივი, ძალზე ინტენსიური დიალოგი იყო და საბოლოოდ, სწავლული იურისტებისა და უბრალო მეთევზეების მიერ შემოთავაზებული ფორმულირებები კონსტიტუციის ტექსტში ერთმანეთის გვერდიგვერდ მოხვდა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციის პროექტი მთელმა ერმა დაწერა და მას გასული წლის 20 ოქტომბერს გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა. ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება ისლანდიური გამოცდილების გარკვეული ადაპტირება ქართული რეალიების მიმართ, მაგრამ მთავარი იდეა, ის რომ კონსტიტუციის შექმნასა და დამტკიცებაში მოქალაქეებმა უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ, ალბათ, შეუცვლელად უნდა გადმოვიღოთ.