"ივანიშვილმა ალასანიათი ოსტატურად ისარგებლა"

"თავიდანვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალასანია მთავრობაში, უბრალოდ, დასაქმდა. პირველივე სიგნალი, რომ მის პოლიტიკურ კარიერაზე ივანიშვილი არ ზრუნავდა, თავდაცვის მინისტრად დანიშვნა იყო, რადგან უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოში ეს სამინისტრო რეალური არაა. სინამდვილეში, ამ უწყების მინისტრი სამეურნეო მუშაკია, რომელიც ჯარის აღჭურვასა და ჯარისკაცების მდგომარეობაზე უნდა იზრუნოს - მას არ აქვს და ვერც ექნება თავისი პოლიტიკა. შესაბამისად, არც კარიერისთვისაა სატრამპლინო ადგილი. რაც შეეხება ალასანიას, ყველა ნიშან-თვისებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორედ მისი ფიგურა მოერგებოდა და არა მაია ფანჯიკიძე", - აცხადებს პოლიტოლოგი ირინა საარიშვილი გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილმა ალასანიათი ოსტატურად ისარგებლა". "ივანიშვილი რომ მოვიდა, ერთადერთი ნათელი ფიგურა, ვის მიმართაც მოსახლეობას დადებითი განწყობა ჰქონდა, სწორედ ალასანია იყო. ყველა დანარჩენი საკმაოდ ტოქსიკურ გრძნობებს იწვევდა, განსაკუთრებით, "რესპუბლიკელები". ივანიშვილმა ალასანიათი საკმაოდ ოსტატურად ისარგებლა და შეიქმნა საყოველთაო აზრი, რომ ბიძინა პრემიერი უნდა ყოფილიყო, ალასანია - პრეზიდენტი. სხვათაშორის, არჩევნებამდე ეს აზრი ივანიშვილსაც არ გაუპროტესტებია. არჩევნების მერე კი ამბობდა, ყველას აქვს უფლება, კენჭი იყაროს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილიაო და ორ-სამჯერ ახსენა, როგორაა მოხიბლული ერთ-ერთი "რესპუბლიკელით". მე ვიცი ერთი რამ - ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტი სწორედ ამ პარტიას ჩააბარა, ვახტანგ ხმალაძე კი, ნამდვილად, კონსტიტუციის ექსპერტია, თან საკმაოდ დიდი ხანია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირინა სარიშვილი. "დაწყებული მნიშვნელოვანი კომიტეტების თავმჯდომარეობიდან, დასრულებული პარლამენტის თავმჯდომარეობით, "ოცნების" უმრავლესობაში უმრავლესობა "რესპუბლიკელებს" აქვთ! ახლა კიდევ ერთხელ, მოწიწებით შევახსენებ ყველას, 1 ოქტომბერს ეს ავირჩიეთ? "ოცნებამ", ძალიან კარგად იცის, რომ იმის შიშით, ისევ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაშიო, ციხის კარი ხან იქით რომ გააღოს და ხან აქეთ შემოაღოს, ხალხი ხმას მაინ არ ამოიღებს. რაც უნდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვოთ, რა შეიცვლება - ალბათ, ცოტა მეტს მიიღებენ "ნაციონალები", რადგან არჩევნებზე ნაკლები ადამიანი გავა. თუ ბიძინა ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს პრეზიდენტი, თუნდაც სუსტი, "რესპუბლიკელი", ან რომელიმე უსახური ადამიანი გახდეს, განსხვავებით ირაკლი ალასანიასგან, მაშინ აუცილებლად იქნება მცდელობა, პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს", - განაგრძობს რესპონდენტი. "რესპუბლიკელებმა" იციან, როგორ მოარგონ კონსტიტუცია ადამიანებს. ამ პარტიაში, პროფესიონალი მკერავები არიან, იმ ზომებზე, რისი დაკვეთაც აქვთ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონს კარგად კერავენ, უბრალოდ, ალასანიასთვის, ზოგადად, ზომებიც არც ექნებათ აღებული! ირაკლი კი, პიროვნულად, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არ არის, თუმცა არც უსახურია და სადაც იქნება, თავის გარემოს შეიქმნის. დღეს კი იმ ტიპის საპრეზიდენტო კანდიდატზეა საუბარი, რომელიც, მაინცდამაინც, არც თვითონ იქნება მოწადინებული, თავისი ძალაუფლება ვინმეზე გაავრცელოს და თავსაც მშვიდად იგრძნობს. მოჭიხვინე, კომიკური ბოროტება, სააკაშვილის სახით, შეიცვლება გაღიმებული, ნატიფი ბოროტებით, რომელიც კარგად მოიქცევა, ცხვირსაც კარგად მოიხოცავს და არც ხშირად გამოჩნდება ეკრანზე. რეალურად, ჩვენ ამ ხელისუფლებას სადღაც უხილავ ადგილას გადავიყვანთ, საიდანაც გვმართავენ, მაგრამ როცა რაღაც გვექნება გასაპროტესტებელი, მისამართი არ გვეცოდინება, სადაც უნდა მივადგეთ!" - ამბობს ირინა სარიშვილი. "კონსტიტუცია აუცილებლად შეიცვლება და საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ. მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ იქნება და არა მგონია, სხვისთვის ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტე რომელიმე "ნაციონალს" უნდოდეს. ისინი "ოცნებას" ხელს არაფერში შეუშლიან. გადარჩენის მექანიზმი კი მესამე ძალაშია, რომლის შექმნისაც ოცნებ-ნაციონალებს ტყვიასავით ეშინიათ. როგორც კი დაინახავენ, მესამე ძალის ჩამოყალიბების შანსი არსებობს, აუცილებლად ხელს შეუშლიან. სხვათაშორის, ალასანია ახლა თამაშგარე მდგომარეობაშია და თუ არ მოინდომა დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბება, ჭკვიანურიც იქნება. შესაძლოა, ალასანიამ ხელი ამ მესამე ძალის შექმნას შეუწყოს, თუ მისი ლიდერი არ იქნება", - დასძენს რესპონდენტი.