„ამ შემთხვევაში ნათელაშვილმა მესამე მხარისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა, ანუ ივანიშვლისგან“

„ამ შემთხვევაში ნათელაშვილმა მესამე მხარისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა, ანუ ივანიშვლისგან“

საპარლამენტო არჩვენებზე „ლეიბორისტულ პარტიას“ ამომრჩეველთა 1.22%–მა დაუჭირა მხარი. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის მანდატზე თავდაპირველად უარი თქვა, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის პირველ შეკრებაზე გამოჩნდა, მაგრამ პირველი „მშრომელი“ ქუჩის აქციებში არ გამოჩენილა. დარჩება თუ არა ნათელაშვილი ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგული, რთული სათქმელია.

ლეიბორისტების ლიდერი დარწმუნებულია, რომ „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით“ გაუყალბეს შედეგები, ამიტომ იმედოვნებს, ამერიკელი ხალხი პრეზიდენტობიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც „პუტინის ლობისტია, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილმა საერთო ენა გამონახა“ და ერთად ებრძვიან პირველ მშრომელს.

„ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ეს ის ნათელაშვილია, რომელიც ასე ხელაღებით აკრიტიკებს აშშ–ს მოქმედ პრეზიდენტს, ამავე დროს 2012 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით ვიზიტებს მართავს აშშ–ში. თუმცა მანამდე ნათელაშვილი საზოგადოებას და ამავე დროს რუსეთის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, რუსეთს სთხოვდა დახმარებას „მილიარდერი სოროსისა და სხვა საერთაშორისო ოლიგარქიულ კორპორაციების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს იმაში, რომ პრორუსია და, რომ ქვეყანა ივანიშვილმა რუსეთის გუბერნიად აქცია.

for.ge წარმოგიდგენთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შალვა ნათელაშვილისთვის ღირებული არაფერია ამ ქვეყანაზე, გარდა საკუთარი კეთილდღეობისა.

2004 წლის 19 ივლისი ადრესატი ვლადიმერ პუტინი:

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, „თქვენო უდიდებულესობავ, მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა პირადად თქვენ და მთელ რუს ხალხს, რომელთა მიმართაც საქართველოს მთავარი ოპოზიციური ძალა, ლეიბორისტული პარტია, ყოველთვის ინარჩუნებდა მეგობრულ და ძმურ პოზიციას.

დღევანდელ ვითარებაში საქართველოს მმართველი ინსტიტუტების ცნობილი შიდა ძალები პიარის პოლიგონად იყენებენ რუსეთისა და პირადად თქვენი რეიტინგის საწინააღმდეგო ექსპერიმენტებს ელექტორატში. ბატონო პრეზიდენტო, 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის დუმის მოწვევით, მე ვასრულებ ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში.

მესმის, რომ პროტოკოლით არ არის მიღებული, მაგრამ მაინც გავბედავ, ვითხოვო თქვენთან აუდიენცია, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური საფრთხის შესახებ. აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ამ სამწუხარო შედეგამდე მიგვიყვანა რეალურ ოპოზიციურ ძალებთან, განსაკუთრებით კი პროცესების განვითარებაზე საკმაო გამოცდილების მქონე ჩვენს პარტიასთან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პირადი კონტაქტების არარსებობამ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ უდიდეს პატივისცემას თქვენი უდიდებულესობისა და სრულიად რუსი ხალხის მიმართ და თქვენთან შესაძლო შეხვედრის იმედს ვიტოვებ. უღრმესი პატივისცემით, შალვა ნათელაშვილი, პარტიის თავმჯდომარე“.

პირველმა მშრომელმა ანალოგიური წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს:

„ღრმად პატივცემულო სერგეი ვიქტორის ძევ, მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა პირადად თქვენ და მთელ რუს ხალხს, რომელთა მიმართაც საქართველოს მთავარი ოპოზიციური ძალა, ლეიბორისტული პარტია, ყოველთვის ინარჩუნებდა მეგობრულ და ძმურ პოზიციას.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს რუსეთთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განახლება და ამ საქმეში მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ რუსეთის ფედერაციის დემოკრატიულ ძალებთან. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით რუსეთს ჩვენი ქვეყნისთვის პირველხარისხოვან სტრატეგიულ მოკავშირედ... ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის მოსალოდნელი პროვოკაციების აღკვეთას და ორ ხალხს შორის საუკუნოებრივად დაგროვილ მეგობრული ურთიერთობების გაფრთხილებას. მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები და თქვენთან შესაძლო შეხვედრის იმედი“.

მსგავსი შინაარსის წერილით მიმართა შალვა ნათელაშვილმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელს, ბორის გრიზლოვს; რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის პარლამენტთაშორისი კავშირების მართვის აპარატის განყოფილების უფროსის მოადგილეს გიორგი ორლანოვს; მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს; რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხებსა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველ მოადგილეს ახმედ ბილალოვს; რუსეთის ლიბერალურ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ვლადიმერ ჟირინოვსკის.

როგორც აღვნიშნეთ, ეს არის წერილები, რომელიც ნათლად წარმოაჩენს შალვა ნათელაშვილის ე.წ. პოლიტიკოსის რაობას. იგი თავს ყოველთვის ასაღებდა პრორუს პოლიტიკოსად, თუმცა, მისთვის პრორუსული თუ პროდასავლური ღირებულებები იმის მიხედვით იცვლებოდა, საიდანაც სარფიანი გარიგების სუნს იკრავდა.

ყოფილი ლეიბორისტი, სოსო შატბერაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნათელაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ იყო პრორუსული, მაგრამ ამას თავისებურად ფუთავდა და მხარს უჭერდა საქართველოს მიუმხრობელ პოლიტიკას, ისევე როგორც ბრაზილია, ინდოეთი და ა.შ.

„ამით ის ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა გაერთიანებულიყო NATO–ში. 2011 წლიდან ის უცებ გახდა პროამერიკელი და დაიწყო შტატებში სიარული. ამ დროს კი, ზურგს უკან წერს წერილებს ჟირინოვსკის, მას პატრიოტულ ძალას უწოდებს და სთავაზობს გაერთიანებას. წერს პუტინს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცნობს თავს და სთხოვს შეხვედრას, რათა ერთად იბრძოლონ ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ; წერს კობზონს და მეგობრობის გაღრმავებას ევედრება.

ნათელაშვილმა 9 აპრილს რუსული ალესილი ნიჩბებით რომ დახოცეს ხალხი, ის ადამიანები ბრბოდ მოიხსენია და ჭყლეტის დროს დაიღუპნენო, განაცხადა. ამის შემდეგ შალვა მოსკოვში, დიპლომატიის აკადემიაში წაიყვანეს, რათა იქ დაემთავრებინა სასწავლებელი და უშიშროების მიერ ხელდასმული წარმატებული დიპლომატი გამხდარიყო“, – აცხადებს სოსო შატბერაშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილი პარაზიტირებს ამ მავნე პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც კლიენტურას ემყარება და ბუნებრივია, რომ ამითი შოულობს ძალიან ბევრ ფულს და გარკვეულ გავლენას. მისი თქმით, ნათელაშვილს, გარდა ფულის კეთებისა, რეალური ინტერესი პოლიტიკაში არ გააჩნია.

„მას პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მონაწილეობის არც სურვილი აქვს და ცხადია, არც რესურსი. მისი ერთადერთი მიზანი არის შეინარჩუნოს პარტია, რომ ჰქონდეს მუდმივი შემოსავლის წყარო და პირადი სარგებელი ნახოს პოლიტიკაში, პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია. მერყევია, ხან ერთის ინტერესს იცავს, ხან მეორეს. როგორც მეძავი შოულობს საკუთარი სხეულით ფულს, ასევე არის ნათელაშვილი. ნათელაშვილი არის კლოუნი და კლოუნობით შოულობს ფულს. ეგ არის მისი პროფესია. პოლიტიკასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. რასაც აკეთებს, ეს პოლიტიკა არ არის. ეს არის გარკვეული მასხარაობა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი იხსენებს როგორ უწოდა აშშ–ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის აგენტი. მისი თქმით, ამით პირველმა „მშომელმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შორს არის პოლიტიკისგან.

„მთავარი ის არის, რომ ამას იტანს ჩვენი საზოგადოება და პურს აჭმევს. ამ ბოლო დროს თქვა, რომ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი დაფინანსება, იმიტომ, რომ საერთოდ ისე ვივლი და საჭმელს ყველა მაჭმევსო. ამ მასხარაობას ის ყიდის და საზოგადოებაშიც გარკვეული მოთხოვნილება აქვს. ის, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს მას, ან საქართველოს საგარეო პოზიციებზე, ან საშინაო პოლიტიკაზე რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს მის ნათქვამს, სისულელეა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის, რას არა.

ეს არის უბრალოდ სანახაობა, შეხედავ გაგეცინება, ან გაბრაზდები. მისი წერილებიც არის სანახაობა და ამაში მას ფულს უხდიან, მისი როლი ამაში ამოიწურება, იმის იქით არაფერი არ არის. არასდროს საქართველოში არც ერთი ხელისუფლება ნათელაშვილს არაფერს ეკითხებოდა და არც შეეკითხება - გინდა ყოფილა, გინდ - არა.

მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის მასხარაობა და ამაში ფულს იღებს. ცდილობს, რომ თავი გაყიდოს. უარესებს წერდა ამერიკელებს. ცდილობდა, თავი გაეყიდა, რომ მათი მასხარა გამხადრიყო. რაში სჭირდება ლავროვს ან პუტინს შალვა ნათელაშვილი?! რუსებისგან რომ ვერ იშოვა სამსახური, მერე სხვისი მასხარა გახდა. საბოლოო ჯამში, სააკაშვილის მასხარა გახდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საერთოდ პოლიტიკისთვის ყველაფერი მისაღებია. ბოლშევიკები რუსეთის იმპერატორს ებრძოდნენ და ამავე დროს თანამშრომლობდნენ ოხრანკასთან. მისი თქმით, ანალოგიური თამაშები არახალია პოლიტიკის ისტორიისთვის. პოლიტიკოსი ცდილობს რაღაცისგან, ან ვიღაცისგან მიიღოს მხარდაჭერა და მერე ამაზე ააგოს თავისი გეგმები.

„როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ნათელაშვილმა მესამე მხარისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა, ანუ ივანიშვლისგან, თორემ იქნებოდა სხვანაირად აწყობილი. ისიც საკვირველია, რომ მიშას დროს რუსეთთან გადიოდა, თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიშას დროინდელი ხელისუფლების ყველა კულუარები არ ვიცით, თორემ მიშასაც აქვს მაგ ტიპის ვარიანტები, რაც პოლიტიკაში არაერთხელ გაუკეთებია - ამერიკაზე და პროდასვლურობაზე აკეთებდა აქცენტს და ამ დროს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან.

„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში გამოქყვენდა პუტინის სატელეფონო საუბრების სიხშირე მსოფლიო ლიდერებთან. ყველაზე ხშირი საუბრები ჰქონდა სააკაშვილთან. ამ დროს, ამერიკელები თვლიდნენ, რომ „ვარდების რევოლუცია“, მათი გაკეთებული იყო. ასეთი ფაქტები ქართული პოლიტიკისთვის არ არის უცხო და იმ პოლიტიკური სუბიექტის ქვეყნისთვის, რომელიც სუსტია. ყოველთვის ეძებს მფარველებს გარეთ და თავისი მყარი ორიენტირები ჩამოყალიბებული ნაკლებად არის. დასანანია, როცა ასეთი პროცესი გაქვს ქვეყანაში, მაგრამ გასაკვირი არ არის“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე განმარტავს, რომ პრორუსულობა არის საფრთხობელა, რომელსაც იყენებენ იმისათვის, რომ დემონიზაცია მოახდინონ იდეოლოგიური მოწინააღდიგის, ანუ ხელისუფლების.

„შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიღაცას პრორუსულობას დააბრალებენ, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გააკეთო. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ბიძა, პატივცემული თემურ ალასანია „კგბ“-ს გენერალია და საერთოდ, ყველა ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო, ჭიპლარით იყო მიბმული რუსეთის სპეცსამსახურებთან და დღესაც ასეა. ვისზე ლაპარაკობენ ესენი საერთოდ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.