ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორი ჯონ მაკკეინი ბარაკ ობამას რუსეთთან სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას მოითხოვს.
მაკკეინი აცხადებს, რომ პუტინის მიერ ბუშისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. სენატორი საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მოითხოვს. ამ მცდელობების მიუხედავად, დასავლური მედია წერს, რომ „სასოწარკვეთილი საქართველო აშშ-ის ყურადღებას კარგავს“.
ჯონ მაკკეინის თქმით, აშშ-მ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ტემპები უნდა შეანელოს და უფრო თავშეკავებულად შეაფასოს ამ პროცესის შედეგები. ამის შესახებ განცხადება „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე აუცილებელია უფრო ფართოდ განიხილონ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგები. მაკკეინის თქმით, ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება აშშ-სათვის რუსეთთან წარმოებულ პოლიტიკაში საკვანძო კომპონენტია.
მაკკეინის აზრით მოსკოვი ვაშინგტონთან დიალოგში არასაკმარისად გულრწფელაია და პარტნიორობის შესახებ წარმოთქმული სიტყვები მესამე ქვეყნებთან მიმართებაში მტრული მოქმედებებს ნიღბავს.
„პრობლემა იმაშია, რომ მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ ბუშ-უმცროსთან 2008 წლის აპრილში პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და დაპირებების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მე ვიზიარებ გადატვირთვის პოლიტიკას, რაც რუსეთთან პარტნიორობასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ბუშის ადმინიტრაცია ამის გაკეთებას რუსეთთან ორჯერ შეეცადა, ასე რომ ობამას ადმინიტარცია ამ თვალსაზრისით არაფერს ახალ არ აკეთებს და რუსეთთან ურთიერთობების გადატვითვას ცდილობს“ – დასძენს ჯონ მაკკეინი.
„რესპუბლიკელი“ სენატორმა პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გატარების აუცილებლობა და კოლეგებს კრემლთან ურთიერთობის თავისი სცენარი შესთავაზა.
„ორი ათეული წელია, ჩვენ ერთი და იმავე კითხვას ვსვამთ : როგორ შეიძლება აშშ-მ პარტნიორული ურთიერთობები იქონიოს რუსეთთან? შესაძლოა, ჩვენ სხვაგვარად უნდა დავაყენოთ საკითხები – რუსეთისა და აშშ-ს ბევრი აქვთ საერთო ინტერესები და მართლა იზიარებს მათ რუსეთი ისე, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით?
არის კი რუსეთი გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში ის მნიშვნელოვანი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის დახმარების გაწევა? იქნებ რუსეთი არც ისე განვითარებულია, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით“ – აცხადებს სენატორი.
ორი კვირის წინ, მაკკეინმა ვაშინგტონში გამოსვლისას საჯაროდ გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებათან დაკავშირებით.
ამავე დროს სენატორი მაკკეინი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება .
„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მიუხედავად ამისა, რუსეთის პოზიციის გამო, დღემდე არ არის დამტკიცებული საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხი. ეს უნდა შეიცვალოს და ჩვენ როგორც მინიმუმ, საქართველო უნდა აღვჭურვოთ რადარებით“ – აღნიშნავს ჯონ მაკკეინი.
„საქართველო იყო ტესტი რუსეთისთვის - გაუვა თუ არა მსგავსი საქციელი დანარჩენ მსოფლიოსთან“, – ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ბარამიძემ სენატორების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
„გავლენის სფეროების არსებობა მსოფლიომ აღარ უნდა დაუშვას. საქართველო იყო ტესტი რუსეთისთვის - გაუვა თუ არა მსგავსი საქციელი დანარჩენ მსოფლიოსთან“, - ეს იყო მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ბარამიძემ კონფერენციიდან გააჟღერა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ამერიკისა შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ღირებულებებს შეეჯახა. როგორც ბარამიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა დღიდიდღე იზრდება და ეს უკვე უფრო და უფრო აშკარა ხდება.
„სენატორმა ჯონ მაკკეინმაც აღნიშნა მის გამოსვლაში, რომ არ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა საქართველო მიატოვოს, რადგან ეს, პირველ რიგში, მის ინტერესებში არ შედის“, - განმარტა ბარამიძემ.
ამ ფონზე ესპანური გამოცემა „EL PAIS“ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომლის მიხედვით, საქართველო აშშ-ის ყურადღებას კარგავს.
სტატიის ავტორი პილარ ბონეტი წერს, რომ „საქართველო, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომი ძვირად დაუჯდა, სუსტ და აშშ-ის ლაქია ქვეყნად იქცა“.
„ქვეყანა, რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ის ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. თბილისი აშშ-ს ებღაუჭება, რადგან მიაჩნია რომ მხოლოდ ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და არა ევროპელი „ცინიკოსები“.
სასოწარკვეთილი საქართველო მოითხოვს, რომ აშშ-მა თანამედროვე იარაღი მიჰყიდოს და მწვანე შუქი აუნთოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა ჩრდილო-ამერიკელი დიპლომატები უარს ამბობენ ამ მოთხოვნების შეთავსებაზე ბარაკ ობამას მიზანთან, რუსეთთან ურთიერთობები განაახლოს“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორის მონაცემებით, „ბარაქ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრი სახლი ქართველებს, რომლებიც, მოსკოვის აზრით, მილიტარისტული ქმედებებისკენ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წააქეზა, „უხეში ძალის ნაცვლად, გონიერებისკენ“ და „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოუწოდებს“.
მისივე შეფასებით, „ვაშინგტონი დიპლომატიური გზებით შეეცადა, ხელი შეეშალა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმაციისათვის, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და კუნძულმა ნაურუმ აღიარეს და შეაჩერა „აღიარების კასკადი“, რომელიც თბილისს თავზარს სცემდა, მაგრამ ვერ შეძლო ირანის გავლენის ზრდის პრევენცია კავკასიის ამ სტრატეგიულ რეგიონში, სადაც ამერიკა რუსეთის, ოტომანთა და სპარსეთის იმპერიების მემკვიდრეებთან ერთად გავლენისთვის იბრძვის“.
ამასთან, სტატიის ავტორი 2008 წლის ომში „ამერიკის გაურკვეველ როლზეც“ საუბრობს.
„ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური დოკუმენტების თანახმად, 1-2 აგვისტოს რეგიონში ადგილი ჰქონდა ისეთი ინტენსივობის სროლებს, როგორიც 2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, თუმცა სროლის დაწყების ინიციატორი არ სახელდება. 7 აგვისტოთი დათარიღებულ ორ ანგარიშში დაფიქსირებულია „ინტენსიური ბრძოლები სამხრეთ ოსეთში 6 აგვისტოს ღამით“ და „ქართული არტილერიის გადაადგილება“.
შემდეგ თბილისის ოფისიდან გაგზავნილ დოკუმენტებში 138 სიმბოლო გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს დღეში მხოლოდ ორი ტელეგრამა იგზავნება. კრიტიკულ დღეებში ინფორმაციის ეს წყვეტა და ლაკონურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოდან ცნობები სხვა არხებით ვრცელდებოდა, რაც ხელს უშლის მკაფიო სურათის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობდნენ ამერიკელები სააკაშვილის თავდასხმაში.
ევროკავშირის გამოძიებამ შვეიცარელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ ცხინვალზე თავდასხმით ომი სააკაშვილმა დაიწყო და რუსეთის რეაქცია არაპროპორციული გახლდათ“, - ნათქვამია სტატიაში.
რაც შეეხება ჯონ მაკკეინს, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა ის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორს ჯილდო ბათუმში გადასცა.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება გმირის ცხოვრებით იცხოვრა. მან მრავალი გმირობა ჩაიდინა ამერიკისთვის და გმირობა ჩაიდინა საქართველოსთვის. მინდა, რომ საქართველოს სახელით, დღევანდელი და მომავალი თავისუფალი ქართველების სახელით სენატორ მაკკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადავცე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მეგობრებს გაჭირვებაში ცნობენ.
„ბევრი ადამიანი გვეფიცებოდა მეგობრობას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ბუჩქებში დაიმალა. ეს კაცი თავისი ცხოვრების მთავარ ბრძოლაში იყო მაშინ, როცა რუსეთმა ღია ომი გამოგვიცხადა. მან მიატოვა თავისი საარჩევნო კამპანია, დაკარგა რამდენიმე დღე და საქართველოში ჩამოვიდა. მაკკეინი დღეში რამდენჯერმე იცავდა საქართველოს მსოფლიოს სატელევიზიო არხებზე. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მაკკეინს საჩუქრად პისტოლეტი გადასცა, რომელიც რუსმა გენერალმა 2008 წლის აგვისტოში ქართველ მაღალჩინოსანს მიყიდა და უთხრა, რომ ეს პისტოლეტი ამერიკელ მფრინავს ეკუთვნოდა, რომელიც ვიეტნამში ტყვედ აიყვანეს.
პრეზიდენტმა აღნიშნული პისტოლეტი სიმბოლურად ჯონ მაკკეინს დაუბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომის დროს ტყვედ რამდენიმე წელი იმყოფებოდა.