„შესაძლოა, ამ საბედისწერო შეცდომებმა საზოგადოებას ოპოზიციური ფლანგი დააკარგვინოს და ოპოზიციამ 2024 წლამდე საერთოდ ვერ მიაღწიოს“

„შესაძლოა, ამ საბედისწერო შეცდომებმა საზოგადოებას ოპოზიციური ფლანგი დააკარგვინოს და ოპოზიციამ 2024 წლამდე საერთოდ ვერ მიაღწიოს“

შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობას და იმოქმედებენ თუ არა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეუთანხმებლად? როგორც ჩანს, ოპოზიციაში გარკვეული ბზარი გაჩნდა და მათ ერთიანობას, არ არის გამორიცხული, ბოლო საერთოდ მოეღოს. გრიგოლ ვაშაძის მოწოდების შემდეგ, რომ დაუყოვნებლივ ყველა დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს, პარტიების ლიდერების ნაწილს მისცა იმის თქმის საშუალება, რომ ქუჩაში დგომა ყველასთვის რისკია. ამიტომ, სულ რაღაც 10 დღეში, 21 ნოემბერს, სანამ არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მათ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - რჩებიან ქუჩაში თუ გარკვეულ ფორმატში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე მიდიან.

For.ge-სთან ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიცია ორად გაიყოს. ნაწილი პარლამენტში შევიდეს და ნაწილმა ქუჩა აირჩიოს. მათი აზრით, ახლა ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეალურად არ აქვთ გეგმა და სტრატეგია, როგორ და რას აპირებენ. საკუთარმა მოთხოვნებმა ჩიხში თავად ოპოზიცია შეიყვანა და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. „წარმატებისგან“ თავბრუდახვეული მიხეილ სააკაშვილი კი პარტიას და დანარჩენ ოპოზიციას აიძულებს, რომ უკომპრომისო და პრინციპულები იყვნენ. თუმცა რეალობას ვერ ათვითცნობიერებს ეს ხმები რის ხარჯზე და რისი დამსახურებით აიღო.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგი, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით მათთვის მისაღებია, თუმცა ერთიანი ოპოზიციის პირობები და მოთხოვნები უცვლელი რჩება. მათი თქმით, უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლილი ხელმძღვანელობის პირობებში უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვადასტურებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს პრაგმატული იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია. ხელისუფლება ერთი მხრივ გველაპარაკება დიალოგზე და მოერე მხრივ გვაშანტაჟებს“, - ამბობს ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, ივანიშვილმა ოპოზიციას სხვა ფორმატი არ დაუტოვა და ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლი“ კი პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს რა სამოქმედო გეგმა ექნებათ. პარტიაში დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„დიპლომატების მხრიდანაც არის სრული მზაობა დიალოგთან დაკავშირებით, დიალოგი აუცილებელია, თუმცა ჩვენ იმიტომ ვიკრიბებით, რომ საბოლოო პოზიციას ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა. გაყალბებულ არჩევნევნებზე უნდა იყოს კონკრეტული რეაგირება, ამის გარეშე შეუძლებელია დიალოგის დაწყება, არის კონკრეტული პროლემები, რომელიც მოიტანა ამ არჩევნებმა, რომლის შედეგსაც არ ეთანხმება სრულიად ოპოზიცია“, - აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დიალოგს უალტერნატივო საშუალებად თვლის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ ქუჩაში პროცესების განვითარება რისკია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და რისკის აცილების ერთადერთი საშუალება დიალოგია:

„ყოველთვის მივდივარ სალაპარაკოდ, თუ არ მომეწონება მერე ვიტყვი, რომ ვერ გავიგე, ან არ მომეწონა, ისეთი რამე შემომთავაზეს, რაც არ მომწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა. შედეგი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. მე ქუჩაში პრობლემას კი ვერ ვხედავ, ქუჩა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ქუჩამ ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებას და ფაქტობრივად, კატალიზატორია, იმიტომ, რომ ყველა ხედავს, ქუჩა რისკია ორივე მხარისთვის. შესაბამისად, შენ თუ გიჟი არ ხარ და რისკის აცილება გინდა, ლაპარაკი ერთადერთი საშუალებაა“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან რამდენიმე ძირითადი საკითხით დაჯდება. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ყველა ამომრჩეველს, გამოიყენოს სამართლებრივი შესაძლებლობები იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვგარეშე საზოგადოებისთვის, უნდა შევიდეს პარლამენტში და გაუფრთხილდეს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას.

„პირველი - ყველა ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მეორეც, ჩვენმა ოპონენტებმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც მათ თავიდანვე უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. პატივი სცენ ამომრჩეველს, ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვგარეშე მთელი საზოგადოებისთვის, მესამე - უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა. ამ პარლამენტში მათ მეტი საშუალება ექნებათ უფრო ძლიერი იყვნენ და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებეზე და ასევე გაუფრთხილდნენ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას, რაც არ შედის მათ ინტერესში. იმედი მაქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც პარლამენტში აუცილებლად შემოვლენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება „ერთგვარად პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური მედიის აწეული თემაა. ეს არის პოლიტიკური ნარატივი ოპონენტების, რომლებმაც წააგეს“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია უკვე გაყოფილია და, დიდი ალბათობით, 21 ნოემბრამდე, სიტუაცია შიგნით კიდევ უფრო დაიძაბება, თუკი ვერც მოლაპარაკების ფორმატზე შეთანხმდებიან და ვერც სამოქმედო ტაქტიკაზე. საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ოფიციალურ განცახდებებს რა მიმართულებით აკეთებს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ვხედავთ, რომ მათი დამოკიდებულება დიდი სიჩქარით იცვლება.

„ოპოზიციის მთელი სირთულე ისაა, რომ მათ თავიანთი მოთხოვნები გათვლილი არ აქვთ. საერთოდ, პოლიტიკური ელიტა ამომრჩეველზე ჭკვიანი უნდა იყოს. ამიტომაც ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ცოტა კანონშია ჩახედული, იცის, რომ ჟვანიას გადამყენებელი პარლამენტია. მას პარლამენტმა იმპიჩმენტი უნდა მოუწყოს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს. ასე რომ, რამაც ჯერ სასამართლოში უნდა გაიაროს და შემდეგ პარლამენტში, სადაც შესვლაზე უარს ამბობენ, იმის ქუჩიდან მოთხოვნას ოპოზიცია ჩიხში შეყავს. ლოგიკურ წინააღმდეგობას გამოსავალი არ აქვს და ამას, როგორც ჩანს, ზოგიერთი ლიდერი კარგად მიხვდა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისი აზრით, ახლა ოპოზიცია ნაჩქარევი და გაუაზრებელი ქმედებებით ჩიხშია შესული და ამის პარალელურად უკან დახევა არ უნდა. თუმცა იმასაც მიხვდნენ, რომ ქუჩაში დგომაც რისკია. საყვარელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ამ საბედისწერო შეცდომებმა საზოგადოებას საერთოდ ოპოზიციური ფლანგი დააკარგვინოს, რაც ქვეყნისთვის საკამაოდ მძიმე იქნება. მისი აზრით, 2024 წლამდე ამ ოპოზიციამ, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიაღწიოს მით უმეტეს პატარა პარტიებმა.

„ხელისუფლებამ რა უნდა დათმოს, მოხსნას ჟვანია? - ის პრობლემებია რაც ზემოთ ვახსენე. გააუქმოს არჩევნები და რიგგარეშე დანიშნოს? - მაშინ გაყალბება უნდა აღიაროს და საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებზეც თქვას, რომ ეს ხალხიც ტყუის. ავტორიტეტული ორგანიზაციების ეუთო/ოდირის დასკვნები არსებობს და გამოდის, რომ არაკვალიფიცირებულები არიან? ხელისუფლებას ხომ პასუხისმგებლობა აქვს, თუ არჩევნები გააუქმა, მაშინ იმათაც უნდა უთხრას, რომ მოატყუა. არ არის გასაკვირი, რომ სასამართლოში საჩივრები შევიდეს, აგერ, ტრამპი დავობს გამიყალბესო. ვაშაძემ გაბედა რაღაცის თქმა და მაშინვე რადიკალურად შეაცვლევინეს, მაგრამ მისი მსგავსი განცახდებები ძალიან მალე გაკეთდება. ბევრი ლიდერი უკვე მიხვედრილია, რომ ასე არ გამოვა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების მიუხედავად ცდილობენ, ერთიანობა ცოტახნით მაინც შეინარჩუნონ. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამ 10 დღის განმავლობაში მაინც რაღაცა კონკრეტულზე უნდა შეთანხმდეს და სავარაუდოდ, პომპეოს ჩამოსვლას და მისი მხრიდან გაკეთებულ განცახდებებსაც დაელოდებიან. მისი აზრით, ახლა ოპოზიციის მთავარი პრობლემაა ისაა, არ იცის რა გააკეთოს. ხელახალი არჩევნების დანიშვნა კი უნდათ, მაგრამ ამ ეტაპზე სტრატეგია და გეგმა არ არსებობს ამას როგორ გააკეთებენ.

„მოსახლეობა ოპოზიიცის გვერდით არ დგას. შესაძლოა, ვიღაცა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხალხს სხვა პრობლემები აქვს და ფიქრობენ, რომ ახლა ამ საქმეების გადადება გვერდით საჭირო არაა. მოსახლეობა ოპოზიციას ნამდვილად არ თანაუგრძნობს. ამას კი ხელისუფლება ბოროტად იყენებს და კომფორტულად არის. თუმცა, ეს შესაძლოა, სახიფათოდ სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე მასვე შემოუბრუნდეს. საზოგადოება ახლა საერთოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ ენდობა და არ იცის გვერდით ვის დაუდგეს. ამ ფონზე ოპოზიციას გარკვეული გამოსავალი სჭირდება. შესაძლოა, პომპეოს ჩამოსვლასაც დაელოდონ და მის მიერ გაკეთებული განცახდებების შემდეგ მიიღონ რაღაცა გადაწყვეტილება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დახმარებით, ნაციონალებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს. ხელისუფლებამ ეს პარტია იმდენი ბერა, რომ ვისაც „ოცნება“ არ უნდოდა, საბოლოო ჯამში ხმა ნაციონალებს მისცა. ამ ფონზე კი, ნაციოანლებს აბსოლუტურად დაუმსახურებული წარმატება თავში აუვარდათ და დანარჩენ ოპოზიციას თავის პოზიციებს კარნახობენ. ეუბნება, რომ მათ ხმები უფრო მეტი აიღეს და მათთან თანასწორი არ უნდა იყოს.

„ამ ყველაფრის უკან კი, ერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის ეგოისტური სურვილები დგას. ახლა წარმატებისგან თავბრუ დაეხვა. ის ვერ ხვდება, რელურად, ხალხმა მხარი მას რატომ დაუჭირა და რეალობის შეგრძნებადაკარგული თავის პარტიას პრინციპულობისკენ წასვლას სთხოვს, აიძულებს პარტიის წევრებს, რომ მისი გეგმები უსიტყვოდ შეასრულონ, ამიტომაც შიდა დაპირისპირება დაიწყო, რაც დანარჩენ ოპოზიციაზეც გავლენას მოახდენს. ვაშაძის განცახდება ამის ნათელი მაგალითი იყო“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

trampi სათაური ძალიან მომწონს, ძალიან მაგრამ.............................................. ამათ იმედად ყოფნაც რო არ შეიძლება?? ???
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო...ისეა ამათი საქმე
სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო..........ესეც ამათთვის ზედ გამოჭრილია
ერთად ერთი პლიუსი ამათ მხოლოდ იმაში ააქვთ, რომ ხალხს არ ხოცავენ, არ აწამებენ და ბიზნესებს არ ახევენ ხალხს, არც 300 ათასი პრობაციონერი
აღარ გვყავს ...დანარჩენი თითქმის არაფერი
თუმცა კი ,,იმათთან,, შედარებით ეს უზარმაზარი პლიუსია....
ისე დაააქლიავეს, ისე დააშინეს იმათ ქართველი ხალხი, რომ დღეს ხალხი სამწუხაროდ მცირედითაც კი კმაყოფილდება---- რა ეკონომიკა, რა ლარი, რის კაი ცხოვრება...მშვიდობა გახდა მთავარი სანატრელი და ..... ცოტაოდენი საჭმელი
იცვლება,... იცვლება ფასეულობები და ადამიანის მოთხოვნები ლამის ნოლისკენ მიდის(მიჰყავთ)
და ესენი ლანძღავენ კომუნისტეეებს? ---- მათხოვარი არ ვიცოდით რა იყო ......
........ეხლა????
3 წლის უკან