"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რითაც ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ალასანიასთან ურთიერთობას. მინისტრის დანიშვნა ამავდროულად ვიცე-პრემიერად ხაზს უსვამს ამ მინისტრის პოლიტიკურ წონას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დანიშნეს და ამავდროულად, ვიცე-პრემიერად, ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ალასანია მისთვის პოლიტიკური წონით უფრო მაღლა დგას მის მთავრობაში, ვიდრე სხვა მინისტრები. ასე რომ, არგუმენტი იმისა, რომ ვიცე-პრემიერი სხვა სამინისტროების საქმიანობაშიც ერევა, არ არის სწორი. ვიცე-პრემიერი, ეს არის პოლიტიკური რანგირება და სხვა არაფერი. მისი გადაყენების ლოგიკას ვერ ვხედავ, რომ ის თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტ დროს დაუთმობს, ვიდრე მაშინ, როცა ის ვიცე-პრემიერის რანგში იყო", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დაკნინებით სწორედ ამას გაუსვა ხაზი!".
"ნაცმოძრაობა" ცდილობს დაამკვიდროს სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიებით, თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეცვალა კურსი, თითქოს "ნაციონალების" კურსი იყო დასავლეთისკენ და ახალი მთავრობის არის რუსეთისკენ. ჯერ ერთი, საეჭვოა, რამდენად იყო "ნაციონალური მოძრაობის" კურსი პროდასავლური. მათ მოღვაწეობას დასავლური ხელწერა არ ეტყობოდა. პირიქით, მათ პოლიტიკას სხვა მიმართულება ჰქონდა. ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერჯერობით ვერ ვხედავ გამოხატული კურსის ცვლილებას. პირიქით, ვხედავ, რომ ახალ ხელისუფლებას აღებული აქვს დაბალანსების პოლიტიკა საგარეო მიმართულებით, რაც თავისთავად ცუდი არ არის. ასე რომ, ალასანიას ამ საკითხთან მიბმა სწორი არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ამ ფონზე "რესპუბლიკელების" ინიციატივა უფრო ჭრის, კერძოდ, "რესპუბლიკელები" გამოდიან ინიციატივით, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. "რესპუბლიკელები" პროდასავლური ორიენტაციის პარტიაა. ალოგიკურია, თუ ალასანიას იმიტომ იშორებ, რომ არ უნდოდა პრემიერს ასეთი ტიპის პოლიტიკოსი ჰყოლოდა ვიცე-პრემიერად, მაშინ რატომ აძლიერებ პროდასავლურ "რესპუბლიკელებს"?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"სააკაშვილის გამოსვლა ევროსაბჭოში, სამწუხაროდ, გაჟღერდა არასაფუძვლიანი განცხადებებით. ზუსტად იქით იყო მიმართული, რამენაირად თავი მოეჭრა ახალი ხელისუფლებისთვის დასავლეთის თვალში. სააკაშვილის განცხადების შემდეგ ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომა იმ მოტივით, რომ თურმე ის არ ეთანხმება ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, ზუსტად რომ კარგად ორგანიზებული კამპანიის ნაწილია. ასე რომ, ვფიქრობ, მსგავსი ტიპის სიურპრიზი კიდევ ბევრი იქნება. შესაძლოა, საკადრო საკითხებში ისეთი ნაღმები იდოს, რომელიც გარკვეულ დროს აუცილებლად აფეთქდება, რაც ხელისუფლების უსუსურობის დემონსტრირებას მოახდენს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ცოტა გაუგებარია ახალი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ახალ საპარლამენტო მოდელზე ამავე წელლს და ამ საპარლამენტო მოდელის ფარგლებში ოქტომბერში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა და არა მოსახლეობამ. სიმართლე გითხრათ, ეს არის სიურპრიზი, მით უფრო იმ ფონზე, როცა წინასაახალწლო დღეებში ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი გადაცემის ფორმატში პირდაპირ განაცხადა, რომ ოქტომბერში ის უზრუნველყოფს დემოკრატიულ, სამართლიან პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. როდესაც ორი კვირის წინ მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოქტომბერში იქნება სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები, ცოტა გაუგებარია, რა შეიცვალა ორ კვირაში, როდესაც ახალი ინიციატივა შემოგვაპარეს და ამის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა, თურმე ასეთი საკითხები შეიძლება რეფერენდუმით გადაწყდეს, როგორც ბატონმა დავით უსუფაშვილმა ბრძანა, მაგრამ ამის დრო არ არის და ისინი შეუდგნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არ არის სწორი, რბილად რომ ვთქვათ, მით უმეტეს იმ ხალხისგან მესმის რეფერენდუმზე უარი, რომლებიც თავის დროზე ძირითადი საკითხების გადაწყვეტას ზუსტადაც რეფერენდუმით ითხოვდნენ. ასე რომ, აქ მიდის გაუგებარი პოლიტიკური თამაში", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "იყო თუ არა ირაკლი ალასანიას ჩამოცილება მისი საპრეზიდენტო ამბიციების შეკვეცა?" - პასუხობს:
"შეიძლება ესეც განვიხილოთ, ამ ეტაპზე მისი ვიცე-პრემიერმინისტრობიდან მოხსნა ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ხაზი გაესვა, ალასანია არ არის ივანიშვილისთვის ბოლომდე მისაღები ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც კოალიცია წარადგენს საპრეზიდენტო კანდიდატად. მომავალში როგორ იქნება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს სწორედაც რომ ამის დემონსტრირება მოხდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერს ალასანიას გაუგზავნა ივანიშვილმა მკაფიო გზავნილი, განწყობა მის მიმართ შეიცვალა და ეს გზავნილი გაეგზავნა არა ალასანიას, არამედ მისი პარტიის წევრებს და ასევე კოალიციას ივანიშვილმა ცალსახად დაანახა, რა განწყობაა ალასანია - "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ".