ასლან აბაშიძის საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს

ასლან აბაშიძის საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს

სტრასბურგის სასამართლო ქართული სარჩელების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. შიდა მართლმსაჯულების სისტემით უკმაყოფილო ადამიანები სამართალს ბებერ კონტინენტზე ეძებენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის საქმე შესაძლოა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წავიდეს. ასლან აბაშიძის დაცვას საქმის სტრასბურგში გასაჩივრების უფლება უკვე აქვს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ თავად ასლან აბაშიძესთან უნდა შეთანხმდეს. საქმე საქართველოს სასამართლოებში უკვე გასაჩივრებულია. კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" ასლან აბაშიძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, 2007 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის 15-წლიანი პატიმრობა და 98 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტმა შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა და ბრალდებულის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება დაცვის მხარის მიერ შეუძლებელი გახდა. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამ საკანონმდებლო ცვლილებისა, მათ ასლან აბაშიძისთვის გამოტანილი განაჩენი მაინც გაასაჩივრეს და ევროპული კონვენციები მოიშველიეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაცვას ადგილობრივ კანონმდებლობაზე მიუთითა და საჩივარი არ განიხილა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, პარლამენტმა კანონი კვლავ შეცვალა და დაცვის მხარეს ბრალდებულის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალება კვლავ მიეცა. ამ ცვლილების შემდეგ, ასლან აბაშიძის დაცვამ სააპელაციო სასამარლოს ხელმეორედ მიმართა, რომელმაც საქმე განიხილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა. როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით პოზიცია მან ასლან აბაშიძესთან უნდა შეათანხმოს. თუმცა, ასლან აბაშიძის დაცვის მხარეს საქართველოში გამოტანილი განაჩენის სტრასბურგში გასაჩივრების საშუალებას კანონმდებლობა უკვე აძლევს. იმ შემთხვევაში კი, თუ აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წავა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წელსვე მიღებული გადაწყვეტილებით, განაჩენის გამოტანამდე მხარეების პოზიციებზე ინფორმაციების გავრცელება, შეუძლებელი იქნება.