რატომ აღარ ნიშნავს რუსეთთან დიალოგი „ღალატს?“

რატომ აღარ ნიშნავს რუსეთთან დიალოგი „ღალატს?“

ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ თბილისი მოსკოვთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის მზად არის. ბოლო ინიციატივით შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, საქართველო დაელაპარაკება მას, ვისაც რუსი ხალხი აირჩევს.  

 

ნინო ბურჯანაძის აზრით, მოსკოვი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ დაელაპარაკება. მას აინტერესებს, „ექვსი თვის წინ თუ რუსეთთან დალოგი მოღალატეობას ნიშნავდა, დღეს რა შეიცვალა?“ კახა შარტავა კი ხელისუფლების მზაობას, დაიწყოს მოსკოვთან დიალოგი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  რუსეთის გაწევრიანების საკითხს უკავშირებს.

 

„მეზობლებს არ ირჩევენ და ჩვენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლება არ გვაქვს. ალბათ კოკოითი მისცემს რომელიმეს (მედვედევი – პუტინი) ხმას, თუმცა არ ვიცი რომელს. ალბათ უფრო პუტინს ხომ? თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ამ დროს იგი. ციხეში თუ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე - აღნიშნა  ვანო მერაბიშვილმა „ეხო მოსკოვის“ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკისათვის მიცემულ ინტერვიუში.

 

„იცით, საგარეო პოლიტიკა ისეთი რამ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვიწევს იმ არჩევანის გაკეთება თუ ვის უნდა ვესაუბროთ. ამ არჩევანის გაკეთება რუს ხალხს მოუწევს და მე მიჭირს იმის თქმა, რას გადაწყვეტს ის. სამწუხაროდ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ თავად რუსი ხალხიც კი არ იღებს მონაწილეობას არჩევანის გაკეთებაში. ალბათ არჩევანს ის ორი გმირი გააკეთებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ კი ვალდებულნი ვიქნებით მას ველაპარაკოთ ვინც იქნება. საქართველოს არ შეუძლია თქვას, რომ ამა თუ იმ ადამიანს არ დაელაპარაკება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვინაიდან ეს ჩვენი პირადი არჩევანი არ არის - ეს სახელმწიფოებრივი არჩევანია, სახელმწიფო პოლიტიკაა და არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება განაცხადოს, რომ ვიღაცასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, – აცხადებს ვანო მერაბიშვილი

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, „მოსკოვი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ დაელაპარაკება“. ამის შესახებ ბურჯანაძემ ხელისუფლების, მათ შორის მინისტრ მერაბიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „თბილისი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის“.

 

„ძალიან მაინტერესებს, ექვსი თვის წინ თუ რუსეთთან დალოგი მოღალატეობას ნიშნავდა, დღეს რა შეიცვალა? თუ, პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფისთვის ეს დასაშვებია და სხვებისთვის - არა?! რუსეთთან დიალოგი, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას არ დაელაპარაკებიან, ვინაიდან არ ენდობიან“, - განმარტა ბურჯანაძემ.

 

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა საქართველოს ხელისუფლების მზაობას, დაიწყოს მოსკოვთან დიალოგი, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს უკავშირებს.

 

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების საუბრები, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მორიგი პოლიტიკური თამაშია, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას უკავშირდება. ამასთან, აგვისტოს ომის შემდეგ, ეს ისე მოხდება, რომ საზღვრები გორსა და ზუგდიდში დაფიქსირდება და არა ფსოუზე ან როკის გვირაბთან. დარჩენილ საქართველოში კი გააკეთებენ იმ დერეფანს, რომელსაც ხელისუფლება სინგაპურს უწოდებს, თუმცა ქვეყნისთვის ეს კარგი არაფრის მომტანი იქნება“, - განაცხადა შარტავამ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვთან დიალოგის განახლებაზე მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა. ამასთან, ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ცალმხრივად დადო პირობა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით შეეცდება.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით კი, „საქართველოსთან დიალოგზე საუბარიც კი ზედმეტია“. აღნიშნული განცხადება ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

„დიალოგზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმის მაგივრად, რომ მაღალი ტრიბუნიდან ცინიკური განცხადებები ეკეთებინა, სააკაშვილს ჯერ კიდევ სამი წლის წინ ხელი უნდა მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე, რასაც ის რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს დაჰპირდა. ამ დოკუმენტს, განცხადებებისგან განსხვავებით, იურიდიული ძალა და მნიშვნელობა ექნებოდა“, - აღნიშნა ლავროვმა.