ქართული არქეტიპი - ზღაპრის მონატრება

ქართული არქეტიპი - ზღაპრის მონატრება

სულ ახლახანს ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ მესამე ძალის მოლოდინი ამაო ყოფილა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავაც ორი დომინანტი პარტია გამოიკვეთა -  „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“.

ეს მაშინ, როცა ცალკეულ ადამიანებს, ვისაც „ნაცმოძრაობის“ 9- წლიანი „ეპოპეა“ არ დავიწყებიათ, ჰქონდათ სურვილი, ზუსტად ამ არჩევნებს დაესრულებინა „ნაციონალური მოძრაობა“. უფრო მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ „სააკაშვილი და მისი მოღალატე ანტიეროვნული ბანდა პოლიტიკაში ვეღარ დარჩებოდა“.

სხვათა შორის, სოციალურ ქსელებშიც გაოცებას ვერ ფარავენ იმით, როგორ აიღეს ნაციონალებმა ამდენი ხმა- 27%? ნუთუ წარსული არაფერს ნიშნავს? რით აიხსნება, რომ ნაცები მაინც ინარჩუნებენ მეორე ძალის სტატუსს? იქნებ, ნაწილობრივ იმითაც, რომ არჩევნებზე მისულ ახალ თაობას არ ახსოვს ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობა?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არ მალავს, რომ პირადად მას, შესაძლოა, უფრო მეტი პროტესტი ჰქონდეს, რომ ნაცებმა 27% აიღეს, ვიდრე თავად ნაცებს.

„ჩემში ეს დიდ პროტესტს იწვევს, როგორ შეიძლება მოსახლეობის ამხელა ნაწილი უჭერდეს მხარს ნაციონალებს, მაგრამ ამ ობიექტურ რეალობას თვალს ვუსწორებ. ირაკლი ღარიბაშვილსაც უნდოდა ამ არჩევნებით ნაცების დასრულება, მეც იგივე მინდოდა, „არა ნაცებს“, ამ მოძრაობის წევრებსაც უნდოდათ ნაცების დასრულება. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელსაც რეალობის მიღება არ სურს, ჩვენში არიან ელიოზები, შერეკილები, მათ კვლავაც სჯერათ სააკაშვილის, რომ მას მართლაც აქვს ნატვრისთვალი. არც იმას გამოვრიცხავ, ახალ თაობას არ ახსოვდეს ნაცების ქმედებები, მაგრამ მთავარია ის, რომ სააკაშვილის მომხრეები ამ ადამიანში ხედავენ იმას, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია. სააკაშვილის საარჩევნო მიზანი იყო ზუსტად ეს - შეუძლებლის შესაძლებლობა. კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მსჯავრდებული პირია და ამ დროს ღიად აცხადებს, მე გავხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრიო. ზუსტად ეს არის შეუძლებლის ქცევა შესაძლებლად“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე განმარტებით, ბევრია ისეთი ხალხი, ვისაც ასეთი საქციელი მოსწონს, თანაც ეს ქართულ ხასიათშია, ზღაპრის მონატრება აქვს ქართველს.

„ამას წინათ თქვა ზაზა შათირიშვილმა, ეს არქეტიპულიაო. ეს არის ზღაპრის მონატრება, ამას ჩვენი ხასიათის კვლევა სჭირდება. ამას ემატება „ქართული ოცნების“ კატეგორიული მიუღებლობაც, რადგან „ქართული ოცნება“ რეალობიდან ამოდის. რეალობა ვისთვისაც მიუღებელია, ის გამოსავალს ხედავს მუცლით მეზღაპრეობაში, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომელიც თავიდან ბოლომდე მეზღაპრეა, რეალობის ნაცვლად ზღაპარს გვთავაზობს. მისი სახელმწიფოც სანახაობა იყო, აგვისტოს ომი და უბედურება“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ძალიან რთული საკითხია, ნაციონალები როგორ ინარჩუნებენ თავიანთ პოლიტიკურ ადგილს ქართულ სინამდვილეში. ეს იმითაც აიხსნება, რომ დასავლეთის მოთხოვნა - რეკომენდაცია - ზეწოლა იყო, „ნაცმოძრაობა“ შენარჩუნებულიყო პოლიტიკურ რუკაზე, „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს საშუალება, „ნაცმოძრაობა“ გაედევნათ პოლიტიკური ველიდან, ამის მერე კი „ქართულმა ოცნებამაც“, ეტყობა, ჩათვალა, რომ დისკრედიტებული პოლიტიკური ძალის ყოლა სპარინგ- პარტნიორად არჩევნებზე მისთვის მომგებიანი იყო.

„მართლაც, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ იოლად ამარცხებდა „ნაცმოძრაობას“ ყველა არჩევნებზე და, პრინციპში, ახლაც ასე მოხდა, „ნაცმოძრაობამ“ კი აიღო 27%, მაგრამ ეს არ არის მისი გამარჯვება, ის, როგორც ადრე იყო, დარჩა რიგით მეორე ოპოზიციურ ძალად, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ განვითარდნენ მთელი ამ წლების მანძილზე, ვერ აჩვენეს საკუთარი თავი მესამე ალტერნატიულ ძალად. სიმართლე გითხრათ, მიკვირს „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგი ამ არჩევნებზე, ვფიქრობ, მათ გაცილებით მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, მაგრამ არ ვარ ჩახედული იმ დეტალებში, როგორ მოხდა ხმების დათვლა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას.

 

 

არაგველი641 განგაში:
ბმული
3 წლის უკან