ვანო ჩხარტიშვილი: “ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ტირანიის ბნელი ღამე საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა!“

ვანო ჩხარტიშვილი: “ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ტირანიის ბნელი ღამე საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა!“

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ლონდონში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს, „ასავალ-დასავალს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს  აძლევს.

ბატონო ვანო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაქთ, საზოგადოებაში თქვენს მიმართ არაერთი შეკითხვა და ბრალდება არსებობს. მზად ხართ, ამ შეკითხვებს პასუხი გასცეთ?

-  ეს არის ჩემი პირველი ინტერვიუ საქართველოდან წამოსვლის შემდეგ და მოხარული ვარ, რომ იგი თქვენს ავტორიტეტულ გამოცემაში შედგა . პირველ რიგში, ქართველ ხალხს მინდა მივულოცო ახალი 2013 წელი და ის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გასული წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავი მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ყოველი ჩვენგანის სულიერ მამას. სწორედ მისმა თანადგომამ და სითბომ გადაგვატანინა მე, ჩემს ოჯახს და დღეისთვის უცხოეთში სხვადასხვა მიზეზებით გახიზნულ ათიათასობით ქართველს დევნილობის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი და სირთულეები.

რაც შემეხება მე, ამჟამად ლონდონში ვცხოვრობ და პოიტიკური დევნილის სტატუსი მაქვს. პარტნიორებთან ერთად ბრიტანეთში დავაფუძნე მსხვილი ნავთობკომპანია, რომელიც მსოფლიოს არერთ ქვეყანაში საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ყველა ქართველი ემიგრანტის მსგავსად, ჩემთვისაც ყოველი დღე საქართველოზე ფიქრით იწყება და მთავრდება.

რაც შეეხება შეკითხვას, მართალია, საქართველოში სამი წელია არ ვყოფილვარ. ნებსით თუ უნებლიეთ, მე აქტიური მონაწილე აღმოვჩნდი ყველა იმ მოვლენის, რაც საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩემი მისამართით შეკითხვები არსებობს. ამიტომაც მე მზად ვარ, სრული და ამომწურავი პასუხი გავცე მათ, შეეხება ისინი ჩემს ბიზნეს–საქმიანობას, მთავრობასა და პარლამენტში ყოფნას, კერძო დავებს, სააკაშვილის რეჟიმთან ურთიერთობასა თუ სხვა ნებისმიერ საკითხს.

რატომ წახვედით საქართველოდან, როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა დიდი ფული  მოგთხოვათ...

- სააკაშვილს ჩემთვის ფული არ მოუთხოვია. იგი ჩემგან ითხოვდა ღირსების დათმობას. ზეწოლა იყო იუსტიციის მაშინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მხრიდან, რათა არარსებული ფაქტი დამედასტურებინა და ხელი დამედო მათი ყოფილი თანაგუნდელის ზურაბ ნოღაიდელისთვის, რაზეც უარი ვთქვი. მე და ზურაბ ნოღაიდელი არ ვართ საქმიანი პარტნიორები, მაგრამ ვმეგობრობთ და  მისთვის  ცილის დაწამება იქნებოდა საკუთარი თავის და ღირსების წინაღმდეგ წასვლა. ასეთი გამოცდა სააკაშვილის რეჟიმს ბევრისთვის მოუწყვია და ვინც მას ვერ ჩააბარებდა, არ გამოავლენდა სრულ ლოიალობას, ანადგურებდნენ.

ზურაბ ადეიშვილმა ისიც მითხრა, რომ ეს არის სააკაშვილის დავალება, რომელიც, თუ გინდა თავი და ოჯახი გადაარჩინო, უნდა შეასრულოო. ჩვენი რამდენიმესაათიანი მძიმე საუბრის შემდეგ, მისი კაბინეტიდან გამოსულმა მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ქვეყნიდან, მით უმეტეს, მათ ჩემთან დაკავშირებით მათ ძველი ანგარიშებიც ჰქონდათ. ასე აღმოვჩნდი ლონდონში.

საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმს, ჩემი 8 წლის შვილიშვილი და ოჯახის წევრები 23 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი. როგორ გამოვიხსენი ჩემი ოჯახი, ეს ცალკე საუბრის თემაა და ახლა არ შევჩერდები.

ბრიტანეთის სასამართლომ, გაეცნო რა ჩემს საქმეს, მიიღო საქართველოსთვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

ძველი ანგარიშები ახსენეთ. არადა, სააკაშვილის გუნდთან კარგი დამოკიდებულება გქონდათ. როდის გაიყო თქვენი გზები?

- ჩვენი გზები ვერ გაიყოფოდა, რადგან ერთად არასოდეს ვყოფილვართ. 2003 წელს მხარს ვუჭერდი ცვლილებებს და იმედი მქონდა, რომ ქვეყანა დაიწყებდა ჭაობიდან ამოსვლას. ამ კონტექსტში, აქტიურად ვერ შევეწინააღმდეგე სააკაშვილის მიერ ჩემთვის ტელეკომპანია „მზის“ წართმევას. ბიზნესმენის ხელისუფლებასთან დამოკიდებულება ყოველთვის ლოიალურია, რადგანაც პასუხისმგებელი ხარ არა მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის, არამედ პარტნიორების, ასობით და ათასობით დსაქმებულის ბედზე. მეც გამონაკლისი არ ვყოფილვარ,  მაგრამ  2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ წილი ნაყარი იყო და  ვერ ვითანამშრომლებდი ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარ რეჟიმთან. 2008 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილისგან მივიღე შემოთავაზება, რომ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ჩამსვამდნენ. ცხადია, ეს ჩემდამი სიმპათიების გამო არ მომხდარა. უმძიმესი 2007 წლის ნოემბრის,2008 წლის იანვრის ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო გარდაცვალების ფონზე სააკაშვილის ხელისუფლება რეაბილიტაციას საჭიროებდა და საქმიანი სამყაროს წარმომადგენლების მოზიდვით მათთვის  პოზიტიური მესიჯების გაგზავნა სურდა. სააკაშვილს ვერ წარმოედგინა, რომ ჩემგან უარს მიიღებდა. საბაბად მე გამოვიყენე ის ფაქტი, რომ  ვიყავი საქართველოში აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის დამფუძნებელი და პარტნიორებთან პოლიტიკიდან წამოსვლაზე შეთანხმება მქონდა. რეაქციამაც არ დააყოვნა. ზეწოლა არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შოკიდან გამოსვლის შემდეგ კი ჩემთვისაც მოიცალეს. ან მათი მონა და დანაშაულების მონაწილე უნდა ვყოფილიყავი ან ტუსაღი. მე მესამე გზა ავირჩიე.

ცოტა უფრო ადრინდელი პერიოდიც გავიხსენოთ,  შევარდნაძის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თქვენი მოღვაწეობა წარმატებებით არ გამოირჩეოდა.

- მე ბიზნესიდან მივედი ხელისუფლებაში და როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, შეცდომა დავუშვი, რადგანაც ჩემს რეპუტაციას დღემდე მოჰყვება მაშინდელი პერიპეტიების ტვირთი. როცა მე ეკონომიკის მინისტრად დავინიშნე, შევარდნაძის გუნდში დიდი დაპირისპირება იყო. როცა ეკონომიკის მინისტრად დავინიშნე, შევარდნაძის გუნდში დიდი დაპირისპირება იყო. ახალგაზრდა მოქკავშირელები ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ,  საბოტაჟს მიმართავდნენ და ამისთვის აქტიურად იყენებდნენ ძირითად ფისკალურ და ენერგეტიკულ სამინისტროებზე კონტროლს. არ იყო დენი, არ რიგდებოდა ხელფასები, პენსიები, არ ივსებოდა ბიუჯეტი და კლანები ხელს ითბობდნენ შიდა დაპირისპირებისა და კორუფციის ფონზე. ყველაფერს, ცხადია, ახალ მოქკავშირელებს ვერ დავაბრალებ, მაგრამ სახეზე იყო შევარდნაძის მოკავშირე და მასთან ფარულად მებრძოლი ჟვანია-სააკაშვილის გუნდის აბსოლუტურად შეგნებული მოქმედებების გეგმა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის პოლიტიკური და ქვეყნის ეკონომიკური გაკოტრება.. არაერთხელ მივმართე პრეზიდენტს მოთხოვნით, მკაცრი ზომები მიეღო , მაგრამ მან დროებითი პოლიტიკური სტაბილურობა არჩია ეკონომიკურს. ამ სიტუაციაში თანამდებობიდან წასვლა და ბიზნესში დაბრუნება ვარჩიე.

არ შემიძლია არ შევეხო  საბჭოთა ანაბრების თემას, რომლის მითვისებაში თქვენც გადანაშაულებენ.

- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა შევარდნაძის მთავრობაში ყოფნა იყო, რადგანაც ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი სახელისუფლებო ჯგუფებს შორის მძაფრი დაპირისპირებების ეპიცენტრში და გავხდი ძალაუფლებისთვის მებრძოლი ჟვანია–სააკაშვილის გუნდის სამიზნე. ანაბრების თემის ჩემს სახელთან დაკავშირებაც ამ გუნდის მიერ იქნა ინიცირებული. საზოგადოებისთვის თავსმოხვეული მათ კონტროლქვეშ არსებული მედიის მეშვეობით. შემდეგში ამ კამპანიის ავტორები ჩემთან თავს იმით იმართლებდნენ, რომ ანაბრების თემა მათ შევარდნაძესთან პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში სჭირდებოდათ და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას არ ისახავდნენ მიზნად. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მათი მითი სტერეოტიპად დამკვიდრდა.

ანაბრების გაუფასურება, რომელიც დიდ ისტორიულ ქარტეხილებს მოჰყვა, დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის. ვერაფერი შეღავათია ის, რომ ასე მოხდა დსთ–ს ყველა ქვეყანაში, რადგანაც ადამიანებს წლობით დანაზოგი  დაეკარგათ. საქართველოში ამას დაემატა სამოქალაქო ომი, დაპირისპირება რუსეთთან და  ხელისუფლების გაუაზრებელი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანაში არნახული ჰიპერინფლაცია და ფულის გაუფასურება გამოიწვია. ეს მოხდა 1992–1993 წლებში და უნდა მოგახსენოთ, რომ ამ პერიოდში მე, არანაირი შეხება არ მქონია არც ხელისუფლებასთან, არც მის ფულად–საკრედიტო პოლიტიკასთან და არც შემნახველ ბანკთან. სახელმწიფო საბანკო კომერციულ სისტემაში მე აქტიურად ჩავერთე 1994 წლიდან, ბრიტანეთში სწავლის შემდეგ და ცხადია, დროის მანქანა არ მქონდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი და რამენაირად მემოქმედა ჰიპერინფლაციასა და ანაბრების გაუფასურებაზე.

ეს ყველაფერი ახალგაზრდა მოქკავშირელებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ განტევების ვაცი სჭირდებოდათ, რადგან თვითონაც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჰიპერინფლაციურ პროცესებში. ამის სამაგალითოდ მაშინ გახმაურებული 102 მილიარდის აფერის გახსენებაც კმარა. ასე იშვა მითი – თქვენ გაღარიბდით და ამის ხარჯზე გამდიდრდა ვანო ჩხარტიშვილიო. ეს ის ხალხია, ვინც კარგად იცოდა ამ საქმეში ჩემი უდანაშაულობა. ეს ის ხალხი იყო, ვინც ხმა მისცა 1998 წლის 5 დეკემბერს კანონს საბჭოთა ანაბრების შიდა ვალში აღების შესახებ და მოიწონა მთავრობის დადგენილებები კომპენსაციის მექანიზმების თაობაზე.

2004 წელს მე კატეგორიულად მოვთხოვე სააკაშვილს პარლამენტს შეექმნა საგამოძიებო კომისია და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ამ თემასთან მიმართებაში ჩემი სახელის ხსენებისთვის. შემოდგომის სესიაზე მართლაც შეიქმნა მომხსენებელთა ჯგუფი პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ეს საკითხი და დაადგინა, რომ 1992–1993 წლებში მომხდარი ანაბრების გაუფასურების პროცესთან მე არანაირი შეხება არ მქონია და იგი ობიექტურთან ერთად იმავდროულად მთავრობის დანაშაულებრივი  ფულად-საკრედიტო 

პოლიტიკის შედეგი იყო. უფრო მეტიც, ჯგუფმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ყოფილი სახელმწიფო ბანკების პრივატიზება და გქბ–ს ჩამოყალიბება იმ დროს მოქმედი კანონების სრული დაცვით მოხდა. ასეთია სააკაშვილის პარლამენტის დასკვნა, რომელიც ჩემს მიმართ ვერანაირად ვერ იქნებოდა ლოიალური.

თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლება თქვენს სახელს ყოველთვის ანაბრების მიმთვისებლად მოიხსენიებდა .

- სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ არ მუშაობდა ასეთი მეთოდებით.  ადამიანების ,,დაჩმორება“(მერაბიშვილის ტერმინია), რეპუტაციის  შელახვა მათი ძალადობრივი სისტემის ქვაკუთხედი იყო. ხალხს არ უნდა ჰყოლოდა ავტორიტული მეცნიერი,მწერალი, მასწავლებელი, სასულიერო პირი.  ზნეობა  უნდა გამქრალიყო საზოგადოებიდან, რათა არ მომხდარიყო ჯანსაღი ძალების გაერთიანება, არ შეგვძლებოდა ერთად დგომა და პროტესტის  გამოხატვა, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. არცერთი სფეროს წარმომადგენელი არ  დატოვეს,  ვისაც არ შეულახეს სახელი  და არ „ჩარეცხეს“. განსაკუთრებით საქმიანი სამყარო ყავდათ მიზანში  და მე გამონაკლისი ვერ ვიქნებოდი. ავიღოთ თუნდაც იგივე ზურაბ ნოღაიდელის თემა. ჩემი ყალბი ჩვენება რაში ჭირდებოდათ, თუ მისი დაჭერა უნდოდათ? რა თქმა უნდა, არაფერში. ისევე როგორც  ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დანტეს უნდა დაეტოვებინა შიში და ყოყმანი, ნაციონალებთან გასათქვეფად უნდა დაგეტოვებინა რეპუტაცია, ღირსება და მორალი. მათი მიზანი იყო სულიერად გავეტეხე და მათი დანაშაულების თანამონაწილე  გავმხდარიყავი. 

ქართულ ბიზნესთან ომი სააკაშვილის გუნდმა დიდი ხნის წინ წამოიწყო და ეს მათი სტრატეგიის ნაწილი იყო.   ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც მათ ქართული ბიზნესის დისკრედიტაცია დაიწყეს, იყო ანაბრების საკითხი და მასთან ე. წ. ახალი გურულების ყბადაღებული თემის მიკერება. გათვლა მარტივი იყო, ნახეთ  რა სახე აქვს ქართულ ბიზნესს, ესენი ხომ ყაჩაღები და ბანდიტები, თქვენი ანაბრების ხარჯზე გამდიდრებულები და მძარცველები არიან. ამ კონტექსტში მოხდა  ქართული ბიზნესმენის სახის ჩამოყალიბება, რათა ჩვენ არ ჩაგვედო ფული ქართულ საქმეში, ქართულ პოლიტიკაში და პარტიებში. ქართული ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას შეეწირა ბადრი პატარკაციშვილი, განიდევნა საქართველოდან ასობით მეწარმე ან ქართულ ციხეში მიეჩინა ადგილი. ჩვენი რეპუტაციის შელახვა მათ ჭირდებოდათ ქართველი ხალხის, საზოგადოების და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ჩვენგან გაუცხოებისთვის, რათა პოლიტიკურ პროცესში არ გამოჩენილიყო თავისუფალი კაპიტალი, თავისუფალი ქართული ფული. ამიტომაც ღაფავდა სულს უსახსრობისგან  პოლიტიკური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე და სწორედ უსახსრობის გამო ვერ შეძლო მან შედეგის მიღწევა 2007 და 2009 წლების მოვლენების დროს. ასე რომ, სააკაშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა და გათვალა, გარდა ერთისა, ისინი ბოლომდე არ იცნობდნენ საკუთარ ხალხს.

ღვთის წყალობით, ქართველმა ხალხმა ბანდიტური დიქტატურა დაამხო. ვფიქრობ, რომ  საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავისი სამშობლო დაიბრუნა.  ხალხმა იგრძნო ძალა და თავისუფლების ფასი. ეს ძალიან დიდი სტიმულია  წინსვლისთვის, რადგან სადაც ხალხი მონაწილეობს მართვაში იქ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და სადაც არის  საკონტრაქტო დისციპლინაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სასამართლო, ქვეყნის წინსვლა გარდაუვალია.  ახლა მთავარია, პოლიტიკა გახდეს მორალური. ამიტომაც, იგი მორალურმა ადამიანებმა უნდა აკეთონ. უზნეო ადამიანს საბოლოოდ არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში წარმატება არ უწერია

შეიტანეთ თქვენი ფინანსური წვლილი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში?

- კონკრეტიკა საჭირო არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სუფთა ვარ საკუთარი სინდისის წინაშე, რადგანაც ყველაფერი გავაკეთე, რათა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ რეჟიმის დასრულების საქმეში.

 ამასთან, ყველამ მინდა იცოდეს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ტირანიის ბნელი ღამე საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. მან  შეძლო მოეხდინა ქართველი ხალხის ენერგიის გაერთიანება და  გამარჯვებას მიაღწია სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. მან ყველა ჩვენთაგანს დაგვიბრუნა სამშობლო და თითოეულის ვალია, გვერდში დავუდგეთ მას ახალი, სამართლიანი ქვეყნის მშენებლობაში.

აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და როგორია თქვენი გეგმები?

– ვაპირებ ვიცხოვრო საქართველოში და მოკრძალებული  წვლილი შევიტანო ქვეყნის განახლების საქმეში.