ნანა დევდარიანი "ქსელის ვირთხების" დასჯას მოითხოვს.
"ქსელის ვირთხები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გასანადგურებლად, თავად ქვეყნის მტრები სხვებს აცხადებენ მოღალატეებად. მათ მეც ამომიღეს მიზანში..." - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი. ქალბატონ ნანას მას შემდეგ დავუკავშირდით, როდესაც გამოქვეყნდა მისი ღია წერილი "ქსელის ვირთხების" შესახებ. ვინ არიან "ქსელის ვირთხები", რას ერჩიან ისინი ყოფილ სახალხო დამცველს და რას აკეთებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ? ამის გასარკვევად თავად ნანა დევდარიანს დავუკავშირდით.
- ქალბატონო ნანა, მაინც ვინ არიან "ქსელის ვირთხები"?
- ის ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დავალებით სოციალურ ქსელებში დაძვრებიან და ადამინებს ცილს სწამებენ. ბოლო დროს მათ შექმნეს გვერდი სათაურით, ”სახელმწიფოს მტრები”. უამრავი ადამიანია მტრად შერაცხული, თითქმის ყველა, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მომხრე არ იყო, მათ შორის რობერტ სტურუა, ნინელი ჭანკვეტაძე, მეც მხვდა პატივი, მათ რიგებში აღმოვჩენილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე საერთოდ არ ვარ დარეგისტრირებული, ამბობენ, რომ მე ამ საიტზე "წეროვანის მერის" სტატუსით ანტისახელწიფოებრივ განცხადებებს ვაკეთებ. რაც შეეხება "ქსელის ვირთხების" ვინაობას - ყველასთვის ცნობილია, რომ მთავარი ვირთხა ფორუმის ერთ-ერთი აქტიური წევრი გიგა ნასარიძე გახლავთ. ისიც ბევრმა იცის, რომ ნასარიძეს გიგი უგულავამ 2500 ლარიანი ხელფასი დაუნიშნა. "ნაციონალებს" თავიანთი აგიტატორები გამგეობებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში ჰყავთ გაფორმებულები და ხელფასს უხდიან. "ქსელის ვირთხების" ამოცნობა ისე ადვილია, რომ ამას გამოძიების ჩატარებაც კი არ სჭირდება.
- ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები უნდა გასამართლდნენ?
- ადამიანს ზნეობას და ზრდილობას კანონით, გასამართლების შიშით ვერ ასწავლი. ამაზე ოჯახს უნდა ეზრუნა. თუმცა, ცილისწამება და მცდარი ინფორმაციების შეგნებულად გავრცელება რაღაც ფორმით უნდა ისჯებოდეს. "ქსელის ვირთხები" გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს რომ არ სცილდებოდნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ადამიანის ქვეყნის მტრად შერაცხვა, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ჩემი აზრით, მართლა დანაშაულია. მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ყბადაღებული კოჰაბიტაციის ბრალია.
- კოჰაბიტაცია რა შუაშია?
- ჩვენი ევროპელი მეგობრები სააკაშვილის რეჟიმთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოგვიწოდებენ. ძალიან მაინტერესებს, ადამიანს ოჯახში მოძალადე რომ შეუვარდება, ის კი კივილს დაიწყებს, ნორმალური იქნება, კარზე მეზობელმა მიუკაკუნოს და უთხრას, - მოიცა ერთი, თუ ძმა ხარ, რამენაირად მოახერხე მაგ ავაზაკთან კოჰაბიტაციაო? სააკაშვილის გუნდი 9 წლის განმავლობაში ძალადობდა მოსახლეობაზე. ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უარი უთხრა მარგინალურ ჯგუფს, რომელიც უმრავლესობის ინტერესებს არანაირად არ გამოხატავდა. ევროპელები კი გვაძალებენ, გინდათ თუ არა, მათთან ერთად მშვიდობიანად იცხოვრეთ და ქვეყნის განადგურების საშუალება მიეცითო. სასაცილოდ არ მყოფნის "ნაციონალების" გამოხტომები, როდესაც ამბობენ, რომ თურმე ადგილობრივ თვითმმართველობას ხელს უშლიან მუშაობაში. კი მაგრამ, ადამიანებმა დაინახეს, რომ ამ სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება შესაძლებელი ყოფილა და როგორ გგონიათ, უნდათ ახლა ამ რეჟიმის ნარჩენებთან შეგუება?
- მას შემდეგ, რაც სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, თქვენ პოლიტიკიდან წახვედით. რა იყო ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი გახლდათ დიდი იმედგაცრუება, იმ ღირებულებებისადმი, რასაც ახლა ლიბერალურ დემოკრატიას უწოდებენ. ასევე ძალიან გამიცრუვდა იმედი ჩვენი დასავლელი მეგობრების მიმართ.
- დასავლელ მეგობრებს რას ერჩით?
- სწორედ მათ შეუწყვეს ხელი სააკაშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას. როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობაში სააკაშვილის მოსვლა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა. მათ არ აწყობდათ 6-სუბიექტიანი პარლამენტი, რომელშიც მოსახლეობის ყველა სეგმენტი იქნებოდა წარმოდგენილი.
- რატომ არ აწყობდათ?
- იმიტომ, რომ მაშინ იძულებული იქნებოდნენ, ყველასთან ეთანამშრომლათ. სააკაშვილს კი ხელისუფლების გაყოფა რომ არავისთან უნდოდა, ამაში ახლა ხომ მაინც დარწმუნდით? მე არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი, პოლიტიკაში დავრჩენილიყავი და შემდეგ სხვისი შეცდომების გამო მემართლებინა თავი. თანაც, მე პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვედი და მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ხანგრძლივ შემოქმედებით მივლინებაში ვიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, პოლიტიკაში ყოფნა არც მაშინ მინდოდა და არც ახლა მინდა. ჩემთვის პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება და დასკვნების გამოტანა უფრო საინტერესოა.
- ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩნდებით?
- არ ვიცი, მე არც 1992 წელს მიფიქრია პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმაზე, მაგრამ ასე მოხდა. Aახლაც, თუ სადმე საჭირო გავხდები, უარს არ ვიტყვი, თუმცა ეს ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის.
- რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ "ნაციონალები" თქვენით და რატომ უნდა დაევალებინათ, როგორც თქვენ უწოდებთ, "ქსელის ვირთხებს" თქვენი დისკრედიტაცია?
- ალბათ იმიტომ, რომ ჩემს პოზიციას, გაზეთის საშუალებით ყოველთვის ღიად გამოვხატავდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ "ნაციონალები" რუსეთისგან მტრის ხატს ხელოვნურად ქმნიდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერს მის სასარგებლოდ აკეთებდნენ. რა გამოდის? რუსებისთვის მე და თქვენ უნდა გამოგვეცხადებინა ომი და ეგენი კოჰაბიტაციაში ყოფილიყვნენ? არ გეჩვენებათ, რომ ეს სიმახინჯეა?
- ანუ ფიქრობთ, რომ რუსეთისგან ხელოვნურად იქმნებოდა მტრის ხატი და ის ჩვენი მეგობარი იყო?
- ჩვენ დღეს ძალიან ბევრ ისეთ სახელმწიფოსთან ვმეგობრობთ, რომელთანაც ისტორიულად მტრობა გვაკავშირებდა. სააკაშვილი რომ ამბობს თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო, სიმართლე ხომ არ არის? უბრალოდ, მის პოლიტიკას ასე დასჭირდა და თქვა. მე და თქვენ თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ რუსეთზეც და სხვა სახელმწიფოებზეც, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენეს, მაგრამ ქვეყნის პირველ პირს ამის უფლება ნამდვილად არ აქვს. სააკაშვილმა თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით საქართველოს თავის უდიდეს მეზობელთან ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივა მოუსპო. გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამ ტერიტორიიდან ვერ ამოვეწერებით და სხვაგან ვერ გადავსახლდებით. სააკაშვილი რომ უპასუხისმგებლოა და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს, ამაზე ბოლო დროს მის მიერ განხორციელებული ანტისახელწიფოებრივი ქმედებებიც მეტყველებს. ამ კაცმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოსული თანამშრომელი ღირსების ორდენით მხოლოდ იმიტომ დააჯილდოვა, რომ ის ამ უწყებიდან წამოვიდა. გუბერნატორად დანიშნა კაცი, რომლის მიმართაც გამოძიება დასრულებული არ არის. ძალიანაც რომ მოინდომოთ, მაინც ვერ მოახერხებთ მის საქციელს სამრთლებრივი საფუძველი მოუძებნოთ. აი, ამას ვფიქრობ სააკაშვილზე და სწორედ ამ პოზიციების გამო მომაკერეს სახელმწიფო მტრის სტატუსი. თუმცა ვაღიარებ, რომ მე ნამდვილად ვარ იმ სახელმწიფოს მტერი, რომელსაც სააკაშვილი აშენებს და რომელიც ძალადობასა და ადამიანების ფეხქვეშ გათელვაზეა ორიენტირებული. ასეთი სახელმწიფო არც კომუნისტების დროს მინდოდა და არც ახლა მინდა.