"ჯაშუშთა საქმეების" კვალდაკვალ - ოპერაცია "ენვერი"

"2010 წლის 29 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული 13 პირიდან ცხრა საქართველოს, ხოლო ოთხი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. გასამართლებული: ბაკურ კიღურაძე (გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი), რუსლან გალოგრე (ბიზნესმენი), არმენ გევორქიანი (კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი), ასევე მისი მოადგილე რუბენ შიკოიანი და ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე ვითომდა გრუ-ს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებს საიდუმლო შესყიდვებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები: ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე ვითომდა გრუ-ს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგს, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას, სამობილიზაციო რესურსებს და ა.შ. ედუარდ აბდულაევი (რადიოსპეციალისტად მოხსენიებული) გრუ-ს აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირის საშუალებებსა და რადიოსახმისებზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე იური სკრილნიკოვი კი გრუ-ს მეკავშირედ დასახელდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (18-31 იანვარი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "ჯაშუშთა საქმეების" კვალდაკვალ - ოპერაცია "ენვერი".

"ბრალდებულებიდან უსტალიშვილმა და დერვიშიძემ ჯაშუშობა აღიარეს, რის შემდეგაც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ისინი მალევე გაათავისუფლეს. დანარჩენებმა ჯაშუშობა არ აღიარეს და მათ სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული თითქმის მაქსიმალური სასჯელი 11-14 წელი შეეფარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ ამ სხვადასხვა პროფესიის, ეროვნებისა და მატერიალური მდგომარეობის მქონე პირთა "ჯაშუშობის" მოტივაცია ვერ დაამტკიცა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი "ჯაშუშის" გაბრიელ უსტალიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ დადასტურდა ეჭვი, რომ შსს-ს მიერ "რუსეთის მზვერავებად" შერაცხილი პირებისთვის ბრალის დამტკიცება არადამაჯერებელი იყო და მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებულ თვითაღიარებას ემყარებოდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ენვერი" რომ საექსპორტო პიარაქციად იყო ჩაფიქრებული, თავიდანვე გახდა ცნობილი. 2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერმა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მთელ მსოფლიოში გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს შსს-ს მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავებაზე. დაკავებულებს ჯაშუშური ქსელის შექმნა და რუსეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ჰბრალდებოდათ. შემდეგ კი უკვე ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მაშინ ითქვა, რომ ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში შესრულებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა პირად მონაცემებზე და ა.შ. შსს-ს ინფორმაციით, მათ გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით პირი. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს "სენსაციური სპეცოპერაცია" უპირველესად უცხოურ მასმედიაზე იყო გათვლილი, ამიტომაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შსს-მ "როიტერს" და არა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას". თუმცა "ენვერის" ჯერჯერობით უცნობმა "მთავარმა რეჟისორმა" "რუსთავი-2"-ს თავისი ფუნქცია მიუჩინა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტებმა და კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ერთობლივად ნაცოდვილარი ფილმი "ენვერი" - საქართველოს სპეცსამსახურებზე ნამდვილი პაროდია მოამზადეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ ფილმის "დოკუმენტური" კადრებისთვის უკვე კარგა ხნით ადრე დაკავებულ "ჯაშუშებს" ქუჩაში ხელმეორედ აკავებდნენ და რაც მეტად საინტერესოა, ჟურნალისტი უშუალოდ მონაწილეობდა(?!) ამ პროცესში. სასაცილო იყო ისიც, რომ ფილმში "ჯაშუშების" დასაკავებლად ოპერატიულ ავტომანქანებს კი არ იყენებდნენ, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სამსახურებრივ უკანასკნელი მოდელის "ტოიოტას" ლიმუზინს, რომლის სახელმწიფო ნომერიც კადრებში კარგად ჩანდა. ასე ასეირნებდნენ "რუსეთის ჯაშუშებს" წინ და უკან და ფილმში კიდევ ერთხელ გახმოვანდა "ნაციონალური" რეჟიმის საკრალური ოცნება მათი მმართველობის განსაკუთრებულობის შესახებ, როცა მსოფლიოს სპეცოპერაცია "ენვერით" საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება ამცნეს. ვერაფერს იტყვი, მართლაც "მოკრძალებული" განცხადებაა", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"საინტერესოა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია "ნიბა ინვესტის" ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯერ კიდევ 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს, "ენვერის" გახმაურებამდე სამი თვით ადრე. ჯაშუშობის ბრალდებით კიღურაძის დაკავება ბევრს მაშინვე საეჭვოდ მოეჩვენა. დაკავებამდე ბაკურ კიღურაძის გვარ-სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა ქართულ მედიაში. თბილისში მეტრო "დელისთან" მშენებარე 40-სართულიან გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრ "ნიბა-დელისს", რომელსაც "ნიბა ინვესტი" აშენებდა, სწორედ კიღურაძეს უკავშირებდნენ. ცნობილია, რომ რუსლან გალოგრე ბათუმში მდებარე სასტუმრო "ო. გალოგრეს" ტექნიკური მენეჯერი იყო. მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა კონკრეტული ბრალდება არ იყო ცნობილი. რუსლან გალოგრე ბიზნესმენ ომარ გალოგრეს ძმაა. თავად ომარ გალოგრე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული, არმენ გევორქიანი გალოგრეების მეზობელი იყო. ის ადრე მოსკოვში ცხოვრობდა და მცირე ხნის წინ გადმოვიდა საქართველოში. ასე რომ, არმენ გევორქიანი აგვისტოს ომის დროს საერთოდ იმყოფებოდა თუ არა საქართველოში, ესეც გასარკვევია. ჩვენი აზრით, ბიზნესის წართმევისთვის ჯაშუშობის მუხლით გასამართლება სწორედ "მშვენიერი" გამოსავალია: საქმეს გაასაიდუმლოებ, კანონიერ მეპატრონეს მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებ, აბეზარი ჟურნალისტები კითხვებს ვერ დასვამენ, ადვოკატებსაც პირი ექნებათ "ამოკერილი" და სხვისი ბიზნესი შეგრჩა ხახვივით! აი, მათი ფილოსოფია!" - აღნიშნავს გამოცემა. 

"ენვერის" ავტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს პრეზიდენტის მადლობა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები დაიმსახურეს. ბევრმა ვადაზე ადრე მაღალი სამხედრო წოდებასაც გამოჰკრა ხელი. მაშინ ეს ოპერაცია ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა რუსეთის სპეცსამსახურების "მთავარი მონსტრის" - გრუ-ს დამარცხებად შეაფასეს. ისიც კი ითქვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა უკვე იმდენად დასუსტდა, რომ მუშაობა ქართული სპეცსამსახურებისგან უნდა ისწავლოსო. ფილმში გამჟღავნდა ქართველი კონტრმზვერავების წარმატების საიდუმლო. საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით ამ ოპერაციის ფარგლებში თურმე კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუ-ში ჩანერგა აგენტი "ენვერი" - საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობისთვის მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. მან ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი. ქართულ მასმედიაში დასახელდა იმ პირის გვარიც, ვინც სავარაუდოდ ფსევდონიმ "ენვერის" უკან იდგა. მართლაც როგორ დაძაბუნებულა ერთ დროს უძლეველი გრუ - ორმაგი აგენტი შევუგზავნეთ, ინფორმაცია გამოვიტანეთ, ოპერატიული კავშირები გავშიფრეთ, მათი ჯაშუშები გამოვავლინეთ და სამაგალითოდ დავსაჯეთ! ვინ იხეირა ამ ოპერაციით? კონკრეტულმა პირებმა: იმათ, ვინც ჯილდოები და წოდებები მიიღეს, იმათ, ვინც ბიზნესმენებს ბიზნესი წაართვეს და საბრძოლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები მრავალი წლით საპყრობილეში გამოკეტეს! მათი ინტერესების სრული თანხვედრა გვაფიქრებინებს, რომ ეს ოპერაცია თბილისში კი არ დაიგეგმა, არამედ უფრო ჩრდილოეთით, თოვლიან მოსკოვში. ამ "სპეცოპერაციის" შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "ენვერი" ჩვენი კონტრდაზვერვის შეგზავნილი აგენტი კი არა, არამედ ჩვენს სპეცსამსახურებში რუსეთის გრუ-ს ჩანერგილი ჯაშუში იყო", - ასკვნის სტატიის ავტორი. 

"ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტებისა და ფოტოგრაფების დაკავება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც თვალის ასახვევად "ბეღურებს ზარბაზნებს ესვრიან", ხოლო ამ დროს კი საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუფერხებლად მოქმედებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უპირველესად იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. უპირველესად ეს სწორედ სპეცსამსახურებს ეხება. ბოლო წლების მოვლენები ადასტურებს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების შეფებმა ან არ იცოდნენ მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი "ფაქტებისა" თუ "დოკუმენტების" შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრიოტი და პროფესიონალი კადრების განეიტრალების სპეცოპერაციების ამბავი, ან შეგნებულად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ეს ჩვენი მოსაზრებაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ენვერის" ფიგურანტები მართლაც ჯაშუშები არიან, ამ შემთხვევაში მათი დანაშაულის დამამტკიცებელი უფრო მყარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ", - დასძენს სტატიის ავტორი.