როგორ ახერხებს ქართული წარმოშობის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დღემდე უმწიკვლო რეპუტაციის შენარჩუნებას? - ამ კითხვით მას ხშირად მიმართავენს, რადგან დიდი ფული, მით უფრო რუსეთის ფედერაციაში ნაშოვნი, ხშირად ბევრ კითხვას ბადებს. ის კი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. ერთადერთხელ, ისიც მცირე სკანდალი მის გარშემო მაშინ აგორდა, როცა ცოლიანი კაცი და ხუთი შვილის მამა, კანში რუს ახალგაზრდა მსახიობთან, ნატალია სიმაკოვასთან ერთად ნახეს. ბევრიც არაფერი ყოფილა - ქარიშხალი ჭიქაში. პრესა წერდა, რომ ქართველი ნავთობმაგნატი და ახალგაზრდა მსახიობი გვრიტებივით ჭუკჭუკებდნენ.
ლამაზი ქალების გარდა 1,8 მილიარდიანი მეპატრონეს კიდევ ჩოგბურთი უყვარს და პრეფერანსი. მისი ჰობი მთაში თხილამურებით სრიალია და ძველებური ხანჯლების უნიკალური კოლექცია აქვს.
რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბურღი კომპანიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჯაფარიძე 1955 წელს დაღესტანში, ქალაქ მახაჩკალაში დაიბადა. მოსკოვში ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-გეოფიზიკოსის პროფესიას დაეუფლა. თუმცა ის, თუ როგორ აირჩია მახაჩკალელმა ბიჭმა სამომავლო პროფესია, ეს მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. სკოლის პერიოდში, ალექსანდრე ჯაფარიძე სერიოზულად იყო გატაცებული ფიზიკით და მათემატიკით. ხშირად იმარჯვებდა თურმე სასკოლო ოლიმპიადებში, ამიტომ, მოსკოვში რომ ჩავიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. სამწუხაროდ ან შეიძლება საბედნიეროდაც, ყმაწვიკაცმა ეს ოცნება ვერ აიხდინა, ვერ შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების წარჩინებით ჩაბარება. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, იმედგაცრუებული აბიტურიენტი, მოსკოვის ქუჩაში სერინობისას ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტს გადააწყდა. სასწავლებლის წინ, განცხადებების დაფაზე, ფაკულტეტების გამოცდების ცხრილი იყო გამოკრული. ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტაც უსაქმურობის გამო, ალექსანდრე ჯაფარიძემ გადაწყვიტა ცხრილი ჩაეკითხა. საკმაოდ ვრცელ დავთარში გეოფიზიკის ფაკულტეტი ამოიკითხა. თითქოს გონება გაუნათდაოა, ერთი საინტერესო და შეიძლება ითქვას, საბედისწერო შემთხვევა გაახსენდა. როცა მახაჩკალიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, ახლობლებთან ერთად, მის გასაცილებლად, მეგობარი გოგონაც მივიდა. ალექსანდრეს მაშინვე თვალში მოხვდა მის ძვირფასი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით და ცოტა ეჭვიანობით და ცოტაც ცნობისმოყვარეობით, ამ ძვირფასეულობის წარმომავლობა იკითხა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ძვირფასი საყურე მამის საჩუქარი იყო, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ალექსანდრეს მანამდე არასდროს უკითხავს, სად მუშაობდა მეგობარი გოგონას მამა, ახლა კი მამამისის პროფესიამ განსაკუთრებით დააინტერესა. აღმოჩნდა რომ, ის ვისაც შვილისთვის ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიძღვნა შეეძლო, ნავთობმომპოვებელი იყო. სწორედ ეს შემთხვევა გაახსენდა ჯაფარიძეს საგამოცდო ცხრილის კითვისას, შემდეგ გონებაში საყვარელი ფიზიკა და მათემატიკა ნავთობწარმოებასთან დააკავშირა, და გადაწყვიტა, რომ აირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, საყვარელ ადამიანს, სწორედ ასეთი ძვირფასი საჩუქრები გაუკეთოს. ფაქტია, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარა.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მიზანდასახული და ქართული მარიფათის მქონე ალექსანდრე ჯაფარიძე, გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. შემდეგ, ამ მიმართულებით, საბჭოთა-იაპონურ წარმოებას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით დროს აუწყო ფეხი და თავად შექმნა კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც დაინტერესებულ კომპანიაბს სრულ მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. არც ამაზე გაჩერებულა და მოგვიანებით თავად ჩამოაყალიბა საბურღი კომპანია და ახლა მხოლოდ მისი კომპანიის წილად რუსეთში ნავთობმოპოვების სამუშაოების თითქმის 20% მოდის, ხოლო მის დამკვეთებს შორის არიან ისეთი ცნობილი ნავთობკომპანიაები, როგორიცაა "ლუკოილი", "როსნეფტი", "გაზპრომნეფტი" და ა.შ.
რაც შეეხება რეპუტაციას, მაგნატ ჯაფარიძეს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ერთ საინტერესო შემთხვევას საქმიანი ბიოგრაფიიდან ხშირად იხსენებს. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა მისი კომპანია ნავთობისა და გაზის მომპოვებლებს, მხოლოდ ტექნოლოგიურ მომსახურებას უწევდა, პერსპექტიულ ბიზნესმენს ახალი მსხვილი პროექტი ჩაუვარდა ხელში, რომელიც თავის მხრივ არსებული ტექნოლოგიური საშუალებების გადაიარაღებას საჭიროებდა. ამას კი დიდი ფული სჭირდებოდა - 20 მილიონი დოლარი. რა თქმა უნდა იმ დროს წრილ ბიზნესმენ ჯაფარიძეს ამხელა ფული არ ჰქონდა, არც რომელიმე ბანკი მისცემდა ამხელა კრედიტს ბიზნესს, რომელსაც მხოლოდ მენავთობეების ვიწრო წრე იცნობდა. არადა ეს პროექტი წარმატების დიდი და რეალური შანსი იყო, რომლის ხელიდან გაშვება დიდი დანაშაული იქნებოდა. ჯაფარიძემ შეიძლება ითქვას ქართულ გამოსავალს მიაგნო და ფულის სასესხებლად მეგობარს, "ლუკოილის" ხელმძღვანელს, ვაგიტ ალეკპეროვს მიადგა. არც იმას დაუხევია უკან და ბანკ "იმპერიალის" პრეზიდენტისთვის დაურეკავს: მიეცი ფული და დააბრუნებსო. ბანკმა ისე მისცა ჯაფარიძეს 20 მილიონი დოლარი, რომ სანაცვლოდ არც გირაო მოუთხოვია და არც რამე გარანტია. "ამ ფულით ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ის პროექტი და ფულიც დავაბრუნეთ. მას შემდეგ რუსეთში ბევრი ბანკი შეიცვალა, მაგრამ ჩვენი რეპუტაცია იგივე დარჩა. ასეა, თავიდან შენ მუშაობ შენს ავტორიტეტზე, შემდეგ კი ავტორიტეტი მუშაობს შენზე". - ამბობს ალექსანდრე ჯაფარიძე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე ბევრი ადგილობრივი, უცხოური, მსხვილი თუ მცირე საბურღი კომპანია მუშაობს, ჯაფარიძეს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - საჭირო კონტაქტები, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაამყარა. უმსხვილესი ნავთობკომპანიის "ლუკოილის" დაკვეთების წილად, მისი კომპანიის სამუშაოების 2/3 მოდის. მისი კოლეგები და კონკურენტები ხშირად ხუმრობენ, რომ ალექსანდრე ჯაფარიძემ ყველაზე უკეთს იცის, როგორ უნდა გაბურღო მილიონი.
რაც შეეხება შვილებს, გიორგი, იული, ვანო, ნანა და ასია, რა თქმა უნდა მამის კომპანიის აქციონერები არიან. გეოლოგიისა და მინერალების მეცნირებათა კანდიდატი ჯერ ბიზნესიდან წასვლას არ აპირებს, ამიტომ საქმეში მის მემკვიდრეზე საუბარი ნაადრევია.