"თუ ხელისუფლებამ კეთილი ნება არ გამოიჩინა და დარჩა თავის პოზიციაზე, ეს საპროტესტო ტალღა გაგრძელდება მაქსიმუმ დეკემბრამდე და შემდეგ ქუჩები დაცარიელდება. ალბათ ასე იქნება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიოლოგი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძე.
ვახტანგ ძაბირაძე: ჯერჯერობით ორივე მხარე რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას თუ არ ჩავთვლით „გირჩიდან" ბატონი იაგო ხვიჩიას იდეას, რომ გარკვეული კომპრომისი მოიძებნოს ამ ვითარებიდან გამოსასვლელად. შესაბამისად ვითარება არის რთული. ამას ემატება ისიც, რომ კორონავირუსი ძლიერდება, რაც ისედაც რთულ ეკონომიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. სამწუხაროდ რაიმე საიმედოს თქმა დღევანდელი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე არ გვაქვს.
მე ის მაინტერესებს ოპოზიცია რას ელოდება ამ პროტესტისგან? თუ ხელისუფლება იგნორირებას გაუკეთებს ამ პროცესებს, იმის მიუხედავად თუ რამდენ ხანს იქნებიან ისინი ქუჩაში, როგორ აპირებენ აიძულონ ხელისუფლება ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? წავა ხელისუფლება დათმობაზე? არ წავა. არ დაგვავიწყდეს, ის ადამიანები რომლებიც დღეს ხელისულფებას აკრიტიკებენ, თავის დროზე თვითონაც იყვნენ ხელისუფლებაში, მათ შორის უდიდესი პროტესტი იყო 2009 წელს, ლამის 3-თვიანი. რუსთაველისა და თავისუფლების მოედანი კარვებით იყო გადატენილი. გაიხსენონ მაშინ თვითონაც არ წავიდნენ კომპრომისზე ზუსტად ის ადამინები, ვინც დღეს ოპოზიციის ლიდერები არიან. ახლა არის ასეთი კითხვა, ოპოზიცია შემსვლელია პარლამენტში? თუ არ არიან, მაშინ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი?
ხელისუფლებას აქვს ურთულესი ვითარება, მაგრამ მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, აქციის მონაწილეებს პირბადეების გაკეთება მოსთხოვონ, რადგან ქვეყანაში არ არის კარანტინი გამოცხადებული. სხვა სამართლებრივი საფუძველი მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას არ აქვს. მაგრამ ვფიქრობ სამართლებრივი საფუძველი ერთია, მეორეს მხრივ კი თუ პანდემია გაძლიერდა და ვირუსი გავრცელდა, ეს ყველაფერი მოსახლეობის თვალში დაბრალდება ოპოზიციას და არა ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მოსვლა კი არა უკვე პოლიტიკურადაც ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან. ამიტომ ოპოზიციამ თავად უნდა გაუწიოს ამ ფაქტორებს ანგარიში და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები.
„რ": შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის მხრიდან უფრო მასშტაბური აქციების ჩატარების მცდელობა?
ვ.ძ: თუ კი დაიწყება აშკარა მოწოდებები, რომ შეიჭრან პარლამენტში და ა.შ., ხელისუფლება იმოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით. არ ვიცი გაბედავენ თუ არა ამას, თუმცა მაგალითად ეს გაბედა 2018 წელს კირკიტაძემ და წავიდა ციხეში. მოწოდებების გამო იჯდა ციხეში ოქრუაშვილი. თუ კიდევ იქნება მოწოდებები, კანონის ძალით დაისჯებიან. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთი მთავრობა ამას მხარს არ დაუჭერს.
„რ": რა მოხდება თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა?
ვ.ძ: სამართლებრივად არაფერი, თუ „ქართულ ოცნებას" ეყოლება 76 მანდატი. მე როგორც ვუყურებ, მათ ეყოლებათ არა 76, არამედ დაახლოებით 90, რადგან როგორც ოპოზიცია ამბობს მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, კანონის თანახმად, გაიმარჯვებს ყველა ის კანდიდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას" ჰყავს წარმოდგენილი. როდესაც საბოლოო შეჯამება იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით პარლამენტს ექნება სრული უფლებამოსილება, რომ სხდომა გახსნას და დაკომპლექტოს მთავრობა. ეს იქნება ბოლო.
„რ": თქვენი შეფასებით, როგორ მიმდინარეობდა 31 ოქტომბრის არჩევნები?
ვ.ძ: არ ვიცი უშუალოდ უბნებზე რა ხდებოდა და არც მგონია, რომ ძალიან დიდ კატასტროფასთან გვქონდა საქმე. გარეთ რაც ხდებოდა ისეთი არაფერი არ იყო, რაც არ მომხდარა 1995 წლიდან მოყოლებული ნებისმიერ არჩევნებზე. ცუდია ის რაც გარეთ ხდება, თუმცა სულ ასე იყო. ყველა ხელისუფლების პირობებში მათ შორის იმათ დროსაც, ვინც დღეს ქუჩაში ამ პროცესებს აპროტესტებს.
2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სიები, გვარები სახელები ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული თავის კოორდინატორებით და ა.შ. იგივე გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". კი, ეს ცუდია, არ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ საქართველოში ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთმა ხელისუფალმა არ გადადგა ნაბიჯები ამ მხრივ. ყველა გვპირდება, თუმცა უშედეგოდ.
„რ": როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისგან შექმნილ ქაოსს, რა არის გამოსავალი?
ვ.ძ: ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. თუ ხელისუფლებამ კეთილი ნება არ გამოიჩინა და დარჩა თავის პოზიციაზე, ეს საპროტესტო ტალღა გაგრძელდება მაქსიმუმ დეკემბრამდე და შემდეგ ქუჩები დაცარიელდება. ალბათ ასე იქნება.