22 სექტემბერს გამთენიისას, თბილისში (საქართველო) აშშ–ს საელჩოდან დაახლოებით 100 მეტრში პატარა ბომბი აფეთქდა. ამან ხელი შეუწყო იქვე მეზობლად სასაფლაოზე მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას. მომდევნო კვირებში, მთელი რიგი საიდუმლო აფეთქებები განხორციელდა.
2 ოქტომბერს ბომბი ჯერ ხიდზე ქალაქის შემოგარენში აფეთქდა, შემდეგ კი 21 ოქტომბერს რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, რასაც შუაღამით ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. მთელი თვის განმავლობაში სიმშვიდე იყო, ვიდრე 28 ნოემბერს დღის 2 საათზე ყველაზე დიდი აფეთქება არ მოხდა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის შენობა და სუპერმარკეტის ვიტრინა ქალაქის შემოგრენში. პარტიის ოფისის აფეთქებას 58 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.
შემდეგ დაჭერები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტერორისტული თავდასხმები“ დაგმო და განაცხადა, რომ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დეკემბრის დასაწყისის აფეთქებებში. ამავდროულად შსს ამტკიცებს, რომ ამ ადამიანთა ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან იმართებოდა. სახელმწიფოსადმი ლოიალურმა მედიამ, აფეთქებები ნაყოფიერად გააშუქა და შემდეგ ბომბიც აჩვენა: მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა, სადაც ის აცხადებს, რომ „ამ მომენტისთვის არსებული მტკიცებულებები… ამ ექვს ეჭვმიტანილს და რუსეთის არმიის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს შორის მკაფიო კავშირზე მიუთითებს“, და ეჭვმიტანილი ტერორისტის გოგიტა არქანიას სავარაუდო ვიდეო–აღიარებაც გადმოსცა.
თითქოს ეს საკმარისი იყო, თუმცა რომ მორალური პანიკა იმის გამოცხადებამ გააღვივა, რომ ერთ–ერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილის სასტუმროს ნომერში რადიოაქტიური ნივთიერება (ცეზიუმ–137) აღმოჩნდა, რაც მთავრობის თქმით, შესაძლოა, ჭუჭყიანი ბომბის დამზადებისთვის იყო განსაზღვრული.
იმის მიუხედავად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ აფეთქებებზე, თითქმის არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ აფეთქებები სასარგებლო საბაბი აღმოჩნდა საბძოლო მზადყოფნაში მყოფი პრეზიდენტისთვის, რომელიც საკუთარი პოლიტიკისა და მედიის კონტროლის გამო, ოპოზიციის სულ უფრო მზარდი უკმაყოფილების ობიექტია.
ლებორისტულმა პარტიამ, რომლის შტაბ–ბინაც აფეთქებების სამიზნე გახდა, უმალ მთავრობა დაადანაშაულა. პარტიის მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა აფეთქებას „პოლიტიკური ტერორი“ უწოდა:
„ბოლო დროს ჩვენ განსაკუთრებით აქტიურები ვართ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს არ არის პარტია ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით, არამედ ის ბანდა და ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორც ჩანს, ეს ჩვენს განცხადებებზე პასუხი გახლდათ. საქართველოში პოლიტიკური პარტიის ოფისთან განხორციელებლი აფეთქებებიდან ეს პირველი არ არის. თუმცა მსგავსი ძალის აფეთქება აქამდე არასდროს მომხდარა. დაიღუპა ქალი, დაიჭრა ჩვენი პარტიის დაცვის თანამშრომელი. ის იმ რკინის გისოსებმა გადაარჩინა, რომელიც მისი ოთახის ფანჯრებს იცავდა. ამ რაიონის ბევრი მცხოვრები დაშავდა, მათგან ზოგიერთები ჰოსპიტალში გადაიყვანეს“.
აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და იძულებული გახდა შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. რა თქმა უნდა, როგორც ეს ქართული პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი, ნათელაშვილს თავადაც საკმაოდ უყვარს პოლიტიკური ოპონენტების „კაგებეს“ აგენტობაში დადანაშაულება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ–ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი და ნატოს წევრობის აქტიური მოწინააღმდეგეა.
ანალიტიკოსები ბევრს კამათობენ იმაზე, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ამ ძალადობრივი აქტებით გამოწვეული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და აფეთქებების მოტივაციასთან და მთავრობის ვერსიასთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი არსებობს. მაგალითად, რისთვის უნდა სჭირდებოდეს რუსეთის მთავრობას იმ შედარებით უმნიშვნელო პარტიის დაბობვა, რომლის პოლიტიკაც ფაქტობრივად მის ინტერესებშია? ეს მე კრემლის იმ არგუმენტებს მაგონებს, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინის ოპონენტებმა პოლიტიკოვსკაიას და ლიტვინენკოს წინააღმდეგ ზომები თითქოს მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ რუსეთის ლიდერის რეპუტაცია შეელახათ.
აფეთქებები ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა. ლეიბორისტულ პარტიაზე შეტევამდე სამი დღით ადრე, დანაწევრებულმა და დიდწილად არაეფექტურმა ოპოზიციამ ამ წლის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი ანტი–სამთავრობო აქცია გამართა. ჩვენ ვხედავთ, რომ შიდა კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი, პოლიტიკური გადარჩენის თვალსაზრისით, სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ პროვოკაციაზე და სამწუხაროდ, მოსკოვიც სრულ მზადყოფნაშია საკუთარი ანტაგონიზმით მას ხელი შეუწყოს.
იმის პარალელურად, რომ პრეზიდენტი ტერორისტებს ებრძვის, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთიდან მის დასამხობად ჩამოვიდნენ, თბილისში ჯაშუშების დაკავებაც ხდება, რომელთაგან ზოგიერთი ამ აფეთქებებს უკავშირდება, თუმცა დაჭერების უმრავლესობა აფეთქებებს წინ უძღოდა. ქართველი დამკვირვებლების უმრავლესობა იმ სკანდალს გაიხსენებს, რომელიც რუსეთის ინტერვენციაზე მომზადებულ ყალბ რეპორტაჟს მოჰყვა, რაც იმის მკაფიო ილუსტრაცია იყო, თუ რამდენად დამოკიდებულია მთავრობა შიშის და უსაფრთხოების ნარატივზე, რათა საკუთარი დემოკრატიული შეცდომები გაამართლოს.
ეს სულაც არ არის გამონაკლისი. როდესაც იმ ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც პოლიტიკური კრიზისია, შუაღამით საიდუმლო აფეთქებები ხდება, დარწმუნებული იყავით, რომ ერთი ან მეორე მხარე სასოწარკვეთილ თამაშს თამაშობს.
მართალია, ამ მოვლენებს არაფერი აკავშირებს, გარდა მეთოდოლოგიისა, თუმცა ახლახანს ტაილანდში მუშაობის დროს აფეთქებების მსგავსს სურათს ვაკვირდებოდი, რაც ავღწერე, როგორც „დაძაბულობის სტრატეგია“.
გასული წლის განმავლობაში, ბანკოკში შუაღამით ყუმბარების რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაშიც ოპოზიციური მოძრაობა „წითელი მაისური“ დაადანაშაულეს. ეს მთავრობისთვის იმის რეგულარულ საბაბად იქცა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაეგრძელებინა. პროცესების მიბაძვის მსგავსი სტრატეგია შეინიშნებოდა 1960–იანი წლების იტალიაში. ამ დროს სახელმწიფო ცდილობს „ხალხის გრძნობებით მანიპულირებას… და ამ გზით ისეთი გაურკვევლობისა და სოციალური ძვრების გამოწვევას, რაც მოსახლეობაში გააჩენს მოთხოვნილებას ძლიერ ხელზე, რომელიც წესრიგს დაამყარებს“ (სტუარტ კრისტი „შავი ტერორისტის პორტრეტი“, 1984).
დღეს სააკაშვილის პოზიცია ქართულ პოლიტიკაში, პირველად „ვარდების რევოლუციის“ პიკის შემდეგ, კვლავ ყველაზე ძლიერია. თბილისში ვიზიტით მყოფი, თომას დე ვაალი აღწერს, რომ სააკაშვილი სხვადასხვა დიკუსიის ორივე მხარეს ყოფნას ახერხებს: „ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა“, – წერს ვაალი. „აბა იფიქრეთ როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს ”მსოფლიო ბანკის” რეიტინგში („ბიზნესის იოლად წარმართვა“) მისი ვარსკვლავური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები“.
არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ეს აფეთქებები საკუთარი „დაძაბულობის სტრატეგიით“, სააკაშვილმა ან მისი მხარდამჭერებმა მოაწყვეს. მაგრამ აშკარაა, რომ ეს მოვლენები ყველაზე მეტად სწორედ მათ აწყობდათ. შესაძლოა მას შემდეგ რაც უფრო ბევრი რამ გაირკვევა, ასეთი ველური თეორიების უარყოფა მარტივი გახდეს. ამას გულწრფელად ვისურვებდი, რადგან როგორც ეს ტაილანდის მაგალითმა ცხადყო, მორალური პანიკის გაღვივებისა და შიშით მართვის მსგავი მცდელობები ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება.
[foreignpress.ge]