"განა სააკაშვილი წასული არ არის?! სადაც წახვალ, ხალხი კვერცხებისა და ქვების სროლით რომ შეგხვდება, წასული ხარ, აბა რა. როდემდე ივლიან ასე დაცვით გარშემოტყმულნი? უკვე დაცვაც ვეღარ აკავებს ხალხის რისხვას. კვერცხებს კიდევ არა უშავს, კიდევ კარგი, ქვები არ დაუშინეს, როგორც მაშინ, ქუთაისში. მადლობა უთხრან ხალხს, რომ ანგარიშს უწევენ ბატონი ბიძინას მოწოდებას, თავი შეიკავონ აგრესიისგან, თორემ ისე გაამწარეს ქვეყანა, კვერცხის სროლა ყველაზე მსუბუქი ანგარიშსწორებაა, რასაც ხალხისგან უნდა ელოდონ", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალებმა" მადლობა უთხრან ხალხს, რომ კვერცხებს ესვრიან და არა ქვებს!".
"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აცხადებდა, რომ ქუჩის აქციების და ძალადობის მომხრე არასდროს იქნებოდა. ეს შეასრულა კიდეც. ერთადერთი, თუ ვინმეს დღეს არეულობა აწყობს, თავად "ნაციონალური მოძრაობაა". სწორედ მათ ინტერესებშია, რომ ხალხი ისე გამოიწვიონ, დაპირისპირება მოხდეს, მერე მსხვერპლის როლი რომ ითამაშონ ჩვენი უცხოელი მეგობრების წინაშე. სააკაშვილი ქუთაისში ახალგაზრდებს რომ შეხვდა და მოუწოდა, არ დაუშვათ პარლამენტის თბილისში დაბრუნებაო, ეს პირდაპირი წაქეზება იყო, რომ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ქვეყნის პირველი პირი სიმშვიდის, კეთილგანწყობის და შემწყნარებლობის მაგალითი უნდა იყოს, მაგრამ სააკაშვილი ასეთი არასდროს ყოფილა. როცა პრეზიდენტი არცერთ ამ თვისებას არ ფლობს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ მახსენდება მეორე ასეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტი საკუთარი ხალხის ოპოზიციაში ყოფილიყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.
"ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელსაც შეიძლება მიენდოს. ბიძინას მეტი აქტიურობა და მეტი პრინციპულობა მართებს. სააკაშვილთან კამათს რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაუთმოს. მას ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობა და აქვს ხალხის მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, მისთვის სააკაშვილი პრობლემას წარმოადგენდეს?! არც მისი და არც ქვეყნის პრობლემა სააკაშვილი აღარ არის. ბიძინას ყველა საშუალება აქვს, კონსტიტუციურად, სამართლებრივად, შეასრულოს ლიდერის ფუნქცია და თუ ის ამას მოახერხებს, სააკაშვილი დარჩება ფუნქციის გარეშე. ამას დაემატება ის შიდა პრობლემებიც, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებობს და… დამთავრდა შენი სააკაშვილი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს. მისი ქუთაისში გადატანა არანაირად არ უკავშირდებოდა ამ ქალაქის მომავალზე ზრუნვას. ეს სააკაშვილის პირადი სურვილი იყო, ყოვლად გაუგებარი. ამიტომ ვთვლი, რომ პარლამენტი დედაქალაქს უნდა დაუბრუნდეს. სააკაშვილი, როგორც ლიდერი, აღარ არსებობს. იმ მიღებაზე, პატრიარქთან, მთელი ყურადღება ივანიშვილზე იყო გადატანილი. სააკაშვილი თითქოს არც არსებობდა. ცოტა ხანში უფუნქციოდ რომ დარჩება, წავა, აბა რას იზამს?! ერთი ინიციატივა მაქვს - საერთოდ დავანებოთ თავი სააკაშვილს, მივუშვათ ნებაზე და თქვენ ნახავთ, ცოტა ხანში ისეთ რამეებს ჩაიდენს, თავად დააჩქარებს თავის გადადგომას", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.