თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი - ალექსანდრე იაშვილი

თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი - ალექსანდრე იაშვილი

დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი. იგი დაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 11 შეხვედრა (აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში) და 10 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით და მას ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

თქვენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეგუეთ თბილისის „დინამოს“. თავიდანვე გეგონათ თუ არა, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა?

- არა. ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ „დინამოში“ თავიდანვე ასე წარმატებით ვითამაშებდი.

თუ საიდუმლო არ არის, როგორც დებიუტანტი რას ვარაუდობდით?

- ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატება ნელ-ნელა მოვიდოდა.

თქვენ იღბლიანი დებიუტანტი ხართ, თუ ნიჭიერი?

- რა თქმა უნდა თავისებური იღბალიც გამაჩნია, რადგან ასე გამიმართლა. თუმცა აქ პარტნიორებსაც უნდა ვუმადლოდე, რომლებიც წარმატებით თამაშის პირობებს მიქმნიან, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც ნიჭია, რომლის გარეშეც მარტო იღბალი არაფერს წარმოადგენს.

ფეხბურთის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით მიიღეთ?

- დიახ, მამაჩემი, მამულო იაშვილი ერთ დროს თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მან დიდი ფეხბურთის თამაში ვერ მოახერხა და ახალგაზრდულ ასაკში ჩამოშორდა მას.

ორიოდე სიტყით თქვენი ბავშვობაც გავიხსენოთ?

- ბავშვობაში ისე როგორც ყველა პატარა ბიჭს, მეც ეზოში ფეხბურთის თამაში მიყვარდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა.

იმ დროს სპორტის სხვა სახეობებში არ მოგისინჯიათ ძალა?

- თავიდან ხუთი წელი ჩოგბურთს ვთამაშობდი. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ცურვით ვიყავი გატაცებული.

მაგრამ მაინც ფეხბურთმა იმარჯვა?

- რა საკვირველია. 10 წლისამ გადავწყვიტე თავი ფეხბურთისთვის მიმეძღვნა.

თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარი?

- თელავის „კახეთთან“ ეროვნული ჩემპიონატის მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა. აქ შედგა ჩემი დებიუტი და სასიამოვნოა, რომ იგი გოლით აღვნიშნე.

რისი გახსენება გაღიზიანებთ?

- პირველი, როდესაც სლოვენიაში საქართველოს ჭაბუკთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები წავაგეთ და მეორე, ახლახანს მოსკოვის ტურნირის დროს ფერგანის „ნეფთჩისთან“ დამარცხება.

სლოვენიაში განცდილი მარცხი, როგორი ცუდი მოსაგონარიც არ უნდა იყოს, თქვენთვის პირველი ოფიციალური ტურნირი იყო, სადაც ორივე თამაში დიდი ანგარიშით დათმეთ. ნუთუ მართლა ასე ჩამოუვარდებოდით კლასით მეტოქეებს?

- არავითარ შემთხვევაში. კლასით და ტექნიკით მათ თუ არ ვჯობნიდით, არც ჩამოუვარდებოდით. მაგალითისათვის გეტყვით, რომ შვეიცარიასთან შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ანგარიში იყო 1:1, მაგრამ ფეხბურთელი გაგვიგდეს და მოედანზე ათნი დავრჩით. ოთხივე გოლი მოწინააღმდეგემ სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანა.

მაინც რა ჰქონდა მეტოქეს ისეთი, რაც თქვენ არ გაგაჩნდათ?

- ერთადერთი რაშიც გვჯობნიდნენ, ეს გამოცდილება იყო. ჩვენი ნაკრები ამ თამაშებისათვის თებერვალში შეიკრიბა, ოქტომბერში კი უკვე შეხვედრები ჩაატარა. ისინი კი ოთხი წელი ვარჯიშობდნენ და არცაა გასაკვირი, რომ საკმაოდ იყვნენ შეთამაშებულნი.

მოსკოვში განცდილ მარცხს რითი ახსნით?

- ნახევარფინალში ისე წავაგეთ, რომ მოწინააღმდეგეს გატანილი გოლების გარდა მომენტი არ შეუქმნია. უფრო ზუსტად ეს თამაში ფერგანელებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ.

ამ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შემოხვედით, მაგრამ გულის სიღრმეში იქნებ თქვენ თავსაც ადანაშაულებთ?

- დამნაშავე ყველანი ვიყავით, რადგან ვერ გავამართლეთ იმედები.

ვარჯიშის შემდეგ თუ რჩებით და ინდივიდუალურად თუ ვარჯიშობთ?

- დიახ, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ვახერხებდი ამას. ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი და შორიდან დარტყმებზე ვვარჯიშობდი.

ალბათ ამიტომაცაა, რომ უძლიერესი დარტყმა გაქვთ?

- მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი თავდადებული შრომის და ვარჯიშის შედეგად მოვიდა.

რომელი გირჩევნიათ, იყოთ გუნდში ამინდის შემქმნელი თუ ბომბარდირი?

- ჩემი მიზანია ჩემს საქმეში საუკეთესო ვიყო და ყველა ის დავალება, რაც მაკისრია პირნათლად შევასრულო.

როგორც ყველა ახალგაზრდას, ფეხბურთში თქვენც გეყოლებათ იდეალი.

- ბრაზილიელი რომარიო.

თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატების შანსი თუ გააჩნია?

- მე მგონი ბულგარეთთან და უელსთან შეიძლება წარმატებით თამაში.

გერმანია?

- რაც შეეხება გერმანიას, იგი ჩვენს ქვეჯგუფში უდავო ფავორიტია, რომელსაც ალბათ არ გაუჭირდება შემდეგ წრეში გასვლა, თანაც ყოველთვის გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

ალბათ თბილისში მათი ნახვით ბედნიერი იქნებით?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება მათი ახლოს ნახვა.

შესარჩევ თამაშებამდე საკმაო დროა. თქვენ კი ამასობაში თუკი დაიმსახურეთ შეიძლება ნაკრებშიც მოხვდეთ.

- საქართველოს ნაკრებში თამაშზე, როგორც ყველა, მეც ვოცნებობ.

ე.ი. თქვენი უპირველესი მიზანი ეს არის?

- საერთოდ ჩემი მიზანია დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ბატონი გაიოზ დარსაძე იმედებს ერთ-ერთზე თქვენზე ამყარებდა. საინტერესოა ახალი რა გასწავლათ მან?

- ამ პიროვნების დიდი მადლობელი ვარ, რადგან მან სწორი ფეხბურთის თამაში მასწავლა. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის ხელს მიწყობდა და საჭირო რჩევა-დარიგებებს მაძლევდა.

ეროვნულ ჩემპიონატში თქვენთვის რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი?

- პირველ რიგში მოასპარეზე გუნდებს შორის ნაკლები კონკურეცია და რაღა თქმა უნდა მაყურებელთა სიმცირე.

რაც ალბათ სტიმულს გიკარგავთ?

- როდესაც მოედანზე გამოსვლის დროს ტრიბუნები სავსეა და მაყურებელი ოვაციებით მხვდება, ეს უფრო ხალისსა და ბრძოლის ჟინს მმატებს.