გოგი ხუციშვილი:

გოგი ხუციშვილი: "ნაციონალებმა" იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ"

"პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ იმით არის განპირობებული, რომ ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი ასეთი ტიპის დანაშაულის ამნისტირება მოახდინოს. როგორც ჩანს, "ნაციონალები" ელოდებიან ახალ სამართლებრივ პროცესებს, იციან, რომ ეს არ შეწყდება და უნდათ, დააბრკოლონ. ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ასეთი კანონის დამტკიცების შემთხვევაში გამოძიებას ხელი შეეშლება. ვგულისხმობ იმას, რომ მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და თითოეულ საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცეს", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ძალიან მალე ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყება".

"პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი სწორედ ძველი ხელისუფლების დროს არის გადაღებული და მას დაშანტაჟებისთვის იყენებდნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულთან არა გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაშიც მკაცრად არის განსაზღვრული, რა როგორ უნდა იყოს. ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროება დაუშვებელია. სხვათა შორის, მახსოვს, გაუპატიურებაზე თუ სხვა პირადი ღირსების შემლახავ ბევრ საქმეზე ისეთი მასალები გამოქვეყნებულა, რაც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა პოლიტიკური თამაშის ნაწილია და შესაძლოა, ისევ და ისევ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს უკავშირდებოდეს. ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს ჩარევისგან კანონით უნდა იყოს დაცული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადება რკინიგზის შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლად. ვექტორი, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, არ იცვლება. მაგრამ იმავდროულად, ჩვენ გვქონდა ძალზე უპერსპექტივო და საშიში სამეზობლო პოლიტიკა. რეგიონული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამის ნიშნები უკვე არის. კერძოდ, საწყის ეტაპზეა, მაგრამ მაინც დაიწყო ქართულ-რუსული დიალოგი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ცვლი¬ლებამ შეიძლება განაპირობოს ცვლილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობაშიც. გარდა ამისა, საქა¬რთველო-სომხეთის ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ივანიშვილის განცხადება, რომ სომხეთი, რომელიც უთავსებს ერთმანეთს რუსეთთან, აშშ-სა და ნატოსთან კარგ ურთიერთობას, სამაგალითოა, სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის სქემა უნდა გადმოვიტანოთ. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ივანიშვილი ბალანსისა და დარეგულირების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. ეს იყო მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტით მყოფი კაცის კეთილგანწყობილი განცხადება და სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოდელი სტრატეგიად იქცევა. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც "ნაციონალური" ოპოზიცია აწარმოებს ახალ ხელისუფლებასთან, ეს განცხადებაც გამოიყენეს იმისთვის, რომ აეგორებინათ კამპანია, არიქა, საქართველო სტრატეგიულ კურსს იცვლისო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველოში უცხოური საელჩოების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა და ამას აკეთებენ კიდეც. თუმცა, ამ ინფორმაციიდან ზოგს ექცევა ყურადღება, ზოგს არა, ზოგი ხდება გაანალიზების საფუძველი, ზოგი - არა. ხდება სელექცია, რა არის მათთვის საინტერესო და სათვალავში ჩასაგდები. მაგალითად, თეთრაძის საქმე დასავლეთში რატომღაც რეზონანსს არ იწვევს და ჰგონიათ, კერძო შემთხვევაა. არსებობს აღქმისა და გაცნობიერების წესები. ვაშინგტონსა და ბრიუსელში პრიორიტეტად არის დაწყობილი ყველაფერი და ქვეყნის შეფასებისას ყურადღება სწორედ იმას ექცევა, რა არის მათთვის პრიორიტეტული. სხვათა შორის, ეს კარგად იციან მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალებმა" და სწორედ იმ მომენტებს "ურტყამენ", რაც მტკივნეულია დასავლეთისთვის, მაგალითად, ახალი ხელისუფლების საგარეო კურსსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. "ნაციონალებს" აქვთ ტექნოლოგიები და იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ", - განმარტავს გოგი ხუციშვილი.

"საბიუჯეტო კრიზისი არ იქნება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი უფრო უარეს დღეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. შესაბამისად, ზოგიერთი სოციალური პრობლემის მოგვარება შეფერხებულია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთავარია, კარგი მმართველობა. სწორედ კარგი მმართველობა გახდა ყოველგვარ რესურსს მოკლებული ესტონეთის წარმატების საფუძველი. საქართველოში ადგილობრივი მმართველობა არ უნდა უშლიდეს ხელს ცენტრალურ ხელისუფლებას და კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს. სამწუხაროდ, საქართველოში კოჰაბიტაცია მხოლოდ იდეა იყო და სინამდვილეში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ადგილობრივ მმართველობას იარაღად იყენებენ. ეს ქვეყნის წინაშე მდგარ გეგმებს დიდად აზარალებს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რღვევები მართლაც იყოს. სხვათა შორის, თუ ხალხმა დაინახა, რომ საბოტაჟს აწყობენ, სწორედაც ზეწოლას მოახდენს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რათა ის პირები შეიცვალონ, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან", - დასძენს გოგი ხუციშვილი.