პოლიტიკური ოპოზიცია ახალ ეტაპს იწყებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. პარტიები ამ გზაზე მასობრივ საპროტესტო აქციებზეც უარს არ იტყვიან. საქართველოში ახალი ცხელი პოლიტიკური სეზონი გაზაფხულიდან დაიწყება.
„თავისუფალი დემოკრატები“ მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. „დემოკრატიული მოძრაობა“ უსამართლობას და ტერორს სამოქალაქო წინააღმდეგობას დაუპირისპირებს. “ქართული პარტია“ გაზაფხულზე 50 ათასიანი „კარგად ორგანიზებული არმიით ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იქნება“.
ირაკლი ალასანიას პარტია მთავრობაზე ზემოქმედებისთვის საპროტესტო აქციების ჩატარებაზე საუბრობს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
აბაშიძემ საკრებულოს სტუმრებს დედაქალაქის საკანონმდებოლო ორგანოს საქმიანობა და ოპოზიციის ფუნქციები გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები მომავალ არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური აქტიურობის ხერხებითაც დაინტერესდნენ. კერძოდ, თუ რა სახით აპირებენ „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას.
ზურაბ აბაშიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მნიშვნელოვანია საარჩევნო სიების ფორმირება და ბიომეტრიული პასპორტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა“. იგი პარტიის სამომავლო გეგმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები” მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით აქციების გამართვას არ გამორიცხავენ“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, „ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და ტერორის პოლიტიკას სამოქალაქო წინააღმდეგობის ქმედითი ფორმები დაუპირისპირდება“.
როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას განვითარების, თვითგამოხატვის, მომავლის შენებისა და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დაკავების უფლება და საშუალება წაართვა“.
„ჩვენმა პარტიამ საკუთარ თავზე გამოსცადა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნისა და დისკრედიტაციის ყველა გამოვლინება. 2009 წელს სააკაშვილის რეჟიმმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ათეულობით წევრი და მხარდამჭერი პოლიტიკურ პატიმრად აქცია. განსხვავებული აზრისა და შეურიგებლობის გამო განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ამირან ბიწაძეს და კახა ხანდოლიშვილს. მათი გატაცებისა და წამების ფაქტები დღემდე გამოუძიებელია“, - აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ გამოსავალად სრულიად საქართველოს „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ მოწვევა დარჩა.
„სწორედ „სახალხო კრებამ“ მისცა შესაძლებლობა ხალხს გამოეხატა საკუთარი ნება. ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხელისუფლების მიერ გატარებული უსამართლობისა და ტერორის პოლიტიკას სამოქალაქო წინააღმდეგობის ქმედითი ფორმები დაუპირისპირდება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „სახალხო კრების“ ქომაგისა და სახალხო პატრულის ინსტიტუტები. ხალხი დაიბრუნებს წართმეულ უფლებებს და აღადგენს სამართლიანობას! დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბრძოლის შედეგად ქართველი ხალხი აუცილებლად იცხოვრებს რეალურად თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტები თბილისის მასშტაბით მომდევნო კვირაში შეიქმნება, უმოკლეს ვადაში კი ასეთი კომიტეტები მთელ საქართველოში იმუშავებს“, - განაცხადა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანოსთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, უმიზნო აქციების ჩატარებას და ადამიანების ნდობის გაფლანგვას არ აპირებენ. ბურჯანაძის განცხადებით, კომიტეტების შექმნის მიზანია იმ შიშის გატეხვა, რომელიც მისი მტკიცებით, ხალხში არსებობს.
ბურჯანაძის აზრით, კომიტეტებმა საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენონ, რომ „არ ეშინიათ იმ რეჟიმის, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლება დგას“. მისივე განცხადებით, სწორედ ამისკენ არის მიმართული მათი მოქმედებები და გეგმები. ბურჯანაძის ინფორმაციით, დღეს დაკომპლექტდა ის ორგანოები, რომლებიც „სახალხო კრებაში“ შეიქმნა.
კერძოდ „სახალხო ქომაგს“ ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, „სახალხო ქომაგის“ ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით შექმნილ ორგანოს კი - გია ბურჯანაძე. სათათბირო ორგანოს სპიკერად გოგი ქავთარაძე დაინიშნა.
ბურჯანაძის ინფორმაციით, „სახალხო კრება“ რამდენიმე მიმართულებას კიდევ შექმნის. ასევე დაკომპლექტდება ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ხელს შეუწყობს.
ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას იწყებს „ქართული პარტია“.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 2011 წლის გაზაფხულისთვის „ქართული პარტია“ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად იქნება. მინიშნება, რა თქმა უნდა, მასობრივ საპროტესტო აქციებზეა.
„ჩვენ სტრუქტურირებული პოლიტიკური ძალის შექმნისკენ მივდივართ. კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ „ქართულ პარტიას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს“, - აცხადებს სუბარი.
ამასთან, პარტიის ლიდერების განცხადებით, არსებობს ზუსტად გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან „ქართულ პარტიას ეყოლება 50 ათასი კარგად ორგანიზებული არმია ადამიანებისა, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერი გამოწვევისთვის“.
სუბარის თქმით, ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ის „აუცილებლად“ გამარჯვებით დამთავრდება – „ამ გამარჯვების ავანგარდი ვართ ჩვენ და ჩვენი ვალია ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე“.