საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტის დროს ინტერვიუ მისცა ”რადიო თავისუფლების” სომხეთის სამსახურის წარმომადგენელს სარქის არუთუნიანს. "კვირის პალიტრა" ამ ინტერვიუს სრულ თარგმანს გთავაზობთ.
ს.ა.: როგორ შეაფასებთ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და რა პერსპექტივებს ხედავთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში?
ბ.ი.: ვფიქრობ, რომ დღესდღეობით სომხურ-ქართული ურთიერთობები ნორმალურად, კარგადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენი ქვეყნების მომავალზე თქვენს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ურთიერთობები იდეალური, მეტიც მისაბაძი უნდა გახდეს. მეც და საქართველოს ახალი მთავრობაც ამისკენ მივისწრაფით და იგივე ვიგრძენი სომხეთის ხელისუფლების მხრიდანაც – პირადად პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად მთავრობის მხრიდან. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ დონემდე გაიზარდოს.
ს.ა.: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მინდა გკითხოთ. ბოლო დღეებში კონფლიქტის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამებს სკანდალი მოჰყვა. რა პოზიცია აქვს საქართველოს ამასთან დაკავშირებით? ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ საქართველოს უფრო მეტად ესმის აზერბაიჯანული მხარის. ასეა?
ბ.ი.: ჩვენ ორივე მხარის გვესმის და ვფიქრობთ, რომ მოხდა ტრაგედია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს განცხადებებს, რათა რაიმეს არ შევუშალოთ ხელი. ჰო, მართლა, აზერბაიჯანში ვიყავი და პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრე. ვიცი მათი პოზიცია. ვკითხე მათ, დაინტერესებულნი არიან თუ არა, რომ ეს საკითხი სომხეთმა წამოწიოს. დიახ, მოხარულებიც კი ვიქნებოდითო, - მიპასუხეს მათ. მე ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსაც კი და, სამწუხაროდ, ვიგრძენი, რომ ჯერჯერობით, პოზიციები განსხვავებულია. აზერბაიჯანისა და სომხეთის პოზიციებს ვგულისხმობ. ჩვენ ახლო მეგობრები და მეზობლები ვარ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი კი არ შევუშალოთ საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარებას, არამედ პირიქით, ხელი შევუწყოთ. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში ამ პრობლემაზე მხოლოდ საუბარი მოვახერხე. ჩემი სურვილი და მოწოდება ორივე ქვეყნის მიმართ იქნება, რომ ეს პრობლემა მეზობელმა სახელმწიფოებმა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.
ს.ა.: პრეზიდენტი საააკაშვილი ბევრს საუბრობდა ჯავახეთში რეფორმებზე. თქვენს მთავრობას თუ აქვს ამასთან დაკავშირებული რაიმე გეგმები?
ბ.ი.: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჯავახეთში, რათა იქ მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სამშობლოში. სწორედ ამიტომ ჩავედი მათთან და ძალიან თბილი შეხვედრები გვქონდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სომხეთის დიასპორას – საქართველოს ისტორიაში არჩევნებში ოპოზიციას მანამდე არასდროს მიუღია ამდენი ხმა ეთნიკური სომხებისგან. მე ბევრი დაპირება მივეცი, ახლა მათ არ ჩამოგითვლით, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ ”ბურთი” ჩემს მხარესაა, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. პირველ რიგში, მათ თავიანთი მომავალს მისცეს ხმა და გრძნობდნენ, რომ მომავალი უკეთესი ექნებათ. მე დავპირდი მათ და ყველაფერს გავაკეთებ, დაპირებულზე მეტსაც კი, რათა მათ ღირსეულად იცხოვრონ.
ს.ა.: როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა რაიმე სტატუსი სომხურ ეკლესიას საქართველოში?
ბ.ი.: მთავარია, რომ ყველაფერზე ვსაუბრობთ. მე პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ვესაუბრე საკითხებზე, რომელიც ორივე მხრიდან არსებობს. ვფიქრობ, ახალი ინიციატივაც კი წამოვჭერი. რაზეც პრემიერმაც და პრეზიდენტმაც იხუმრეს, რომ ინიციატივა დასჯადია. მზად ვარ დავისაჯო-მეთქი, - ვუპასუხე. სანამ ორივე მხარის წარმომადგენელი კომისია ეკლესიის წარმომავლობაში გარკვევას ცდილობენ (სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია ცდილობენ და ვერაფრით გაარკვიეს), მე წამოვჭერი ინიციატივა და ვთქვი, რომ დიდი ხნის წინ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით, რომლის მეშვეობითაც აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა საქართველოში არქიტექტურის 500-ზე მეტ ძეგლს, მიუხედავად იმისა, როდის ვაღიარებთ ამ ეკლესიების წარმომავლობას, მზად ვარ ხვალვე დავიწყო ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკამათო ეკლესიების რესტრავრირება. სწორედ ამ ფონდის დახმარებით უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები ორ მათგანში, რომელზეც სომხები საუბრობენ. კომიოსიის მუშაობის პარალელურად, შეგვიძლია დავიწყოთ არქეოლოგიური სამუშაოებიც, რომლის დასაფინანსებლადაც მზად ვარ ამ ფონდის მეშვეობით. მოხარული ვიქნები, თუ ეკლესიები აღდგენა და რესტავრირდება მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის – სომხეთს თუ საქართველოს.
ჩემი აზრით, ინიციატივა მოიწონა სომხეთის პრეზიდენტმაც. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ შევქმნით ორივე მხარის წარმომადგენელ კომისიას, დავიწყებთ რესტავრაციის პროცესს და ამ ძეგლების აღდგენას, პარალელურად კი დავადგენს მათ წარმომავლობას. პირადადდ მე, ჩემი გუნდი, კულტურის მინისტრი, ინტელიგენცია, ეკლესია არ შევშინდებით და არ შეგვრცხვება, თუ დადასტურდება ამ ეკლესიების სომხური წარმომავლობა და გარწმუნებთ, რომ არც პროცესს შევაფერხებთ. მიუხედავად წარმომავლობისა, მე მაინც პატივს ვცემ ამ ძეგლებს და ვფიქრობ, ასევე მოიქცევა სომხური მხარეც.
ს.ა.: როგორ ფიქრობთ, გაიხსნება თუ არა აფხაზეთის სარკინიგზო გზა?
ბ.ი.: აუცილებლად გაიხსნება. ამ საკითხს დღეს ორჯერ თუ სამჯერ შევეხეთ. ჩვენი მხრიდან, სრული მზადყოფნაა. გესმით, რომ სარკინიგზო გზის დაკეტვა დიდ განსაცდელს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. სამწუხაროდ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა. ჩვენი მხრიდან, ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ვფიქრობ, რუსეთი გაგებით ეკიდება ამ საკითხს. არის დადებითი სიგნალებიც ჩვენი ძმები აფხაზებისგან. ორ ქვეყნას შორის ტერიტროიების საკითხის გლობალური გადაჭრა არცთუ ისე სწრაფად მოხდება, თუმცა მზად ვარ თანდათანობით, რუსეთთან სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების, მათ შორის სარკინიგზო გზის, საკითხების გადაჭრით მოვაგვაროთ ეს გლობალური პრობლემა. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ საკითხში. საჭიროა, რომ სხვა მონაწილეებმაც, ვისზეც ეს არის დამოკიდებული – სომხეთი, რუსეთი, აფხაზეთი – გამოთქვან მზადყოფნა და ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი სწრაფად მოგვარდება.
ს.ა.: რას იტყვით სარკინიგზო პროექტის ”ყარსი-ახალქალაქი-თბილისის შესახებ?
ბ.ა.: ნებისმიერი ახალი გზა ხელს უწყოს სხვადასხვა ქვეყნების მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. შესაბამისად, მხარს ვუჭერ ამ მშენებლობას. მახსოვს, ჩემს პირველ ინტერვიუში განვაცხადე, რომ ამ პროექტში არსებობს ეკონომიკური საკითხები, რაც ჩვენმა ჟურნალისტებმა აიტაცეს და თქვეს, რომ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვაკეთებ. თუმცა, ახლაც გავიმეორებ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზირისით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. თუმცა, პირველ ჯერზე შესაძლოა წარმოიშვას რაიმე სახის ეკონომიკური საკითხები, რადგან ძველი სარკინიგზო ხაზი სრულად ვეღარ დაიტვირთოს. თუმცა, ეს არ იქნება რთულად მოგვარებადი პრობლემა. ნებისმიერ დამატებით გზებს, ნებისმიერ მოწოდებას უნდა მივესალმოთ. ვიცი, რომ ამჟამად სარკინიგზო გზას აგებთ ირანიდან და შეხვედრაზე ამის შესახებაც ვისაუბრეთ.
ს.ა.: რაც შეეხება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ჩვენ შევიტყვეთ, პრეზიდენტად კენჭის ყრას აპირებს ბატონი ალასანია. რომელი კანდიდატურის დაყენებას აპირებთ?
ბ.ი.: ის, რომ ალასანიას პრეზიდენტობა უნდა, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ გავრცელებული ხმებით ვიცი. თავად მას არაფერი უთქვამს ჩემთვის და არც კოალიციას განუხილავს ეს საკითხი. თუმცა, თუ თავად სურს, აქვს ამის უფლება. მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება ისეთი მძაფრი და მნიშვნელოვანი, როგორიც საპარლამენტო იყო. ჩემი აზრით, რამდენიმე თვის შემდეგ კოალიციაში განვიხილავთ ამ საკითხს და დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. სავარაუდოდ, კოლიაციიდან ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება. ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. თუმცა, ჯერ ეს საკითხი ღიად გვაქვს და სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზადაც არ ვართ.