მსოფლიო მასშტაბით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30-40%-ით შემცირდება, პანდემიის მეორე ტალღის გამო კი შესაძლოა, საერთოდაც 50%-ს მიაღწიოს. ეს გარემოება ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკებს ძირს უთხრის. მათ შორისაა, საქართველოც, რომელიც ისედაც პატარაა ქვეყანაა და არ არის დიდი საინვესტიციო პოტენციალი.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბიულეტენის ანგარიშში, რომელიც ჟენევაში ვაჭრობის კონფერენციაზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ 2020 წლის პირველი სამი კვარტალის ფინანსური ინდიკატორები შეესაბამება ამ პროგნოზებს. ახალი პროგნოზი არის სრულიად გაურკვეველი იმის გამო, რომ ამჟამად მიმდინარე პანდემიის მეორე ტალღა სიტუაციის ნორმალიზებას უშლის ხელს.
დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის განვითარება დამოკიდებული იქნება მთლიანად პანდემიის კრიზისის ხანგრძლივობაზე, ჯანდაცვის სექტორსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე, რომელიც მიმართული იქნება პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გამოცოცხლებაზე. ამასთან, გაურკვევლობის საერთო ფონს აძლიერებს გეოპოლიტიკური რისკებიც.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 49%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით „ლოქდაუნებმა“ საინვესტიციო პროექტები შეანელა, ხოლო ღრმა რეცესიის პერსპექტივამ გამოიწვია ახალი პროექტების გადაფასება. გაეროს დოკუმენტით, 81%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75%-იანი კლება პირველ 6 თვეში დაფიქსირდა მრეწველობაგანვითარებულ ქვეყნებში 98 მილიარდ დოლარამდე. ჩრდილოეთ ამერიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 56%-ით, 68 მილიარდ დოლარამდე, განვითარებად ქვეყნებში კი კლებამ შეადგინა 16%, რაც, ექსპერტების შეფასებით, „მოლოდინზე ნაკლებია“.
საინვესტიციო ჩავარდნის მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ინვესტიციების რაოდენობა ისედაც იკლებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მის შემცირებას ხელი საკმაოდ შეუწყო და კაპიტალდაბანდებების რაოდენობა მკვერთად შემცირდა.
2020 წლის პირველ ნახევარში, კორონავირუსის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ 409.6 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 25.6%-ით ნაკლებია.
პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში იყო და ის 387 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან 1.26 მლრდ დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ინვესტორის სახით ირლანდია გამოჩნდა, რაც „აჭარაბეთის“ ირლანდიურ კომპანია „ფლატერზე“ გაყიდვას უკავშირდებოდა. შესაბამისად, შარშან ირლანდიიდან ინვესტიციის სახით 132.7 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ანალიტიკოსი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი საინვესტიციო პოტენციალი არ გააჩნია, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. ამიტომ აქცენტი სხვა მიმართულებაზე უნდა გაკეთდეს.
„კორონავირუსის გამო, მთელი პლანეტის დაპაუზება მოხდა. უცნაურია არაფერია, თუ ჩვენთანაც ინვესტიციები შემცირდა. კარგმა, გონიერმა ხელისუფლებამ, უნდა აიღოს ორიენტირი არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, არამედ პაკეტურ ინვესტიციებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა კი არ გაყიდის, მაგალითად, მიწას, არამედ ამას გააკეთებს ქართული კომპანია, რომელიც საქმეს დაიწყებს, შემდეგ აქციებს გამოუშვებს და იმას გაყიდის. თანაც, პაკეტური ინვესტიციისას არ არის აუცილებელი, რომ უცხოელმა იყიდოს.
რატომ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენები მხოლოდ უცხოელები და არა ჩვენი მოქალაქეები? საქართველო პატარაა ქვეყანაა და არ არის დიდი საინვესტიციო პოტენციალი. ამიტომ განთავსებაც ძნელია, ჭირს. ჩვენ ძირითადად აქცენტი უნდა ავიღოთ შიდა ინვესტიციებზე. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გამოვნახოთ გზები, რომ შიდა ინვესტიციები გავაფართოვოთ. ამის ბერკეტები მთავრობას აქვს და უნდა გააკეთოს.
ამ წელმა განსაკუთრებით უნდა გვასწავლოს ჭკუა. ქვეყნის სიმდიდრე ის კი არაა რამდენი ინვესტიცია შემოვა, არამედ ის თუ ყველა ოჯახში რამდენი ფული შევა. ჯერ მოქალაქე უნდა გამდიდრდეს და შემდეგ ბიუჯეტი“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.