რა კვლევის გამოქვეყნებას ითხოვს ირმა ინაშვილი და რა არგუმენტით პასუხობს ბრალდებებს ,,სუპერ ტვ’‘(აიეტი) და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია
მედიაკავშირ ,,ობიექტივის’‘ მაუწყებლობა ,,სუპერ ტვ’‘-ს (ყოფილი ,,აიეტი’‘) დირექტორმა, გიორგი ხორხელმა, საკუთარ ქსელში 2013 წლის 10 იანვარს გათიშა. ეს ზუსტად ის დღეა, როდესაც ,,ობიექტივის’‘ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ქართული არხის ნაცვლად, ,,სუპერ ტვ’‘-ს ქსელში, რუსული არხი ჩართეს. ამასთან დაკავშირებით, მედია-კავშირ ,,ობიექტივის’‘ ხელმძღვანელმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რასაც ,,ვერსია’‘ უცვლელად გთავაზობთ:
,,მედია-კავშირ ,,ობიექტვის’‘ მაუწყებლობა საკაბელო კომპანია ,,სუპერ ტვ’‘-მ, იგივე ,,აიეტმა’‘, 10 იანვარს გამორთო. კომპანიის ხელმძღვანელობამ განგვიცხადა, რომ ჩაატარა კვლევა და თითქოსდა, მოსახლეობა (ამ კვლევის თანახმად), ქართული ტელე-არხების სანაცვლოდ, რუსული არხების ჩართვას ითხოვს. მოსახლეობას არანაირი რუსული არხების ჩართვა არ უთხოვია. გამოდის, რომ კერძო საკაბელო კომპანიისთვის მომსახურების პაკეტში პრიორიტეტულია ოკუპანტი ქვეყნის ტელეარხების ჩართვა, ვიდრე ქართული არხების გავრცელება. ჩნდება კითხვა: ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი დივერსიაა?! იმის მიუხედავად, რომ ,,სუპერ ტვ’‘ კერძო კომპანიაა და კარგად გვესმის თავისუფალი ბიზნესის ფუნქციონირების პრინციპები, აუცილებლად მიგვაჩნია, ზემოხსენებულ საკაბელო კომპანიას განვუმარტოთ: საქართველოს სახელმწიფოში პრიორიტეტული უნდა იყოს ქართული ტელეარხების ტრანსლაცია და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა დავუთმოთ სივრცე უცხოურ არხებს. სამი დღის მანძილზე, ,,ობიექტივში’‘ უამრავი აბონენტი რეკავს, რომელიც ,,სუპერ ტვ’‘-ს პაკეტიდან ,,ობიექტივის’‘ გადაცემების მოხსნას აპროტესტებს. როგორც ვიცით, ზარები არ წყდება ,,სუპერ ტვ’‘-ის ოფისშიც. ჩვენ საკმარისად მიგვაჩნია მოსახლეობის ამ რაოდენობის გამოხმაურება იმისთვის, რათა მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ: ,,სუპერ ტვ’‘-ს კვლევა ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან რაც ჩაატარა, არაობიექტურია. ხსენებული გამოკითხვა არ ასახავს აბონენტთა სურვილს. უხეშად შეიზღუდა ,,ობიექტივის’‘, როგორც დამოუკიდებელი მაუწყებლის უფლებები. მოვითხოვთ, გამოქვეყნდეს კომპანიის კვლევა და გახდეს საჯარო; მოვითხოვთ, ,,სუპერ ტვ’‘-მ ტელეარხების პაკეტში სასწრაფოდ აღადგინოს ,,ობიექტივის’‘ მაუწყებლობა; მოვითხოვთ, პარლამენტმა ,,მასთ ქერი’‘ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს’‘. ,,ვერსიას’‘ მედია-კავშირ ,,ობიექტივის’‘ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ესაუბრება. მისი თქმით, დღის მანძილზე, ,,ობიექტივის’‘ ოფისში, უამრავი ადამიანი რეკავს, რომლებიც მზად არიან, დატოვონ ,,სუპერ ტვ’‘-ს პაკეტი, თუ კომპანია ,,ობიექტივის’‘ მაუწყებლობას არ აღადგენს:
_ ირმა, დამეთანხმებით, რომ ,,მასთ ქერი’‘ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა გვახსენდებოდეს, ამ კანონპროექტის ავტორები არ დაგიკავშირდნენ?
_ ,,მასთ ქერის’‘ ავტორები მაშინ იღებენ ხმას, როდესაც პრობლემა კონკრეტულად, მათ ეხება. ეს არ არის ნორმალური მოვლენა ქვეყანაში, ხმა მაშინ უნდა ამოიღო, როდესაც პრობლემა ნებისმიერ მედიასაშუალებას უჩნდება. უკვე ვესაუბრე ლაშა ტუღუშს და აუცილებლად შევხვდები, რადგან, როგორც მითხრეს, სწორედ მას აქვს მომზადებული ,,მასთ ქერის’‘ კანონპროექტი, პარლამენტის დეპუტატს თინა ხიდაშელსაც ვესაუბრე. ვიცი, უახლოეს ხანში მიიღებენ კანონს ,,მასთ ქერის’‘ ამოქმედების შესახებ, მაგრამ ეს ,,უახლოესი ხანა’‘ რა დრო ან რა ვადაა, არ ვიცი. ,,ობიექტივი’‘ მაყურებელს კარგავს, საეთერო მაუწყებლობა და ჩვენი, როგორც ტელე და რადიომაუწყებლის უფლებები შეიზღუდა, ამიტომ რა ვადებზეა საუბარი, ლაშა ტუღუშთან სწორედ ამის გარკვევა მინდა.
_ ცხადია, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც უნდა გამოგეხმაუროთ, რომელმაც არა მარტო ტელე და რადიომაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გასცეს, ხანდახან მაუწყებლების ინტერესებიც უნდა დაიცვას, ასე არ არის?
_ ვიდრე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, არ ვიცი, რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩემი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ქვეყნიდან გაქცეულია, თითქოსდა შვებულებაშია, მაგრამ, პრაქტიკულად, ერთი თვეა არ მუშაობს, უფუნქციოდ არიან კომისიის წევრებიც. წლების განმავლობაში, ეს ორგანო მედიასაშუალებებისთვის პოლიტიკური ზემოქმედებისა და ზეწოლის ბერკეტი იყო. ახლა კი უფუნქციოდ და გაუგებარ ვითარებაშია დარჩენილი, ამიტომ იმედი არ მაქვს, მარეგულირებელი კომისიის მხრიდან რეაგირება იქნება. მე უფრო თქვენს აზრს ვიზიარებ ,,მასთ ქერის’‘ ავტორების აქტიურობასთან დაკავშირებით, მედიაექსპერტები თუ ბუმბერაზებიც უნდა გააქტიურდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში და შესაბამისად, ამ ხალხმა უნდა იმოქმედოს.
_ შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ სატელევიზიო ინტერვიუ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 10 იანვარს ჩაწერეთ, სწორედ ამ ინტერვიუში საუბრობდით სხვადასხვა ჯგუფებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ, ,,შავი პიარის’‘ აგორებით არიან დაკავებულები. ,,ობიექტივის’‘ საკაბელო ტელევიზიიდან გათიშვაც ამ ჯაჭვის გაგრძელება ხომ არ არის?
_ დიახ, ,,სუპერ ტვ’‘-მ, ზუსტად იმ დღეს გამორთო ჩვენი მაუწყებლობა ქსელიდან, როდესაც ეს ინტერვიუ ჩავწერეთ. გეთანხმებით, შეთქმულების თეორიების მეც არ მჯერა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის ,,შავი პიარისტები’‘ აკონტროლებენ ამ საკაბელო კომპანიასაც. დამაფიქრებელი ისაა, როდესაც კომპანიის დირექტორი გეუბნება, რომ რუსული არხები, ანუ ოკუპანტი ქვეყნის ტელევიზიები უნდა ჩართოს. პირდაპირ გეტყვით, გვყავს კერძო, ქართული კომპანია, რომელიც ქართველ მაუწყებელს პაკეტიდან იღებს, ეს რას ნიშნავს? რომელი კვლევა ამბობს, რომ ,,ობიექტივის’‘ ნაცვლად, რუსული არხის, ,,ჩვენი ფეხბურთი’‘ ჩართვა სურთ? ნებისმიერ ვითარებაში დავუმტკიცებთ ,,აიეტის’‘ ხელმძღვანელობას, რომ ეს კვლევა არარეალურია. ,,ვერსია’‘ საკაბელო მაუწყებლობა ,,სუპერ ტვ’‘-ს (ყოფილი ,,აიეტი’‘) დირექტორს, გიორგი ხორხელს დაუკავშირდა.
_ ბატონო გიორგი, თქვენი საკაბელო მაუწყებლობიდან ,,ობიექტივი’‘ რატომ გათიშეთ?
_ თავდაპირველად, ,,ობიექტივი’‘ ჩვენს ქსელში იმ დროს ჩავრთეთ, როდესაც ქვეყანაში ,,მასთ ქერის’‘ პრინციპი მოქმედებდა. იძულებული ვიყავი, ქსელში ჩამერთო და ამ ჩართვის სანაცვლოდ, სხვა არხი გავთიშე. ვადის ამოწურვის ანუ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაძაბული მდგომარეობა იყო, შეგნებულად არ გავთიშე ,,ობიექტივი’‘. ახლა იძულებული ვიყავი, გამეთიშა, რადგან ტექნიკურად, საშუალება არ მაქვს, საკაბელო ქსელში ტელეარხების რაოდენობა გავზარდო. ხალხი რუსულ არხებს ითხოვს, ,,ობიექტივის’‘ მიღებას კი ჩვეულებრივი ანტენის დამონტაჟებითაც შეძლებენ. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ორ-სამ თვეში ვაპირებ ტექნიკური საშუალებების შეძენასა და არხების რაოდენობის გაზრდას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მომავალში ისევ ჩავრთო ,,ობიექტივი’‘, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ჩვენების ხარისხი გამოსწორდება და ამ ტელეკომპანიის რეიტინგიც მოიმატებს.
_ ირმა ინაშვილი ითხოვს, გამოაქვეყნოთ ის კვლევა, რის საფუძველზეც ქსელიდან ,,ობიექტივი’‘ გათიშეთ. მას საეჭვოდ მიაჩნია, მოსახლეობა ქართულის ნაცვლად, ოკუპანტი ქვეყნის ტელეარხებს ითხოვდეს. გაასაჯაროებთ ამ კვლევას?
_ ჩვენ არანაირ კვლევას არ ვატარებთ, მხოლოდ აბონენტების მოთხოვნებს ვაფიქსირებთ. არ მესმის, რა შუაშია ოკუპანტი ქვეყანა, რადგან ჩემს ქსელში არსებული 70 არხიდან, 60 _ რუსულენოვანია. რა ვქნა, არ უნდა ვაჩვენოთ ეს არხები? ეს კერძო კომპანიაა, სადაც თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელენოვანი არხი უნდა ჩავრთო. გარდა ამისა, რუსული არხების ჩართვის დიდი ინტერესი არც მე მაქვს, რადგან როდესაც რომელიმე არხს ვრთავ, იქით ვუხდი ფულს. რა თქმა უნდა, მირჩევნია, ბევრი უფასო არხი ჩავრთო და ამით ხარჯები შევიმცირო.
_ ,,ობიექტივი’‘ თქვენი ქსელიდან 10 იანვარს გაითიშა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ირმა ინაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. გარდა ამისა, ,,მასთ ქერის’‘ ვადა 1 ოქტომბრის შემდეგ ამოიწურა და რაღა მაინცდამაინც, 10 იანვარს გათიშეთ ,,ობიექტივი’‘?
_ კომპანია ვალდებულია, გადაწყვეტილება, ნებისმიერი არხის ჩართვის ან გათიშვის შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს. ეს წერილი მარეგულირებელ კომისიაში ახალ წლამდე გავგზავნე, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერდნენ ინტერვიუს თუ ვინმე სხვასთან. ამიტომ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ არაფერ შუაშია, რადგან შესაბამისი შეტყობინება წინასწარ გავაკეთე. ,,ვერსია’‘ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს, ირაკლი მოსეშვილს გაესაუბრა. მისი თქმით, ,,სუპერ ტვ’‘-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია, მაგრამ მორალური თვალსაზრისით, უმჯობესია, საკაბელო მაუწყებლებმა პრიორიტეტი ქართულ არხებს მიანიჭონ: ,,რას ჩასვამს თავის ბადესა და ქსელში, ეს ,,სუპერ ტვ’‘-ს გადასაწყვეტია, მაგრამ კარგი იქნება, თუ პოპულარიზაციას ქართულ არხებს გაუწევენ. გარდა ამისა, არ მგონია, რომ ,,ობიექტივს’‘ ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე რომელიმე ისეთ არხს, რომელიც ,,სუპერ ტვ’‘-ს ქსელში გადის. ჩემი აზრით, ყველა ქართული არხი უნდა იყოს საკაბელო ქსელში, ამიტომ სასურველია, პრიორიტეტული ქართულენოვანი მაუწყებლები იყვნენ, მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად. მთავარია, ისინი მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ, მაგრამ არ მგონია, ,,ობიექტივს’‘ ნაკლები მაყურებელი ჰყავდეს, თუნდაც მათსავე ეთერში განხორციელებული ზარების რაოდენობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, საკაბელო ოპერატორებს ვერაფერს მოვთხოვ, მაგრამ ვურჩევ, ქართულ არხებს მეტად დაუჭირონ მხარი და ქსელში ჩართონ. რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს, სასურველია, ამ თემაზე პარლამენტმა იმსჯელოს და ,,მასთ ქერითა’‘ თუ სხვა პრინციპით, საკაბელო ტრანზიტორები აიძულოს, თუნდაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე ანუ 2015 წლის ივნისამდე, ქსელში ქართული არხები ჩასვან’‘. ,,ვერსია’‘ კანონპროექტ ,,მასთ ქერის’‘ ერთ-ერთ ავტორს, ,,რეზონანსის’‘ მთავარ რედაქტორსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელს, ლაშა ტუღუშსაც დაუკავშირდა: ,,როგორც იცით, პარლამენტში უკვე შევიტანეთ კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’‘, სადაც ,,მასთ ქერის’‘ თაობაზეცაა საუბარი. ამ კანონპროექტის მიხედვით, ,,მასთ ქერის’‘ პრინციპი ამუშავდება არა ორი-სამი თვით, არამედ _ მუდმივად. ამ შემთხვევაში, მგონია, ბევრი პრობლემა მოგვარდება და საერთო მაუწყებლები მუდმივად ჩაერთვებიან საკაბელო მაუწყებლების ქსელში. როგორც წესი, კანონპროექტის განხილვა უახლოეს ხანში დაიწყება და იმედი მაქვს, მალე ამოქმედდება’‘.