ოთარ დოლიძე საბჭოთა საქართველოში პირველი მეწარმე იყო. ის ნაყარი წიდებიდან ინერტული მასალების მიღების უნიკალური გამოგონების ავტორია. მისი ისტორიაც უნიკალურია. მას ჯერ ბიზნესი წაართვეს, შემდეგ კი მისი გამოგონებაც მიითვისეს. როგორც ოთარ დოლიძე ამბობს, მისი კუთვნილი წიდას მეშვეობით წლების წინ საქართველოდან ჯართის გატანის თაღლითური სქემა შენიღბეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე კერძო ქონების ექსპროპრიაციის ამ შემთხვევას ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან აკავშირებს და ახალი კორუფციული სქემის შესაძლო ამოქმედებაზე მიუთითებს.
ისტორია კი ასე დაიწყო
ოთარ დოლიძე: „ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში აღმოვაჩინე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ გადაყრილი ნაგვისგან პროდუქციის მიღება შეიძლებოდა. გამოგონება მიზნად ისახავდა ნაყარი წიდების გადამუშავებასა და მისგან ინერტული მასალების მიღებას. ეს იყო ნარჩენი ნაგავი, რომელსაც მეტალურგიული ქარხნის გარეთ ყრიდნენ. მეტალურგიული კომბინატი გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმის სახით ყოველწლიურად 150 000-დან 1 მილიონ მანეთამდე თანხას იხდიდა. ეს უნიკალური გამოგონება იყო, რისთვისაც საკავშირო პატენტი მივიღე. მაქვს მეწარმე სუბიექტის სტანდარტიც („წიდა ბრძმედის არგრანულირებული, აქტივირებული, ცემენტის წარმოებისთვის მსტ 160 15506 -001- 2003“).
ამასობაში საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ დაიწყო და სახელმწიფომ კოოპერატივების შექმნა დაუშვა. კოოპერატივი „წიდა“ 1987 წელს შევქმენი. მისი მიზანი იყო, რუსთავის გარეუბანში ნაგავსაყარზე დაგროვილი ბრძმედისა და მარტენის წიდის გადამუშავებით, ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი მაღალხარისხოვანი ინერტული მასალების წარმოება. წიდების გადამუშავებით მიღებული ინერტული მასალებისგან წარმოებულმა ცემენტმა აღიარება საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა.
1989 წელს, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს გაცემული განკარგულების საფუძველზე, კოოპერატივ „წიდას“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიის გარეთ არსებული ნაყარი წიდა გადმოეცა და მისი გამოყენების უფლება მისცეს.
1994 წელს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომ ხუთწლიანი ფლობისა და სარგებლობის შემდეგ მოძრავი ნივთი (ასეთი იყო ნაყარი წიდა) მფლობელისა და მოსარგებლის საკუთრებაში გადადიოდა – წიდა საკუთრებაში გადმოგვეცა.
წარმატებული მეწარმე ვიყავი. დიდი წარმოება არ მქონდა. შპს „წიდაში“ სულ 50 ადამიანი მუშაობდა, მაგრამ ჩვენს მიერ გამოშვებული პროდუქცია დამატებით კიდევ 500 ადამიანს ასაქმებდა. დიდი შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ ქველმოქმედებასაც ვახერხებდი.
რატომ დაინტერესდნენ თქვენი წარმოებით?
–როდესაც ნახეს, რომ გადაყრილი ნარჩენებისგან ფულის შოვნა შეიძლებოდა, დაიწყო ბრძოლა „წიდას“ ხელში ჩასაგდებად. ძალიან ხშირად საქმე გაუგონარ აფერამდეც მიდიოდა. 1996 წელს, მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა ქაშაკაშვილმა, მისმა მთავარმა ბუღალტერმა და ქარხნის აუდიტმა, ჩემი კუთვნილი 15 მილიონი ტონა წიდა 30 მილიონ ლარად შეაფასა (1 ტონა 2 ლარად) და საკუთარ საწესდებო ფონდში შეიტანა. ქონების მართვის სამინისტროს ეს თაღლითობა რომ ვერ შეემჩნია, კიდევ ახალი აფერა გააკეთეს. ქარხნის მთლიანი საწესდებო ფონდი მაშინ 100 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ ამ ფონდიდან ამოიღეს მათთვის ალბათ, მეტად სარფიანად ღირებული 30 მილიონი და საწესდებო ფონდის ოდენობა უცვლელი რომ დარჩენილიყო, მის მაგივრად ჩემი კუთვნილი წიდას წილი 30 მილიონი ჩასვეს.
თავიდან ვერ ვხვდებოდი, რაში სჭირდებოდათ ეს ნაგავი. თურმე, წიდა იყო დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის საუკეთესო საშუალება. მაშინ ქვეყნიდან ჯართის გატანა აკრძალული იყო. მხოლოდ წიდისგან მიღებული ჯართის გატანა შეიძლებოდა. იმ პერიოდში საქართველოდან გასული ჯართი წიდისგან მიღებულად ფორმდებოდა. ამ თაღლითური სქემის მეშვეობით მილიონობით დოლარი იშოვეს.
ჩემთვის „წიდას“ წართმევას შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც ცდილობდნენ. მოვახერხე შეხვედრა შევარდნაძესთან. მან საქმეში გასარკვევად დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა ბრძანა და წარმოება შევინარჩუნე.
შემდეგ ისევ დაიწყო გაუთავებელი ბრძოლები და სასამართლო პროცესები. ამ ომსა და ბრძოლაში ჩემს ინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის იურიდიული ფირმა იცავდა. 2003 წლის 25 მაისს, უზენაეს სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო. 18 მაისს დათო სააკაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ბიძია ოთარ, ეკონომიკის მინისტრის, ირაკლი ჩუბინიშვილის პირით შემომითვალეს, დოლიძე უნდა ჩაიძიროს, ასე სჭირდება ქვეყანას, შენ კი მაგ საქმეს უნდა ჩამოსცილდეო! რას მერჩიან, ხომ იცი, ცამდე მართალი ვარ, რას შვრება შენი ძმა-მეთქი? ჩემი ძმა არ ერევა ეკონომიკურ საკითხებშიო.
ეს რომ გავიგე, 19 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურიას დეპეშა გავუგზავნე, ვიცი, რომ თქვენ მიიღეთ დავალება, ოთარ დოლიძემ სასამართლო პროცესი უნდა წააგოს და მიიღეთ ზომები-მეთქი. პროცესი ისე დასრულდა, როგორც ველოდი. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნაგავი, რომელიც მე გადმომცეს თავის დროზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკუთრება ყოფილა.
ასე გამომაძევეს ჩემი შექმნილი საწარმოდან. პროცესის შემდეგ ლადო ჭანტურიამ ჩემს ადვოკატს მოუბოდიშა. მითვლიდა, არაფერი შემიძლია, მეც მალე მივდივარ ამ პოსტიდანო. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მივმართე. 2005 წელს, როცა სტრასბურგი ამ საქმით დაინტერესდა, მთავრობამ პოზიცია შეიცვალა. უეცრად გამოიტანეს განჩინება და საწარმოში დაბრუნების და მუშაობის გაგრძელების უფლება მომცეს. ერთი კვირა მამუშავეს და შემდეგ ჩემი საწარმოდან ცემა-ტყეპით გამომაგდეს. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ ევროსასამართლომ ჩემი საქმე განუხილველად რომ დატოვა, მაშინ მივხვდი ყველაფერს - მუშაობის გაგრძელების უფლება ევროსასამართლოსთვის თვალის ასახვევად მომცეს.
ევროსასამართლოს წარუდგინეს განჩინება და უთხრეს, კერძო საკუთრება არავის ხელუყვია, დოლიძის საწარმო დიდი ხანია მუშაობსო. ევროსასამართლომაც განუხილველად დატოვა საქმე. როგორც კი ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, საწარმოდან გამომაძევეს.
ჩემი ფირმის წინააღმდეგ თითქმის 20 წლის წინათ დაწყებული ბრძოლა დღემდე გრძელდება. გაუთავებელ სასამართლო სხდომებზე იძულებული ვარ ვამტკიცო, რომ წიდა ჩემი საკუთრებაა. წლების განმავლობაში ვერ ხერხდება აღსრულება სასამართლოს იმ გადაწყეტილებისა, რომლის ძალითაც ჩემს ფირმას სრული უფლება აქვს გააგრძელოს მუშაობა. ხოლო ვერ იწყებს მუშაობას იმ აბსურდული მიზეზის გამო, რომ წიდასაყრელისკენ მიმავალ გზაზე მეტალურგიულმა კომბინატმა შლაგბაუმი დადგა და დაცვა დააყენა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღმასრულებელი სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა, პოლიცია პროკურატურის ნებართვას თხოულობს, პროკურატურა აღმასრულებელთან მგზავნის, აღმასრულებელი სასამართლოში და ასე დაუსრულებლად.
აბსოლუტურად უმწეოა სასამართლო ხელისუფლება. ყველა დონის სასამართლო ინსტანცია დროის უსასრულოდ გაჭიანურებას ცდილობს იმ იმედით, რომ ოდესმე უსამართლობას შევეგუები, ან შევშინდები და ბრძოლაზე უარს ვიტყვი.
ამასობაში ნადგურდება ჩემი და ჩემთან ერთად მრავალი ადამიანის სისხლითა და ოფლით ნაშენი უნიკალური ტექნოლოგიური ხაზები, მანქანა დანადგარები და შენობა-ნაგებობანი. იზრდება ფირმის ვალები სახელმწიფოს მიმართ, რასაც კანონით გათვალისწინებული საურავებიც ემატება. მეტალურგიული კომბინატის ახლანდელი ხელმძღვანელობა თავხედურად იტაცებს ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებას - „წიდის დამუშავებისა და ლითონისაგან მისი განცალკევების ტექნოლოგიებს“ და ასობით ტონა წიდას ყიდის“.
დიმიტრი გაბუნია, ოთარ დოლიძის ადვოკატი: „ოთარ დოლიძე უნიკალური გამოგონების ავტორია. მისი კუთვნილი შპს „წიდა“ რენტაბელური საწარმო იყო. დოლიძის კუთვნილი წარმოების წინააღმდეგ გარკვეული ძალები მაშინ გააქტიურდნენ, როცა წიდას გამოყენებით საქართველოდან ჯართის გატანის დანაშაულებრივი სქემა ამოქმედდა. ამ სქემაში ჩართული ჯგუფების დ მათი ლობისტების ძალისხმევით ოთარ დოლიძეს გაუუქმეს ყველა ის დადგენილება, რომელიც წიდის გადამუშავების უფლებას აძლევდა. მას შემდეგ, რაც გაჩერდა საწარმოო პროცესი და წარმოება გაძარცვეს, რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა თვითონ დაიწყო წიდის გადამუშავება. კომბინატი დღეს ოთარ დოლიძეს აქეთ უყენებს აბსურდულ ბრალდებას, რომ პატენტი მისი არ არის.
ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი კუთხით ის არის, რომ ოთარ დოლიძემ 2005 წელს მოიგო სასამართლო პროცესი და კუთვნილ საწარმოში დაბრუნების უფლება მოიპოვა. მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო საქმის განხილვა ევროსასამართლომ დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს აღმასრულებელმა სამსახურმა დოლიძე საწარმოში შეუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე საბუთი გააფორმეს და ევროსასამართლოს გაუგზავნეს. როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების გამო წარმოება შეწყვიტა, დოლიძეს თავში კონდახები ურტყეს და საწარმო პოლიციის ძალით დაატოვებინეს. ერთი სიტყვით, ევროსასამართლოც მოატყუეს და ოთარ დოლიძეც.
ოთარ დოლიძის საკუთრების უფლების დარღვევას ჩვენ დღესაც ვასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს გაჩერების გამო ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვთ, საქმის განხილვა არ ხდება. ოთარ დოლიძეს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს – 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 პროცესი შედგა. პროცესების დანიშვნა და განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. საკუთრების უფლების დარღვევის გამო, რუსთავის სასამართლოში საქმე 2005 წელსაა შეტანილი. საქმე დღემდე გაყინულია. პატენტთან დაკავშირებით სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ეს საქმეც გაჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს კვირაში ერთხელ პროცესის დანიშვნის წერილობითი თხოვნით მივმართავთ, 11 თვეა პროცესი არ დანიშნულა. როგორც ჩანს, ესეც გავლენიანი ჯგუფების ლობირების შედეგია. საქმე რომ განიხილონ, ოთარ დოლიძის სიმართლე დამტკიცდება და ჯართის გატანის დანაშაულებრივი სქემა ჩაიკეტება და წიდას არასწორი გამოყენებაც შეწყდება“.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე კერძო ქონების ექსპროპრიაციის ამ შემთხვევას ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებს და კორუფციულ სქემაზე მიუთითებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქმე გვაქვს კერძო საკუთრების ხელყოფასთან. 1994 წლის 21 თებერვლიდან წიდასაყრელზე საკუთრების უფლება მიენიჭა ოთარ დოლიძეს. 1996 წლის ივნისში კი რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა წიდები საკუთარ საწესდებო კაპიტალში შეიტანა. ფაქტობრივად, მოხდა საკუთრების უფლების ექსპროპრიაცია და დაირღვა ოთარ დოლიძის კონსტიტუციური უფლებები.
ოთარ დოლიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კიდევ ერთი გარემოებითაა მნიშვნელოვანი. საქმე ეხება „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ კანონს“. პარლამენტმა ამ კანონის მესამე მუხლში, რომელიც ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს ეხება, 2010 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლოს დამატება შეიტანა. ამ კანონში დამატების შეტანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდას შემოტანა.
როდესაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, დავსვი შეკითხვა, რატომ არ ვიყენებთ საქართველოში არსებულ რამდენიმე მილიონ ტონა წიდას და რატომ ვაპირებთ მის უკრაინიდან შემოტანას. საკომიტეტო მოსმენის დროს მიპასუხეს, რომ საქართველოში გრანულირებული წიდა არ არსებობს და კანონში დამატების შეტანა ამიტომ გახდა საჭირო.
მას შემდეგ, რაც ოთარ დოლიძემ განცხადება შემოიტანა, ამ საქმით დავინტერესდი და წიდასაყრელზეც ვიყავი. რა თქმა უნდა, საქართველოში გრანულირებული წიდა არის და თანაც ძალიან დიდი რაოდენობით. წიდასაყრელზე ამჟამად 14 მლნ ტონა წიდაა. მას ძირითადად ცემენტის წარმოებაში იყენებენ. ამჟამად საქართველოში ცემენტის 14 ქარხანა ფუნქციონირებს და ყველა მათგანი ცემენტის წარმოებაში წიდას იყენებს – წიდის გამოყენება ცემენტს მარკას მატებს.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როცა საკუთარი წიდა გაქვს ასეთი კოლოსალური რაოდენობით, რა საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივა და მისი ლობირება იმისთვის, რომ უკრაინიდან დამატებითი რაოდენობა შემოიტანო? არ არის გამორიცხული, რომ საქმე ახალ კორუფციულ კომბინაციასთან გვქონდეს:
შესაძლოა, წიდა ისევ რუსთავიდან წაიღონ, მაგრამ ისე გააფორმონ, როგორც უკრაინიდან შემოტანილი და „ტრანსპორირების ხარჯების“ გაპრავებით მილიონობით ლარი გააკეთონ“.