ხუთშაბათს თბილისში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, გურამ საღარაძე, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 12 იანვარს, 84 წელი შეუსრულდა.
საღარაძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მრავალი წელი იყო თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრი. საღარაძის მიერ შესრულებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი სოსო (ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“), ჰეილი (ართურ მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და „საბრალდებო დასკვნა“), მინდია (კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რეზო თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“) და სხვა.
თავად საღარაძე თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს „როცა ასეთი სიყვარულია“ (პაველ კოჰოუტის პიესის მიხედვით).
მრავალი წლის განმავლობაში გურამ საღარაძე თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა მეტყველების ხელოვნებასა და კულტურას. ის მხატვრული კითხვის დიდოსტატად ითვლებოდა.
მსახიობს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1973). ის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.