"ბაგრატის ტაძარში სვეტები გამოშიგნეს და ბეტონი ჩაასხეს, რაღა უნდა დაიცვას იუნესკომ?"

ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს, ამაზე საერთოდ არ შევიცვლი აზრს!" - ასეთი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია მაშინ, როცა იუნესკო (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) ბაგრატის ტაძრის მიმდინარე რესტავრაციის გამო შენიშვნებს გამოთქვამდა. დღეს ეს ისტორიული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საშიშროების წინაშე დგას, რადგან 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა, მიზეზად კი ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელა, რომელიც ნაგებობის ავთენტურობას არღვევს. 2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში დატოვა და მის სტატუსს 1-ელ თებერვალს განიხილავს... ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ლიანა ანთელავა გვესაუბრება.

- ის, რაც ბაგრატის ტაძრის გარშემო მოხდა, ურთიერთდაკავშირებულ მოვლენათა მთელი ჯაჭვის შედეგია. რესტავრაციას მსოფლიო კულტურის საგანძურის შენარჩუნებაში უდიდესი როლი ენიჭება. რესტავრირების კონცეფციის რამდენიმე მუხლი ხელშეუხებელია: არ შეიძლება კულტურის ძეგლის ისე რესტავრირება, რომ მომავალში მისი შეცვლა ადვილი იყოს, ამასთანავე, უნდა ჩანდეს, ძეგლის რომელი ნაწილია ორიგინალი და რომელი - რესტავრირებული. ანუ, ნათელი უნდა იყოს, რომ რესტავრაციის მთავარი მიზანი ძეგლის კონსერვაციაა, მისი ნგრევა რომ არ გაგრძელდეს.

ბაგრატის ტაძრის მიმართ იუნესკოს დამოკიდებულების შეცვლა ამ ტაძრისადმი ჩვენი მაღალჩინოსნების არაპროფესიული, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია. ამ საკითხზე გამოძიება რომ დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, თითს ყველა სხვისკენ გაიშვერს. ვფიქრობ, გამოუსწორებელი შეცდომები ჯერ კიდევ 2009 წელს იყო დაშვებული. ტაძრის ბოლო რესტავრაციის თაობაზე საპატრიარქომ გარკვევით განაცხადა, რომ ამ პროექტს არ ეთანხმებოდა. საპატრიარქო მოითხოვდა, ტაძარში ღვთისმსახურება აღვლენილიყო, ლოცვის აღვლენა მსოფლიო სტანდარტების დაცვით რესტავრირებულ ტაძარშიც შეიძლება... საერთოდ, ტაძარზე გუმბათის დადგმა ყველაზე დიდი კონსტრუქციული პრობლემაა - ყველა ძეგლისათვის უმთავრესი საკითხი. ამ თემას მიეძღვნა 2012 წლის მარტში იტალიაში გამართული საერთაშორისო კონგრესი "მსოფლიო გუმბათები", რომელშიც ვმონაწილეობდი და სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ძეგლს აქვს გუმბათის პრობლემა, მათ შორის, აია სოფიას - სტამბოლში, სანტა მარია დელ ფიორეს - ფლორენციაში... სამუშაოების შესრულებისას ბზარებს ზომავენ ლაზერული სკანირებით, კოსმოსურ გამოკვლევებს აწარმოებენ... ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისას მსოფლიოს ეს გამოცდილება უნდა გაეზიარებინათ, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირი ხარ, ცხადია, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ბაგრატის რესტავრაციისას კი ეს პრობლემა "იოლად" მოაგვარეს: სვეტები გამოშიგნეს, ბეტონი ჩაასხეს და გუმბათი რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დაახურეს. რაღა უნდა დაიცვას "იუნესკომ"? სხვათა შორის, იტალიელებმა კოლიზეუმის რესტავრირებისას როცა დაინახეს, რომ ზედმეტმა ჩარევამ საქმე გააფუჭა, შეჩერდნენ, შენობა გაამაგრეს და დატოვეს.

ის, რაც ბაგრატის ტაძარში მოხდა, სულ მცირე, დილეტანტიზმის, უკულტურობის შედეგია. კულტურულ მემკვიდრეობას, თავისი ქვეყნის წარსულს ცივილიზებულ ქვეყნებში ასე არ ექცევიან. რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შემავალ ქუჩაზე ის უსახური სახლებიც კი არ დაანგრიეს, რომელიც დიქტატორ მუსოლინის ეპოქაში აშენდა, ჩვენთან კი "იმელის" შენობა, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის შედევრია, დაანგრიეს და ამას კომერციული მიზნით ხსნიან. რატომ ვცდილობთ საკუთარ წარსულთან ანგარიშის გასწორებას? ის, რაც 
ახლა დგას, არ არის ბაგრატის ტაძრის ის პროექტი, რის აშენებაც თუნდაც 2009 წელს გადაწყდა; ასეთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილის გარდა ვერავინ მიიღებდა, ხოლო მისი განმხორციელებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ვაჩეიშვილია. ის, რაც დღეს ბაგრატის ტაძრის სახით მივიღეთ, არის პაპიე-მაშე, ერთგვარი ბუტაფორია. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს კოლეგას ავიწყდება, რომ არქიტექტურა გარკეული ინფორმაციის მქონეა. ბაგრატის ტაძარი, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის სახელთან არის დაკავშირებული, ანუ ერთიანი ძლიერი საქართველოს სიმბოლოა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ასპექტიც, რომ საქართველოში მონარქია ბუნებრივი განვითარების გზით არ დასრულებულა - მეფისთვის თავი არ მოგვიჭრია, არც მოგვიკლავს, ფრანგებისგან, ინგლისელებისგან თუ რუსებისგან განსხვავებით. გვავიწყდება ისიც, რომ კულტურული აღმშენებლობა კოლექტიური მოვლენაა - ქვეყანას ის პირველი პირი ჰყავს, ვისაც იმსახურებს. ახლა კი გამოვიდა, რომ მეფეს თუ არა, ტაძარს მოვაჭერით თავი.

- შესაძლებლად მიიჩნევთ, 1-ელ თებერვალს დანიშნულ იუნესკოს კომიტეტის სხდომამდე ეს პრობლემა მოგვარდეს?
- ეს არის ბანალური "ნაციონალური" ტყუილი. 2009 წლის შემდეგ ბაგრატის ტაძარში არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ბაგრატის ტაძრის საფუძველს დღეს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ზემოდან ადგას.
ჩემი აზრით, იუნესკო ბაგრატის ტაძრის მიმართ აღარაფერს შეცვლის და ვერც კულტურის სამინისტროს ახალი ფორმულირებები უშველის საქმეს! როცა არქიტექტურის ძეგლი იუნესკოს ნუსხაში შედის, ნიშნავს, რომ ის არის საკვლევი თემა, რომ ის საინტერესოა მთელი კაცობრიობისათვის, სხვა კულტურებისთვის. ახლანდელი ბაგრატი კი, სამწუხაროდ, ამგვარ ინტერესს აღარ იწვევს. არც ჩვენი ქვეყნისა და მით უმეტეს, მსოფლიო თანამეგობრობისთვის, კულტურული ღირებულება აღარ აქვს.

- თუ შეიძლება რაიმეს შეცვლა, ერთგვარი გამოსავლის ძიება, რომ ბაგრატს სტატუსი დაუბრუნდეს?
- სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. იუნესკომ თავისი დამოკიდებულება რომც შეიცვალოს, არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, მხოლოდ თავს მოვიტყუებთ.

ბაგრატის ტაძრის სავალალო მაგალითის გათვალისწინებით, მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. მახსოვს, რონალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ ჩატარებული რეგიონული ფესტივალის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ("კულტურათა დიალოგი") ვატიკანის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ნუნციუსმა კლაუდიო გუჯეროტიმ წაიკითხა მოხსენება "სტუმარ-მასპინძლის ლიტერატურული ანალიზი", რომლის დასკვნაშიც თქვა: მესმის, რატომ ღიზიანდებით უდიდესი ჰუმანისტური კულტურის შემქმნელი ხალხი, როცა ევროპელები ჩამოდიან და ტრენინგებს გიტარებენ დემოკრატიასა და ჰუმანიზმზეო, და იქვე დასძინა: სამწუხაროდ, თქვენ ეს მემკვიდრეობა დაგავიწყდათ და ახლა ამის გახსენებაა საჭიროო.

ცნობისათვის

ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე".