კორონავირუსმა ტურიზმის სფერო იმდენად ჩაძირა, რომ ზამთრის სეზონის იმედიც უკვე გადაწურულია. მუშაობის აზრს ვერ ხედავენ სასტუმრობი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად დაკეტილია, ხოლო ნაწილი საკარანტინე სივრცედ არის გადაკეთებული.
ვითარების დრამატულობას ადასტურებენ დარგის სპეციალისტებიც. ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკო კვარაცხელია ფიქრობს, რომ სექტორში დანაკარგის ანაზღაურებას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდება. გარდა ამისა, უამრავი ობიექტი გაკოტრების პირასაა და შეიძლება მომავალ გაზაფხულამდე ვერც მიატანოს.
„ცხადია, არსებულ მძიმე მდგომარეობას თეთრი ტურიზმი ვერ გამოსწორებს. მძიმე სიტუაციაა ყველგან, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენ კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა.
ქვეყანამ აქცენტი შიდა ტურიზმზე გააკეთა, რაც მიმაჩნია, რომ სწორია, მაგრამ ამანაც ვერ უშველა საქმეს. სამუშაო ადგილები რაც იყო, დიდ ნაწილს ტურიზმი უკეთებდა გენერირებას, სხვადასხვა სფეროში. ახლა ან უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის ან ტურისტები უნდა შემოვიდნენ, რის ალბათობაც მცირეა.
ზამთარში რომც ამუშავდეს ტურიზმი, შეიძლება, კურორტებზე ეპიდემიის ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ბათუმში. რეალურად არაფერი გამოდის. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ვითარების გამოსწორების პირი არც ზამთარში ჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო მდგომარეობა გვექნება“, - განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.
სასტუმროების მოლოდინიც საკურორტო სეზონთან დაკავშირებით პესიმისტურია, მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტურისტები არც ზამთრის სეზონზე ესტუმრებიან საქართველოს, შესაბამისად, ბიზნესისთვის საკარანტინე სივრცედ დარჩენა უფრო მომგებიანია.
„ახლა საკარანტინე სივრცე ვართ, მუდმივად იცვლება სიტუაცია, ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში. თუ ავიარეისები არ აღდგა და ჯავშნები არ გვექნება, მაშინ დავრჩებით საკარანტინო სივრცედ. ძალიან რთულია რამე მოლოდინი გქონდეს ან არ გქონდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ფრენის აღდგენაზე და რჩება შიდა ბაზარი, რომელიც დიდად ვერ განსაზღვრავს სეზონის ეფექტურობას. თუ ვერც ერთი სტუმარი ვერ დაჯავშნის სასტუმროს, რა თქმა უნდა, სანამ საჭიროა საკარანტინე ზონად დავრჩებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“ მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ.
სასტუმრო „გუდაურა“ მარტის შემდეგ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო სივრცედ მუშაობის შემოთავაზება მიიღეს, სასტუმროს ადმინისტრაცია მაინც საკურორტო სეზონის გახსნას ელოდება.
„ამჟამად, ჩვენი სასტუმრო დაკეტილია, რადგან სეზონის დაწყებას ველოდებით. საკარანტინო სივრცედ მუშაობაზე გვქონდა შემოთავაზება, თუმცა უარი ვთქვით. მარტის შემდეგ გაჩერებულები ვართ. მაისში ავიღეთ ნებართვა, რომ შევძლებდით ყველანაირი რეგულაციის დაცვით სამუშაოს განახლებას, თუმცა ჯავშნები წინა წლების ჯავშნებთან შედარებით, მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს. თუ პოზიტიური სიტუაცია იქნება, იმედი გვაქვს გავაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, გუდაურში სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია, მუშაობის აზრს ვერ ხედავენ“, - აღნიშნა სასტუმრო „გუდაურას“ მფლობელმა.