თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრების - ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის ფარული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოდის...
ახალაიას ბრძანებით, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციისა და სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა
შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უახლოეს გარემოცვაზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა - ახალაიებისა და მერაბიშვილის გუნდების გამოაშკარავებულმა დაპირისპირებამ - საზოგადოებისთვის ნათელი გახადა, რა ხდებოდა "ნაციონალების" ხელისუფლების დროს.
ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის ბოლოდან 2012 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში - კარგად გვახსოვს, როგორ ტრიალებდა მაშინ საკადრო "კარუსელები".
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის გუნდში ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკად ითვლებოდა, თუმცა 2009 წლის ზაფხულიდან - მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დანიშნა - მისი გავლენის სფეროებმა შესუსტება დაიწყო.
ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სათავეში ყოფნისას ჰქონდა ერთპიროვნული ძალაუფლება, თუმცა ის ვერ შეედრებოდა თავდაცვის მინისტრის ხელში არსებულ ბერკეტებს, მით უფრო, რომ ბაჩო ახალაიამ, ფაქტობრივად, სრული კონტროლი დაამყარა გაერთიანებულ შტაბსა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე.
სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ახალაიასა და მერაბიშვილის გუნდების ფარული დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის უხილავი გახლდათ, მაგრამ მას კარგად გრძნობდნენ შს-სა და თავდაცვის სამინისტროთა ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ხშირი სამსახურებრივი და ასევე პირადი ურთიერთობა ჰქონდათ ამა თუ იმ მინისტრთან.
"კვირის პალიტრაში" ადრეც ვწერდით, რომ ორ ძალოვან მინისტრს შორის ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ახალაიას ბრძანებით, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციისა და სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უახლოეს გარემოცვაზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს ოპერატიული თვალთვალისა და სატელეფონო საუბრების მოსმენის თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურის გამოყენებით.
ის, რომ მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც თავდაცვის მინისტრებზე კომპრომატებს აგროვებდა, უდავოა. მას ჰქონდა შეშფოთების საფუძველი, რადგან ახალაიების გუნდი ძალიან სწრაფად იმყარებდა პოზიციებს ხელისუფლებაში და გავლენის მასშტაბით მალე მერაბიშვილის გუნდს გაუსწრებდა.
ამის დადასტურება შეიძლება იყოს ბაჩო ახალაიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრად, რაც გაპრემიერებული, მაგრამ რეალურად ძალაუფლებადაკარგული ვანო მერაბიშვილისთვის მთლად სასიხარულო ფაქტი არ უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის იხტიბარს არ იტეხდა და აცხადებდა - ბაჩო ახალაიას კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილს მე შევთავაზეო.
ძნელი სათქმელია, გააანალიზა თუ არა "ნაციონალების" ხელმძღვანელობამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიზეზები, მაგრამ უდავოა, რომ მათი მარცხი მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლამ და იქ ბაჩო ახალაიას დანიშვნამაც განაპირობა - ახალი მინისტრი შსს-ში დიდი სიმპათიით არასდროს სარგებლობდა.
მერაბიშვილისა და ახალაიას ფარული დაპირისპირების ერთგვარი შედეგი შეიძლება ყოფილიყო ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ნათლად გამოიკვეთა შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი დაპირისპირების ნიშნები.