გომელაური ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას

გომელაური ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას

„მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა“ - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როდესაც აყვანილია მძევალი, არსებობს მსოფლიო სტანდარტი, რითაც იმოქმედა სახელმწიფომ.

„ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმეული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა, რადგან ის ადამიანი იქიდან ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მძევლების განთავისუფლების ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ ახლა შს მინისტრი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ქვეყნის პირველ პოლიციელს პრემიერ–მინისტრმა ახალი ამოცანა დაუსახა – უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს.

„ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ–სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს–მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც მუშაობს შსს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წარმატებულ ოპერაციას, სახელმწიფოს წარუმატებლობად აფასებენ ოპონენტები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი შს მინისტრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც სვანეთში ჩატარებული უმძიმესი სპეცოპერაციის ავტორია, აცხადებს, რომ ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის და თვლის, რომ „პრახადნოი დვორია“. ბარამიძე ამბობს, რომ თავდამსხმელმა ქართულ დროშას განზრახ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მისივე თქმით, ქართველი სამხედროების შეურაცხყოფაც არის.

„გამოდის, რომ ნებისმიერი ბოროტმოქმედი, ვინც ასეთ რამეს ჩაიფიქრებს, კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ მას ფულს მივცემთ და გავუშვებთ. ამას უკვე სახელმწიფო ვერ აუვა და ჩამოგვეშლება. ეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, რუსულად რომ ვთქვათ, ეს „პრახადნოი დვორია“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ტერორისტი და ბოროტმოქმედი დაკავებული იქნება. მიმაჩნია, რომ ეს ტერაქტი იყო. ის არ არის უბრალო მძარცველი.

თუკი ეს ადამიანი მხოლოდ ფულადი და პირადი ინტერესებით არ იმართებოდა და მის უკან რაღაც ძალები დგას, აშკარაა, რომ ეს ძალები სახელმწიფოს მადესტაბილიზირებელია. ამასთან, გაჩნდა კითხვები, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რასაც პასუხი გაეცა მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, გადაკვეთა ეს ხაზი. ის, რომ სახელმწიფო არ შედგა და როგორც ივანიშვილი იტყოდა, პატარა სოფელი ვართ, სწორედ ეს სჭირდება რუსეთს და ეს მათი ოცნებაა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, გიგი უგულავას შეფასებით, ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარი თვლის, რომ სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბარი არის უსინდისობა.

„ვნახეთ სრული ეროზია და კრახი კრიმინალთან ბრძოლაში. ფაქტია, რომ კოვიდთან ბრძოლაში ეს მთავრობა ჩაფლავდა, კრიმინალთან ბრძოლაში ჩაფლავდა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ეს მთავრობა ჩაფლავდა. ჩვენ გვაქვს ტოტალური ჩაფლავება იმ მთავრობისა, რომელიც უნდა წავიდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ პოლიციამ უდავოდ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები. პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ დანაშაულებები, სამწუხაროდ, ხდება არა მარტო საქართველოში და ფაქტია, რომ პოლიციამ გაართვა თავი ამოცანას, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები.

„ვახტანგ გომელაურმა საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ, ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი „პოლიტიკური სვავი“ ხეზე შემომჯდარი, ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ–ერთი სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

ყოფილი მძევალი, რომელმაც გამტაცებელთან კომუნიკაცია დაამყარა, ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35–40 წლამდეა. თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს.

„თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა.

თავდამსხმელს სამართალდამცავებთან მოლაპარაკება სხვა მძევლის ტელეფონის საშუალებით ჰქონდა. ჩანთა მოუტანეს, რომელიც ჩვენ თვალწინ გახსნა. ჩანთაში ხუთი შეკვრა იყო, მაგრამ რა იყო ეს, არ ვიცი. თვითონვე ნახა, რომ ხუთი შეკვრა იყო რაღაც, მაგრამ სათითაოდ არ დაუთვლია“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

ტერორიზმის კვალიფიკაციაზე საუბრობს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რომლის შეფასებით, სამხედრო ფორმა, რომელიც გამტაცებელს ეცვა, ძველია და გახუნებული. დიდი ალბათობით, ნახმარ ფორმას ნაგავსაყრელზე არ აიღებდა. მისი თქმით, ფორმის შეფერილობით შეიძლება გათვლა რომელ წლებში და რომელ ძალოვან უწყებებს მიეწოდებოდა ასეთი ფორმა. ანუ წრე შეიძლება გამოიკვეთოს, შემდეგ გამორიცხვის მეთოდით.

„ეს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ფორმაში იყო, ანუ თუ ყოფილი ძალოვანია. დიდი ალბათობით უკვე უნდა არსებობდეს მისი ხმის ნიმუში. შესაძლოა სამართალდამცავები სხვა დამატებით ინფორმაციასაც ფლობდნენ. ეს მხოლოდ არასპეციალისტის ვარაუდებია. არ ვარ პუარო. თუმცა ქვეყანაში ბევრი პუარო, მეგრე და ჰოლმსი გვყავს. დუღს მედია და სოცქსელი. ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია. მაგრები არიან, გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ფულს ასახელებენ მოტივაციად.

პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, საიდან ამტკიცებ, რომ ფული ტერორისტეული საქმიანობისთვის არ სჭირდება? თავისი შინაარსით ახლოსაა ტერორისტულ აქტთან. ვისაც არ სჯერა, წაიკითხოს კოდექსში ტერორიზმის და ტერორისტული აქტის განმარტება. გადაკვალიფიცირდება თუ არა, ძიების დროს გამოჩნდება, ან დარჩება ყაჩაღობა, წამება იარაღის უკანონო შენახვა–ტარების მუხლებით“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

 

Katana . ოპოზიციას, ალბათ, სამაგალითოდ ესახება რუსული სპეცნაზების მიერ ჩატარებული ოპერაციები ნორდ-ოსტში (დაიღუპა 200 მძევალი) და ბესლანში - 333 ადამიანის მსხვერპლით!

ცხადია, კარგი იქნებოდა, რომ
3 წლის უკან
Katana დამნაშავე არ გაქცეოდათ, მაგრამ ამას თავისი ობიექტური მიზეზებიცა აქვს, რაზედაც ანტიტერორისტული საქმიანობის სპეციალისტმა ისაუბრა...
3 წლის უკან
Katana . დრონები ღამის ხედვის კამერებით, დისტანციური დაჩიპვის საშუალებები და ა.შ.
3 წლის უკან
Katana , რაზედაც სასწრაფოდ მოუწევთ ზრუნვა... თუმცა, მაინც ისე გამოვა, ბებერი რომ გააუპატიურეს და კარები მერე ჩაკეტესო :)
3 წლის უკან