„პროფესიონალია, ან სამხედროა ან სპეცრაზმელი“ – რა ნიშნებით გამოიცნეს ზუგდიდელი თავდამსხმელის ხელობა

 „პროფესიონალია, ან სამხედროა ან სპეცრაზმელი“ – რა ნიშნებით გამოიცნეს ზუგდიდელი თავდამსხმელის ხელობა

„ზუგდიდელ თავდამსხმელს“ პოლიცია ახლა გამალებით ეძებს. მოხდა თუ არა მისი იდენტიფიცირება, უცნობია. გამოითქვა ეჭვი, რომ მამაკაცი მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა. 

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში  ჯერ კიდევ იკითხება ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი, რომელიც სენაკის სამხედრო დანაყოფში მოღვაწეობს. მის მიმართ გარკვეული ეჭვები გაჩნდა, რომ ის სხვა ტყვეების მსგავსად არ მოქმედებდა.  ნათესავები და ახლობლები ამბობენ, რომ ხვიბლიანი უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული. შს მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ხვიბლიანი ისეთივე მძევალი იყო, როგორც დანარჩენი ადამიანები. ხოლო არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს ორი დამხმარე კი არა 10 კაციანი ჯგუფი ჰყოლოდა. ამიტომაც გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

 „რეზონანსთან“ სამხედროები და ამ დარგის სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ დამნაშავე სამხედრო პროფესიონალია ან სპეცრაზმელი. შესაძლოა მოქმედიც იყოს. მისი მოძრაობის გადაადგილების იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარჩვევებს. განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი კარაბინი სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად. კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა, შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვით, ეკეთა 70 -იან წლებში გამოშვებული მჭიდი.  ხელში ეჭირა ასევე რუსული წარმოების ეფ-1. ეს თავდაცვითი ხელყუმბარაა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში აზიანებს სამიზნეს.

პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი. ამიტომ, სნაიპერს რომ მოეკლა ხელყუმბარა სამ წამში აფეთქდებოდა. დახურულ სივრცეში ხელყუმბარის ეფექტურობა ორმაგდება. არცერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა.

შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის. ექსპერტების თქმით, ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა. ჟურნალისტებმა შს მინისტრს ჰკითხეს, მოხდება თუ არა დანაშაულის წახალისება, რადგან დამნაშავემ მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი და პოლიციამ ამ დრომდე მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოდის, ასევე ექსპერტები, რომლებსაც შეხედულება აქვთ, რომ საპოლიციო მოქმედებები ასეთი არ შეიძლება იყოს. ზოგადად, როდესაც მძევალი აყვანილია, ამას აქვს თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები და არ არის არც საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის, არამედ ეს არის სტანდარტები. არის ა, ბ, ც საფეხურები - დაწყება, შესვლა-არშესვლა, ვთქვათ ბოროტმოქმედისთვის იმის მიცემა, რასაც ითხოვს, ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ და ახალი არაფერი გამოგვიგონია,"  - განაცხადა მინისტრმა.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს გამოვალ და ღიად ვიტყვი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც მძევალს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის "საქართველოს ბანკმა" გადაიხადა.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შს მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ არ შეუმჩნევია, თავდამსხმელს ვინმესგან ინსტრუქციები მიეღო და კომუნიკაცია ჰქონოდა.

„იმის დამადასტურებელი, რომ თანამზრახველები ჰყავდა. არ მაქვს, თავისი ტელეფონი არ გამოუჩენია. ქართულად საუბრობდა, მაგრამ როდესაც მეგრულად დავუწყეთ ლაპარაკი, გამოგვეპასუხა,“ - აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

მისთვის ძნელია გამოარჩიოს, რომელი რაიონისთვის დამახასიათებელი აქცენტით საუბრობდა თავდამსხმელი. არც ერთი კუთხისთვის დამახასიათებელი აქცენტი არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ იმეორებსს, რომ იარაღთან მოქცევის პრაქტიკა ჰქონდა.

„ნამდვილად არ იყო შორს იარაღთან, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მისი ქცევები მაფიქრებინებს, რომ ჰქონდა ხანგრძლივი პრაქტიკა იარაღთან ურთიერთობის," - განაცხადა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მას ჰყოლოდა თანამზრახველები შენობაში,  კვარაცხელია აცხადებს, რომ მას, რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს. რაც შეეხება გარეგნობას, ამბობს, რომ თავდამსხმელს ყველაფერი დაფარული ჰქონდა

„კანის ის ნაწილი, რომელიც თვალებთან ერთად ჩანდა, ისიც შეღებილი ჰქონდა და შესაბამისად, რაიმე ასეთი მახასიათებელი მე არ შემინიშნავს და ეჭვი მაქვს, არც არავის,“ - განაცხადა ყოფილმა მძევალმა.  

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში.

„იმ მწირი ვიდეოინფორმაციით, რაც იყო და ყველამ ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ ის ფორმა, რაც ეცვა, ქართული არმიისაა, რომელიც ჩაიცვა აგვისტოს ომის მერე. თვითონ აღკაზმულობა და ის, რომ ქართული დროშა მარჯვენა მხარეს ეკეთა და არა მარცხენაზე, მიუთითებს, რომ იცის სამხედრო ფორმის ტარება, ანუ დიდი ალბათობით, სამხედროა, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში....

„აქ ერთი ნიუანსია, ის მგონი ცაცია არ იყო და მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ის ვერ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვათა შორის, იმ მომენტში, ისე ახლოს ისხდნენ მძევლები, რომ ძნელია ამის თქმა, მაგრამ შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

მეორე, ის, რომ ის იჯდა ოთახში, ოთახი იყო შემინული, გარედან ჩანდა, ხოლო მძევლები იატაკზე ისხდნენ. ანუ ის გამორჩეული იყო მათგან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ იქ ვნახეთ, რომ სპეცრაზმს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი სნაიპერული შეიარაღება, კი შუშა იყო, შუშას შეიძლებოდა შეეცვალა ტყვიის მიმართულება, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მისი წყობიდან გამოყვანა შეიძლებოდა. მაგრამ თუ მას ჰქონდა რგოლი გამოცლილი ხელყუმბარიდან, მაშინ საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდი იქნებოდა, იმიტომ, რომ 3-4 წამში თუ ის ხელს გაუშვებდა, აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. 

ვიცე პოლკოვნიკი და სამეხდრო ანალიტიკოსი ვანო ნადირაძე არც იმას გამორიცხავს რომ თავდამსხმელი სპეცრაზმელია და მას მომზადება სხვადასხა ქვეყნებში უნდა ჰქონდეს გავლილი. ასევე მას ფეხზე ეცვა სამხედრო ჩექმა, რომელსაც მხოლოდ იმ ჯარისკაცს აძლევენ, რომლებიც ავღანეთში მოყვაწეობენ. მას აქვს ანტიტერორისტული მომზადება გავლილი.

„ვიდეოში, როდესაც ვაკვირდებოდი, იარაღის  კონდახი ახლოს მხართან აქვს, ეს ავტომატურად მუშავდება ყოველდღიური ინტენსიური ვარჯიშების დროს. ხელის მტევანი როგორ უდევს სასხლეტთან, როგორ უჭირავს ხელყუმბარა. ხელყუმბარის დაჭერაც გამომუშავებული აქვს. ამას არაპროფესიონალი ვერ იზამს. ფსიქოლოგიურად არის საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდის, რაც სპეცრაზმელის ხასიათზე მეტყველებს. მას მსგავს კრიზისულ სიტუაციებში  ყოფნის  გამოცდილება აქვს.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უბრალოდ ყოფილი ჯარისკაცი კი არა არის, ის არის კარგად მომზადებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ან მოქმედი ან ყოფილი,“ - ამბობს ვანო ნადირაძე.