გიორგი გახარია: ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ვართ, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს

გიორგი გახარია: ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ვართ, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს

„გუშინ მსოფლიოში კიდევ ახალი ანტირეკორდი დამყარდა და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ჯამურმა რაოდენობამ კი 41 მილიონს გადააჭარბა, ევროპის ბევრ ქვეყანაში ანტირეკორდები დამყარდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად იზრდება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ვართ, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღაბის ტარება. დღესაც ვესაუბრეთ ეპიდემიოლოგებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.