უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს შორის, ლევან კობიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მე-15 წელია, რაც ის სტაბილურად ასპარეზობს ბუნდესლიგაში და 34 წლის ასაკში, საკვანძო ფიგურად ითვლება ბერლინის „ჰერტაში”. გარდა ამისა, ლევანი შეუცვლელი მოთამაშეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომლის რიგებში მან 100 მატჩი ჩაატარა.
ლევან, პროფესიულ ფეხბურთში შენი პირველი ნაბიჯები გაიხსენე.
– ეს ის პერიოდია, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ. თავიდან რუსთავში დავიწყე თამაში და ერთი წლის შემდეგ თბილისის „დინამო” დაინტერესდა ჩემით. მაშინ დავით ყიფიანი იყო მთავარი მწვრთნელი. მიმიწვიეს „დინამოში”, გავაფორმე ხელშეკრულება გარკვეული ვადით, მაგრამ საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე გამოვდექი ერთადერთი ფეხბურთელი იმ ახალგაზრდა თაობიდან, რომელმაც ყველაზე ნაკლები დრო გავატარე „დინამოში”. ძალიან მალე გადავედი „ალანიაში”, სადაც ერთი წელი ვითამაშე, ბოლოს პრობლემები შემექმნა, ტრავმა მქონდა და მოედანზე გასვლა აღარ მიწევდა. „ალანიიდან” „ფრაიბურგში” წავედი, საიდანაც ისევ „დინამოში” დავბრუნდი. ხელშეკრულება ისე მქონდა გაფორმებული, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს” უნდა დავხმარებოდი. ეს იყო 1998 წელი, მაშინ „დინამო”, მგონი, ყველაზე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, ბილბაოს „ატლეტიკთან” დავმარცხდით ორ მატჩში.
თუმცა უცხოეთში სათამაშოდ წასვლამდე იყო პირველი თამაში ნაკრებში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.
– იმ პერიოდსაც სიამოვნებით ვიხსენებ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო ჩემთვის პირველი თამაში. მეორე მხრივ კი უარყოფითიც ჰქონდა ამ თამაშს, რადგან ჩემი შეცდომის გამო ბოლო წუთზე, გუნდმა თამაში წააგო. საერთო ჯამში, იმ მომენტს თუ არ ჩავთვლით, ჩემი როგორც დებიუტანტის თამაშით, კმაყოფილი დავრჩი და მთლიანად, გუნდმაც კარგად ითამაშა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე იყო, რომელმაც პირველად მიმიწვია გუნდში და სულ არ ველოდი, რომ ძირითადში ვითამაშებდი. ნორვეგიის თამაშის შემდეგ, ჩემი შეცდომის გამო რომ წააგო გუნდმა, სასტუმროში რომ დავბრუნდით, ძალიან განვიცადე, ვინერვიულე, მაგრამ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მხრიდან, ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ რაღაც ეტაპზე ეს ძალიან დამეხმარა. ვერ ვიტყვი, რომ ის შეცდომა დავივიწყე, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა გამოცდილი ფეხბურთელებისგან მხარდაჭერას გრძნობ.
გერმანიაში სათამაშოდ წასვლის პერიოდს როგორ გაიხსენებდი?
– მთლიანობაში ჩემს კარიერას რომ გადავხედო, ყველა ტრანსფერი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თავიდან „დინამოში”, მერე „ალანიაში” მოვხვდი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატს ლიდერობდა, ეს გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი იყო. „ალანიაში” ერთი სეზონი გავატარე და როგორც ფეხბურთელმა, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი დავინახე. ტრავმების მიუხედავად, იქ გატარებულ პერიოდს, წარმატებულად მივიჩნევ – რუსეთის საუკეთესო ლეგიონერად, დებიუტანტად და ახალგაზრდა ფეხბურთელად დამასახელეს. იმ წელს მესამე ადგილზე გავედით ჩემპიონატში და მე სულ 20-21 მატჩში ვითამაშე. ამის შემდეგ წავედი „ფრაიბურგში”, საიდანაც მცირე ხნით „დინამოში” დავბრუნდი ლიგის მატჩებისთვის, შემდეგ კი ისევ „ფრაიბურგში” წავედი.
არაერთ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობა კარიერის განმავლობაში, რომელს გამოარჩევდი, რომელმა ითამაშა დიდი როლი ლევან კობიაშვილის როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში?
– თუ კონკრეტულად გერმანიაზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ფინკემ, მაგრამ საერთოდ, ყოველთვის ვერიდები მწვრთნელების დახასიათებას და შედარებას. არ მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მწვრთნელთან სერიოზული პრობლემა მქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ „შალკეში” ყოფნის ბოლო წელს, სიტუაციიდან გამომდინარე, ფელიქს მაგათთან გარკვეული პრობლემები მქონდა. მაგრამ ახლაც ვამბობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. თუ სადმე ვხვდებით ერთმანეთს, თბილად ვესალმებით. მოკლედ ვიტყვი, ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა ფოლკერ ფინკემ.
ბუნდესლიგაში ჩატარებული რომელი მატჩი გახსენდება განსაკუთრებულად?
– ყოველი მატჩი, სადაც გოლი გავიტანე, განსაკუთრებულია ჩემთვის – თუნდაც, ოლივერ კანს რომ გავუტანე გოლი. არის ისეთი თამაშები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება, იგივე „შალკეში” ყოფნის დროს, „ბაიერნთან” 2:2 ვითამაშეთ. იმ მატჩზე გულშემატკივრების პროტესტი იყო, კლუბის სრული სახელი „შალკე 1904-ია“ და გულშემატკივრები საწყის 19 წუთისა და 4 წამის განმავლობაში, საერთოდ არ იღებდნენ ხმას. შემდეგ ყველამ ერთდროულად დაიწყო ტაშის დაკვრა და ყვირილი. ისეთი ხმაური იყო სტადიონზე, მანამდე არსად რომ არ გამიგია. ზუსტად იმ 19-სა და 04-ს როგორც კი გადასცდა დრო, გავიტანე გოლი და ალბათ, გავა დრო, ქომაგებს კი მაინც ემახსოვრებათ ეს.
კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლა – ეს თემა აქტუალურია და შენი კომენტარი საინტერესო იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
– მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უპირველეს ყოვლისა, კახა კალაძე უნდა შევაფასოთ როგორც ფეხბურთელი. თორემ მარტო ის თუ გავუხსენეთ, ორი გოლი რომ გაიტანა საკუთარ კარში, არ იქნება სწორი. საერთოდ ეს კრიტიკა გამოიწვია იმან, რა ვითარებაშიც განაცხადა მან ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. მე არ ვაკრიტიკებ კახას, ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს როგორც უნდა მოიქცეს. ნამდვილად ვიცი, მე როგორ წავალ ნაკრებიდან და ფეხბურთიდან. შეიძლება, ვიღაცისთვის კახას წასვლის ფორმა მიუღებელი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როგორც ფეხბურთელი, კახა კალაძე უნდა გააკრიტიკო და არ თქვა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო საქართველოს ისტორიაში. შემდეგ ვისაუბროთ, მომავალში რას იზამს კალაძე, რას გააკეთებს – ეს მისი მომავალი ქმედებებიდან შეაფასონ. მაგრამ, როგორც ფეხბურთელი რომ თქვა, წარუმატებელი იყოო, არამართებულია. პირადად მე და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ამაყობდა, როდესაც კალაძემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბევრ ცნობილ ფეხბურთელს, იგივე რონალდოს, არ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ისე წავიდა ფეხბურთიდან. ამ ადამიანმა კი ეს შეძლო. მესმის, რომ ეს წარმატება საქართველოს სახელით არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ ხომ ვამაყობდით, მისი ქართველობით და იმით, რომ საქართველოს დროშა ეჭირა ხელში. გავა წლები და არ ვიცი, რამდენად გაიხსენებენ კალაძეს როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ფეხბურთელი, კალაძე ნამდვილ გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრებათ. ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, არის ფეხბურთელი, რომელიც სამაგალითოა და ასეთი ფეხბურთელია კახა კალაძე. მისთვისაც არავის არაფერი არ უჩუქებია, მან თავისი შრომით მიაღწია ამ წარმატებას. ის არის მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომ ქართველსაც შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, ითამაშოს „მილანში” და მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
ლევან, შენთვის ვინ იყო სამაგალითო ფეხბურთელი?
– ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვი, მეც სულ ვუყურებდი ფეხბურთებს და ვაკვირდებოდი ჩემს პოზიციას – მარცხნივ. პაოლო მალდინი იყო იმ წლებში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. მეც სულ ვაკვირდებოდი მას – რას აკეთებდა, როგორ მოძრაობდა და ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ფეხბურთელი იყო.
როგორი შეგრძნება გქონდა, როდესაც მალდინის წინააღმდეგ მოგიწია თამაში?
– ნორვეგიის შემდეგ, პირველი ოფიციალური, შესარჩევი მატჩი ნაკრებში იტალიასთან გასვლაზე ვითამაშე, როდესაც მოედანზე გავედით გასახურებლად, სულ მეორე მხარეს ვიყურებოდი. ისეთი ფეხბურთელები იყვნენ იქით, რომლებიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორის საშუალებით მენახა. ის მატჩი დღემდე მახსოვს – როგორ გავედით სათამაშოდ მოედანზე, სად იყო გასასვლელი და აბსოლუტურად, ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია.
ნაკრების ახალ, შესარჩევ ციკლზე, ჯგუფზე რას იტყვი?
– ბოლო დროს ისე ვითარდება მოვლენები, არც კი ვიცი, ვჭირდები თუ არა ნაკრებს. როგორც გულშემატკივარს თუ მკითხავ, ვიტყვი, რომ ძალიან რთული ჯგუფია. საერთოდ, ფეხბურთი ისეთი არაპროგნოზირებადი გახდა ბოლო პერიოდში, ძნელია, რაღაცის წინასწარ თქმა. შეიძლება, რაღაცა მოხდეს, როგორც მაშინ, იტალიასთან ფრე რომ ვითამაშეთ. მაგრამ, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხრა ჯგუფიდან, ერთი იყო ხუთგუნდიანი და ისიც ჩვენ შეგვხვდა, თან საფრანგეთისა და ესპანეთის გარდა, ბელარუსი და ფინეთია მასში – ასევე ძლიერი ნაკრებები, რთულია რამის პროგნოზირება. მე ვთქვი ჩემი სათქმელი და იმედია, გამიგებენ, ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ნაკრები ჩემთვის პირველ ადგილზეა. იქნება ფედერაციიდან მესიჯი, რომ გვჭირდები და მოდი, ითამაშეო, ნამდვილად ისევე გამეხარდება, როგორც მანამდე, ასჯერ გამხარებია. თუ არ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, გული დამწყდება, მაგრამ ვიტყოდი, თუ ამით ფეხბურთელს დაკარგავს ნაკრები, ერთით მეტი გულშემატკივარი გაუჩნდება.
სპორტულ თემას გადავუხვიოთ. გვითხარი, როგორ ცხოვრობს ლევან კობიაშვილის ოჯახი ბერლინში, არიან თუ არა ჩართულები ოჯახის წევრები ფეხბურთში?
– ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, არაფერი განსაკუთრებული. ფეხბურთის მხრივ ძალიან დატვირთულები ვართ. ჩემი ბიჭი ფეხბურთსა და ბეისბოლზე დადის, ძალიან გაიტაცა ამ სპორტმა, მწვრთნელები აქებენ და არ ვიცი, რა გამოვა ამ საქმიდან. ფეხბურთშიც კარგად მისდის საქმეები. ფეხბურთის გარდა საოჯახო საქმეებშიც ვარ ჩართული – ბავშვების სკოლასა და ბაღში წაყვანა-გამოყვანა. საღამოობით ვცდილობ, რომ სახლში არ ვიჯდეთ, მეუღლესთან ერთად დავდივარ თეატრში, კინოში. ოჯახთან ურთიერთობა, იმდენად დადებითი ენერგიით მმუხტავს, რომ მეორე დღეს ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარება.
საჭმელზე უნდა გკითხო, რომელი კერძი გიყვარს განსაკუთრებულად?
– ადრე, მახსოვს, ახალი წასული რომ ვიყავი და აქ ჩამოვდიოდი, სულ ხინკლის ან მწვადის საჭმელად მივდიოდი. მაგრამ, ახლა ბერლინში ორი ქართული რესტორანია, ძალიან კარგი სამზარეულოთი. ასე რომ, ქართული კერძი აღარ მენატრება. საერთოდ, არ ვარ პრეტენზიული ჭამის ამბავში.
ალკოჰოლი ან რაიმე სხვა სასმელი?
– ალკოჰოლი – ნული. ბოლოს, ალბათ, 15 წლის წინ დავლიე და ისიც ცხოვრებაში ერთხელ. ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს, არის ლიმონათი, განსაკუთრებით ტარხუნის. საქართველოშიც და გერმანიაშიაც ჩემთვის ნომერ პირველი სასმელი ესაა.
„ფეისბუქზე” გიდევს მაღაროში გადაღებული ფოტო. მოგვიყევი ამ ფოტოს ისტორია, როგორ მოხვდი მაღაროში?
– ამ ფოტოს ისტორია „შალკეს” უკავშირდება. 5 თუ 6 წლის წინანდელი ამბავია. გელზენკირხენში, სადაც კლუბია ბაზირებული, ბევრი მაღაროა. კლუბის ხელმძღვანელობამ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გამართა და ფეხბურთელები მაღაროში ჩავედით. ვიყავით დაახლოებით, 120 მეტრზე მიწის ქვეშ. ისეთები ვნახე, იქ, ჩასვლის სურვილი აღარ გამჩენია. ძალიან ძნელი ყოფილა მაღაროში მუშაობა. ჯერ მარტო ის რომ ვთქვა, ჩავედი სულ თეთრი, არაფერს შევხებივარ და უკან რომ ამოვედი, სულ შავი ვიყავი. ბოლოს ისე ცუდად გავხდი მიწისქვეშ, უკანა გზაზე ლიანდაგზე, ურიკა რომ მოძრაობს იმაზე წამოვწექი და ისე გამიყვანეს იქიდან.