იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პანდემია დღითიდღე უარესდება, ჩნდება შეკითხვა – რამდენად თანმიმდევრულად და ეფექტურად ხორციელდება ქვეყანაში ვირუსის შემაკავებელი შესაბამისი ღონისძიებები.
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აფასებს, შეძლო თუ არა ხელისუფლებამ პანდემიის მართვის სადავეების მთლიანად საკუთარ ხელში აღება და ამასთან, გამოთქვამს ეჭვს, რომ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები პოლიტიკურ ცენზურას დაუქვემდებარა.
გია ხუხაშვილი: თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები მუშაობენ, თუმცა ახლა მიჩნდება განცდა, რომ პანდემიის მართვის საკითხები მთლიანად პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება. ვითარება საკმაოდ რთულია და ბევრად უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
ინფექციონისტები გახდნენ ხელისუფლების ნაწილი. ეს ადამიანები პოლიტიკური ცენზურის ქვეშ არიან და ფაქტობრივად, იმას კი არა ამბობენ, რისი გაკეთებაც რეალურად არის საჭირო, არამედ საუბრობენ იმაზე, რა დირექტივებიც ზემოდან აქვთ მიღებული. არ მგონია, რომ ინფექციონისტებმა არ იცოდნენ, რა არის გასაკეთებელი, უბრალოდ, ისინი ანგარიშს უწევენ ხელისუფლებას.
ქვეყანაში არსებული კრიტიკული ეპიდსიტუაციის ფონზე, რატომ არ დგას ხელისუფლება მკაცრ ნაბიჯებს
ექსპერტის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ფიქრობს და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების ეშინია.
„ხელისუფლებაში ძალიან ეშინიათ არჩევნების წინ რაიმე ტიპის არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება. პირველი ტალღის დროსაც არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მაგრამ ამას არ ეპუებოდა ხელისუფალი. დღეს ერიდებიან მკაცრს გადაწყვეტილებებს, რადგან ამომრჩეველი არ გააღიზიანონ და 31-ში მოულოდნელი შედეგი არ მიიღონ. დღეს სიცოცხლის უზრუნველყოფის მთავარი ვალდებულება, თითქოს უკანა პლანზეა გადასული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ჩაიკეტება თუ არა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისი და სხვა რეგიონები
როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არჩევნების შემდეგ ზომები გამკაცრდება.
„არჩევნების შემდეგ ზომები ყველა შემთხვევაში გამკაცრდება. არ შეიძლება, პოლიტიკური კონიუქტურის გამო, დააგვიანო. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა დღეს პრევენცია არ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ნოემბერი-დეკემბერი ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვეთამაშებით.
როდესაც ამის საპირწონედ ვდებთ ეკონომიკურ ინტერესებს, ესეც მოგონილი თემაა, რადგან ჩვენ დღეს იდეასაც გადასულები ვართ ე.წ. კრიტიკულ ეკონომიკაზე“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, დადასტურებულია 21 208 შემთხვევა.