ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა

ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი კომენტარი 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობას ეხებოდა.

„იმ დღეს შენიშვნა მომცეს და გამაკრიტიკეს, როდესაც ვთქვი, რომ კორონავირუსი ტუბერკულოზის შემდეგ მეორე ინფექციური მკვლელი გახდა. მე მართალი ვარ - გადაამოწმეთ სტატისტიკა 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებზე. ტუბერკულოზს აქვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა - დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, შემდეგ მოდის ჰეპატიტები, შიდსი კი ჩაანაცვლა კორონავირუსმა. შემთხვევების უმრავლესობა, 85-90% მიდის მსუბუქად, მაგრამ 10% არის სერიოზული ციფრი, და აქედან 1% არის კრიტიკული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.