რა ჩვენებაც არ უნდა მისცეს ახლა პროკურატურას, ფაქტია ერთია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაფერი შეცვლილა იმ საზღვართან დაკავშირებით, რაც დღეს არსებობს, - ასე გამოეხმაურა ზაალ უდუმაშვილი ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას დავით გარეჯის საქმეზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტზე გამოძიება არა სახელმწიფოს, არამედ მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.
„ის საზღვარი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ რეალურად არ შეცვლილა იქ ვითარება ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, არანაირი სარჩული არ არსებობდა იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის გამოძიება დაწყებულიყო. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გამოძიებაა, ამიტომ ახლა მნიშვნელობა იმის კი არ აქვს, ვინ რა ჩვენებას იძლევა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელისუფლება და სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებს იყენებს წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ქრონიკამ“ ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.