ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ხმაა და არა, ადამიანი 

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ხმაა და არა, ადამიანი 

„არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება უნდა შეძლოს ყველამ, მათ შორის, იმ ამომრჩევლებმაც, რომლებსაც კორონავირუსის გამო სხვადასხვა დაწესებულებებში მკურნალობა, ან თვითზოლაციაში ყოფნა უწევთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არიან საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ამ უფლების რეალიზების ხელშეწყობაშიც კი, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ და აჟიოტაჟის ატეხვას ცდილობენ”, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

„როგორც ცნობილია, სწორედ ამომრჩეველთა  აღნიშნული კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის გარკვეული ზომები მიიღო. დადგენილებით განსაზღვრულია, ის ძირითადი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, რომელთა დაცვითაც უნდა მიიღონ აღნიშნული ჯგუფის ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისე არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა.

აქ ხაზგასასმელია, პროცესის ორგანიზებული ხასიათი, რადგანაც მზარდი ინტენსივობის პანდემიის პირობებში, სწორედ ორგანიზებული პროცესი იცავს არჩევნებს და მასში მონაწილე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა, თუ პროცესი სათანადო დონეზე არ და სტანდარტების დაცვით არ იქნებოდა გამართული. შესაბამისად მომზადებული და ეკიპირებული სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სამწუხაროდ, სისტემური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ამ პროცესს  საარჩევნო ხმების პრიზმაში უყურებენ და არა ადამიანზე ზრუნვის გადმოსახედიდან. ისინი, რომლებიც ყველა გამოკითხვის თანახმად, ამ არჩევნებში მარცხდებიან, ამბობენ, რომ თურმე ეს ღონისძიებები ამომრჩევლის დაბალი აქტივობას გამოიწვევს და ეს ხელისუფლების ინტერესებს წაადგება. მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის რომ უნებლიედ თავად აღიარებენ, იმას, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის პირობებშიც კი, ხელისუფლების მომხრეები უფრო მეტნი აღმოჩნდებიან, ვიდრე ოპოზიციის, რაც გამოკითხვებით ისედაც დასტურდება.

ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალური პროტოკოლს იწუნებს, თუმცა წონადი არგუმენტები ვერ მოჰყავს და საკუთარი განცდების საფუძველზე აპრიორი აცხადებს გადასატანი ყუთებით ხმის მიცემის გაყალბებაზე, ხელისუფლების მიერ ხმების მითვისებაზე და ა.შ.

არადა, წმინდა საარჩევნო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებისათვის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, მეტი ყურადღება დაეთმოთ თუნდაც საკუთარი საარჩევნო სლოგანების და ბანერების შინაარსის, პათოსისა და ვიზუალური მხარისათვის, ბევრ ამომრჩეველში ქილიკისა და ირონიის საგანი რომ გახდა უკვე.   

კარგი იქნება, რომ პანდემიის პირობებში და ისე ზოგადადაც, ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, ჯერ ადამიანებზე და მათ ჯანმრთელობაზე იფიქრონ და შემდეგ უკვე მათ ხმებზე. თუმცა, ჯერჯერობით, ამ კუთხით არაფერი იცვლება.