ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, ბიზნესმენებთან შეხვედრისას პრემიერმა თქვა, რომ უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება.
"თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე ახსენა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას აპირებს, არამედ იქნება ახალ ღონისძიებათა პაკეტიც. ჩვენ ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ამიტომ ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ძალიან რაციონალური და სწორია", - განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, ოქტომბერში უკვე სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. კომპენსაციების 6-თვიანი პროგრამა აპრილში დამტკიცდა და ის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. მაშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დახმარებებისთვის ბიუჯეტში 460 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.