დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჩაკეტვის მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
19 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თბილისში დაწესებული აკრძალვების გამო 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა.
ახალი რეგულაციის თანახმად, რესტორნები და გასართობი ობიექტები, თბილისსა და იმერეთის რეგიონში 15 ოქტომბრიდან 22:00 საათზე იკეტება.