ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ არის ისეთი დიდი, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყანაში

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ არის ისეთი დიდი, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყანაში

ამირან გამყრელიძემ განმარტა როგორია საქართველოში არსებული ეპიდვითარება ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ვითარება მართვადია.

„მილიონ მოსახლეზე გადათვლით ჯერჯერობით საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს, იმიტომ რომ მიუხედავად ბოლო კვირებში ინტენსიური ზრდისა, ჯერჯერობით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ არის ისეთი დიდი, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ამიტომ, მილიონ მოსახლეზე გადათვლით ჩვენ ვართ ჯერჯერობით ქვემო პოზიციაზე. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით, ანუ 100 ათას მოსახლეზე (ახალი შემთხვევების რაოდენობით), ევროკავშირის და ევროპის 53 ქვეყანას შორის სადღაც შუაში ვართ. ტესტირების მონაცემებით, რომელიც ითვლება მილიონზე ან 100 ათას მოსახლეზე, დღეს ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო თვის განმავლობაში ეპიდვითარების დამძიმების მიუხედავად, სიტუაცია ჯერ კიდევ მართვადია.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.