თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიც არის, - ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადამოკიდებულებით და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.