დღეს სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება ერთ-ერთ სიწმინდეს ემთხვიოს – საპატრიარქოს განცხადება

დღეს სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება ერთ-ერთ სიწმინდეს ემთხვიოს – საპატრიარქოს განცხადება

თომა მოციქულის ხსენების დღეს, 19 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულის თავის ქალის ნაწილს გამოაბრძანებენ.

„19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ჩაატარებენ მღვდელმთავრები და გამობრძანებული იქნება წმინდა თომა მოციქულის თავის ქალის ის ნაწილი, რომელიც სიონის ეკლესიაშია დაცული.

მთელი დღის განმავლობაში (22.00 საათამდე) მრევლს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს ამ სიწმინდეს.

წმინდა თომა მოციქულის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად) წოდებული, უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი გალილეაში დაიბადა. წმინდა მოციქულმა უფლის სიტყვა ინდოეთში იქადაგა, სადაც უამრავი ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნეობაზე მოაქცია და სასწაულები აღავლინა.

წმინდა თომა მოციქული ქალამიდიის მეფის მუზდის ბრძანებით შუბებით განგმირეს.