დავით გამყრელიძე - „ბექაურისთვის ფული არავის უსესხებია“

დავით გამყრელიძე - „ბექაურისთვის ფული არავის უსესხებია“

ოპოზიციის ჩანაფიქრმა, სახელისუფლებო კანდიდატებს ერთობლივი ძალებით მოვერევითო, ფრთები ვერ შეისხა. ხელისუფლების დამარცხება ოპოზიციისთვის ჯერ ისევ განუხორციელებელ მიზნად რჩება. შუალედურ არჩევნებში ყველგან სააკაშვილის ფავორიტებმა გაიმარჯვეს, შედეგმა ოპოზიციას იმედი გაუცრუა. რა შეეშალა ოპოზიციას? საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალა თუ რაიმე სხვა მიზეზს მიაწერს არჩევნების შედეგებს? ამის გარკვევა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერთან, დავით გამყრელიძესთან ვცადეთ.

- პრაიმერის ჩატარების დროს მოსახლეობის აქტიურობამ იმედი გააჩინა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებას შეძლებდა. დასამალი არ არის, ჩვენ ვიცოდით, ქვეყანა არ იყო მზად საიმისოდ, რომ ხელისუფლება ბეჭებზე დაგვეგდო. მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ შეძლო კოორდინირებული საქმიანობა. მიუხედავად მსოფლმხედველობრივი სხვაობისა და კონკურენციისა, ოპოზიციამ მსოფლიო საზოგადოებრიობას დაანახვა, რომ შეუძლია წინასწარი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და პარტნიორის თანადგომა. მადლობა მინდა ვუთხრა ლეიბორისტებს, კონსერვატორებს, კონსტანტინე გამსახურდიას, რომელთაც მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები და ერთობლივ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი. ოპოზიციამ ამჯერად ბევრად მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე წელიწად-ნახევრის წინ, 28 მარტს. მაშინ ისნის რაიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა - 5%-ზე ოდნავ მეტი, ამჯერად კი, მაშინ, როდესაც ჩვენს 2 ათას მხარდამჭერს ხმის მიცემის უფლება მოუსპეს და სიიდან ამოყარეს, როდესაც ხელისუფლებამ 7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ჩვენმა კანდიდატმა 35%-ზე მეტი აიღო, ანუ 7-ჯერ უკეთესი შედეგი გვქონდა. ამ შედეგმა ხელისუფლება სერიოზულად უნდა დააფიქროს. თუ სათანადო დასკვნებს არ გამოიტანს, ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება იქნება.

თუ მომავალი არჩევნებისთვის სიების პრობლემა მოწესრიგდება და ხმის მიცემის ფარულობაც უზრუნველყოფილი იქნება, ხელისუფლებას წარმატების ნაკლები შანსი დარჩება. იმის გამო, რომ სიებში არ შეიყვანეს და დამატებით სიებში მათი შეყვანა კანონით იყო აკრძალული, ცესკომ ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლება შელახა. ფაქტობრივად, 1-ელ ოქტომბერს მოხდა ის, რაც 2 ნოემბერს, უბრალოდ მასშტაბები იყო განსხვავებული. 2 ნოემბერს ხალხი იმან გააბრაზა, რომ ხელისუფლებამ მათი არჩევანი არ დააფასა. საზოგადოების განწყობილება კარგად გამოიყენა სააკაშვილმა. მომავალში კი შესაძლოა ხალხის გაბრაზება ვინმე ავანტიურისტმა გამოიყენოს და ეს ქვეყანაში მღელვარებისა და სახალხო პროტესტის მიზეზი გახდეს.

თქვენი პარტნიორი ლეიბორისტები აცხადებენ, ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდით, მაგრამ მემარჯვენე ოპოზიცია უმალ შეეგუა დამარცხებასო.

- ალბათ, ბოლომდე ბრძოლა ის იქნებოდა, რომ მოქალაქეები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება მოუსპეს, ქუჩაში გამოგვეყვანა და ბარიკადები აგვეგო. ან რა აზრი ჰქონდა საჩივრების წერას? ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს სიებთან დაკავშირებით შევიტანთ. კონსერვატორებმა აღძრეს სარჩელი სასამართლოში ქობულეთში ჩატარებული არჩევნების გამო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

აქციები გამოსავალი არ არის, სიტუაციის შეცვლა ხალხის ქუჩაში გამოყვანით დღეს შეუძლებელია, შესაძლოა, ამას არეულობა მოჰყოლოდა. ჩვენ არ გვინდა ქაოსისა და არეულობის მიზეზი გავხდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოვერიდეთ სიტუაციის გამწვავებას, ხელისუფლებამ უკან არაფერზე დაიხია. შუახევში სოფელ წყაროთას გამგებელი შარაშიძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს იყო აგრესიული. თანასოფლელებს ემუქრებოდა, თუ ხმას სახელისუფლებო კანდიდატს არ მისცემთ, ცუდ დღეს დაგაყრითო. არჩევნების დღეს კი, ჩვენს წარმომადგენელს ყელში სწვდა და მჭრელი საგნით მკლავზე ჭრილობა მიაყენა. ამის თაობაზე შს სამინისტროსაც მივმართე და ბატონ ვარშალომიძესაც უნდა ვესაუბრო. თუ გამგებელს არ გადააყენებენ, ინციდენტზე პასუხისმგებლობას ვარშალომიძეს დავაკისრებთ. გასაკვირია, რად უნდა ხელისუფლებას ასეთი დამნაშავეები? იმედი მაქვს, რომ აჭარის ხელმძღვანელობა ჩამოიცილებს ამგვარ უღირს პირებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ, რომელმაც საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” საქმე უნდა გამოიძიოს, ხელისუფლება ვალერი გელბახიანს ასახელებს. რამდენად მისაღებია თქვენთვის საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურა?

- ჩვენ მხოლოდ “ოპიზის” კი არა, რამიშვილი-ბექაურის საქმის საფუძვლიანი გამოძიება მოვითხოვეთ, მაგრამ უმრავლესობას შეეშინდა, ბექაურის გარდა სხვა, კერძოდ, მაჭავარიანის, არველაძისა და თარგამაძის გვარებიც არ ამოტივტივებულიყო (როგორც ამბობენ, მათი ინტერესებიც არის “ოპიზაში”). მინდოდა დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის მეხელმძღვანელა, მაგრამ უმრავლესობამ უსაფუძვლო არგუმენტები წამოაყენა ჩემს წინააღმდეგ. რაკი მე მიუღებელი აღმოვჩნდი, კობა დავითაშვილის კანდიდატურა წამოვაყენეთ. ნურავის დაავიწყდება, რომ კობა დავითაშვილი პირველი ნომერი იყო ნაციონალთა სიაში, ყველაზე მაღალი ნდობის მქონე პირი გახლდათ ნაციონალურ მოძრაობაში.

მაშ, რატომ აღარ არის დღეს კობა დავითაშვილი სანდო? ჩვენ პრინციპულად ვითხოვთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას კობა დავითაშვილმა უხელმძღვანელოს.

თქვენმა ფრაქციამ ცოტა ხნის წინ ასეთი კითხვა დასვა - ბიზნესმენი ფიჩხაძე ბექაურს ფულს როგორ ასესხებდა, როდესაც თავად აქვს ვალიო. ვისი ფული მართებს ფიჩხაძეს?

- თავს შევიკავებ იმ პირის ვინაობის დასახელებისგან. სხვათა შორის, როდესაც ფულის სესხების ამბავი გახმაურდა, ფიჩხაძისთვის მევალეს (რომელიც თბილისში ცხოვრობს) დაურეკავს და უთქვამს, - თუ ამდენი ფული გაქვს, ვალს რატომ არ მისტუმრებო. ფიჩხაძეს უთხოვია, არ გაახმაურო ეს ამბავი და ვალს მალე გადაგიხდიო. რაში სჭირდება ხელისუფლებას ასეთი ტყუილი, არ ვიცი. ხომ ცხადია, რომ ბექაურს ფული არავისგან უსესხებია. ის 150 ათასი დოლარი იმ მაღალჩინოსანთა ფულია, “ოპიზასთან” რომ არიან დაკავშირებული. მოკლედ, სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი, მაგრამ ამის გაკეთება დღეს შეუძლებლად მიმაჩნია. გავა დრო, ესენი წავლენ ხელისუფლებიდან და მაშინ ამოტივტივდება ყველაფერი.

დღეს ხელისუფლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებისა და დასაქმებისთვის ვერაფერს აკეთებს, ამიტომ დაიჟინეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვითო. ცხინვალის დაბომბვას ხელისუფლებას არ ვაბრალებ, მაგრამ არც ის არგუმენტი მგონია მართალი - ოსებმა საკუთარი თავი დაიბომბესო. ნუ დავემსგავსებით რუს გენერლებს, რომლებიც ურცხვად აცხადებდნენ, ქართველები საკუთარ პოზიციებს ბომბავენო. თუ ვინმემ ცხინვალის დაბომბვის თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო, უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, დამნაშავე გამოვავლინოთ და დავსაჯოთ. ამ საქმეში ქართული მხარის ხელი რომ არ ერიოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გააკეთებდა მკაცრ განცხადებებს. მათ სააკაშვილი პირდაპირ დაავალდებულეს - დამნაშავე დასაჯეთო. მათ კარგად იცოდნენ, რასაც ითხოვდნენ და ვისთვისაც უნდა მოეთხოვათ პასუხი.