პროკურატურამ  დავით გარეჯთან დაკავშირებით ზურაბ ნოღაიდელი დაკითხა

პროკურატურამ  დავით გარეჯთან დაკავშირებით ზურაბ ნოღაიდელი დაკითხა

როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, თეა წულუკიანი გეგმავს გამოვიდეს ინიციატივით, კოდექსში სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი დაბრუნდეს. იუსტიციის ყოფილი მინისტრის  გაკვირვებას იწვევს, სისხლის სამართლის კოდექსში 307–ე მუხლის გაუქმება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა 2007 წლის მარტში საზღვართან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307–ე მუხლი, რომელიც კოსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308–ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტმა 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლი მას შემდეგ გააუქმა, რაც ერთ–ერთი მორიგი შეთანხმების დროს 300–ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმდა.

„ეს იყო დამთხვევა ან შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ. ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც ორ ვერსიას განიხილავენ, ერთი – ეს იყო ექსპერტების დალოდება და სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელები იმის მიხედვით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რასაც ეტყოდნენ. მეორე ვერსიაა, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ექსპერტებს უნდა აღესრულებინათ.

მე უფრო ვფიქრობ, რომ ქვევიდან ზევით მაშინ გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. არავის ახსოვს „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, ისე მოიქცეოდა, რასაც ექსპერტი, მაგალითად, მაშინდელ პირველ პირს ურჩევდა. მე უფრო მგონია, რომ გადაწყვეტილებები ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თუმცა ამაზე მხოლოდ ეჭვი შეგვიძლია გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია შესული, რასაც ადასტურებს მდინარაძის განცხადება და აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. სამადაშვილი განმარტავს, რომ რეალურად, კოდექსიდან ამოღებული იქნა 307–ე კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც სხვა მუხლებშია გაწერილი.

„სიცრუეა, რომ რამე დანაშაული გაუქმდა და აღარ ითვლება დანაშაულად ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც განხორციელებული იყო. ეს იყო ტექნიკური ცვლილება, რათა უფრო გამართული ყოფილიყო ჩვენი სამართლებრივი ბაზა. „რატომ იტყუება „ქართული ოცნება“? მიტომ, რომ როდესაც ტალახში ჩაჯდები, რაც უფრო მეტად აწვები გაზს, უფრო ღრმად ჯდები ტალახში. აი, ასეთ ვითარებაშია „ქართული ოცნება“, რომელმაც სრულად უკანონოდ დააპატიმრა ორი უდანაშაულო ადამიანი, რადგან გადაწყვიტა, გამოეყენებინა რაღაცა პოლიტიური საქმის შესაკერად. ეს ჩაუვარდათ, რადგან მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რეალურად არაფერი საერთო არ აქვს ამ რუკების საკითხს, ამ ყბადაღებული გარეჯის თემასთან, რომელიც პოლიტიკურად უნდოდათ, რომ გამოეყენებინათ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ და საქმე დახურონ“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ დაკითხა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა. ნოღაიდელი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ მედიისთვის კომენტარს მალე გააკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას შეუძლია გარკვეული ინფორმაცია ნებისმიერ დროს პირადად მიაწოდოს პროკურორს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ორმხრივი დღის წესრიგის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორც აზერბაიჯანელ, ასევე სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს. მისივე განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, მინისტრობის შემდეგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა საკითხი.

„მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია. აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერც ერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული. ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხვედრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები.

საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.