რის საფუძველზეა ივანიშვილი დარწმუნებული, რომ ისევ უმარვლეოსობით მოვა-აქვს თუ არა მას სხვა გეგმაც

რის საფუძველზეა ივანიშვილი დარწმუნებული, რომ ისევ უმარვლეოსობით მოვა-აქვს თუ არა მას სხვა გეგმაც

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოვა. რა აძლევს პარტიის ლიდერს ამის თქმის საფუძველს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზეც ასეთ განცხადებას აკეთებს.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ეს განცხადება ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლის გასამხნევებლად გააკეთა და გარკვეული პოლიტიკური სვლაა. თუმცა მათთვის რთული სათქმელია პარტიის თავმჯდომარეს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა აძლევს. ისინი ვარაუდობენ, რომ ივანიშვილს არჩევნებამდე სხვადასხვა კვლევები აქვს ჩატარებული და გარკვეული შედეგების საფუძველზე ამის იმედი გაუჩნდა. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მას, პარალელურად, კოალიციური მთავრობის შესაქმენლად გეგმაც ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზს უსვამს წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და გმობს ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს. მისივე განმარტებით, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან.

„უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63 პროცენტსაც კი აჭარბებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება, 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

„ზოგიერთ რეგიონში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ზოგი კვლევით 63 პროცენტზე მაღალია, ზოგი კვლევით 53-54 პროცენტი. საბოლოო ჯამში, გამოთვლილი იქნება საშუალო მაჩვენებელი. შეიძლება, გარკვეულ რეგიონებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყოს. ყველა რეგიონში მყარი გამარჯვება ფიქსირდება 50 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვა შემდეგი მოწვევის პარლამენტში. გამარჯვების ნამდვილად გვჯერა იმიტომ, რომ ამის საშუალებას გვაძლევს ყველა ის კვლევა, განწყობა და მათ შორის ის ნაბიჯებიც, რომელსაც გუნდი დგამს პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით. ის, რასაც ოპოზიციური პარტიები აკეთებენ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, იგულისხმება ძალადობა, პროვოკაციები, რასაც ხედავს მოსახლეობაც და სწორად აფასებს, ვის მისცეს ხმა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მხარდამჭერებისადმი, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ, ძალადობის პრევენციაა.

„ბიძინა ივანიშვილი წერილით ცდილობს, შეაგულიანოს მომხრეები, რომ ყველაფერი არის კარგად, ოღონდ, არ არსებობს ისეთი საქართველო, რომელშიც ათი ადამიანიდან ექვსი მხარს უჭერს ივანიშვილს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.

„ივანიშვილის ეს წერილი არის დაახლოებით იმ გამოსვლის მსგავსი, როდესაც 2018 წლის პირველ და მეორე ტურებში გამოვიდა და წაშლილი სახით მიმართა საზოგადოებას. ახლა უბრალოდ, როგორც ჩანს, სახეს მალავს, იქიდან გამომდინარე, როგორი მძიმე მდგომარეობაც აქვს მას შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა რეიტინგი, განსხვავებით იმ განცხადებისგან, რომელიც მან გააკეთა, აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა მიდის ქვემოთ. სწორედ ამის გამოა, რომ ისეთ ნაბიჯებს დგამენ, როგორიც არის ორი პატიოსანი საჯარო მოხელის დაკავება და რაღაც საქმეების შეთითხვნა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვერ აგროვებენ საკმარის მხარდაჭერას, რათა მარტომ გააგრძელონ მართვა. ასევე, კარგად იციან, რომ არავინ არ არის მზად, მათთან კოალიციაში იყოს. ასევე, ძალიან კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ხელისუფლებას. ამიტომ, ივანიშვილის ასეთი წერილი ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაზე დარდობენ და ძალიან სწორად დარდობენ, რადგან ეს არის მართლაც ბოლო რამდენიმე კვირა, როდესაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში“, – განაცხადა კაპანაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საკუთარი ამომრჩევლის წახალისებას უფრო ჰგავს.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკოსმა და პარტიის ლიდერმა უნდა თქვას, რომ ყველაზე მეტ ხმას აიღებს და ის გაიმარჯვებს. ივანიშვილის განცხადება საკუთარი ამომრჩევლის წახალისებაა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტაქტიკა. ამაში გასაკვირი არაფერია და არც ის მგონია, რომ ივანიშვილი თავად იყოს დარწმუნებული იმაში, რომ „ოცნება“ 63 პროცენტს ამ პროპორციული არჩევნების პირობებში აიღებს. როცა პარლამენტში 150 კაცი გავა, „ოცნებას“ მაქსიმუმ 45%-ი ექნება. მთავარია მმართველი გუნდი მთავრობის დაკომპლექტებას როგორ შეძლებს. ეს არის ამ არჩევნების ინტრიგა.

ის რომ „ოცნება“ ყველა გამოკითხვების მიხედვით პირველ ადგილას დგას, ამაში ახალი არაფერია, თუმცა 63%-ს როგორ ითვლის ივანიშვილი, ეს ვერ გავიგე. როგორც ჩანს, მას აქვს, რაღაცა შიდა კვლევები ჩატარებული და იმედს აძლევენ, რომ ამდენს აიღებს. თუმცა, არ მგონია ამას თავადაც იჯერებდეს. ეს ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის და ლიდერის პოლიტიკური ტაქტიკაა, გაამხნევოს საკუთარი ამომრჩეველი და მეტი მოტივაცია მისცეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ამ განცხადებების პარალელურად ივანიშვილი გეგმა „ბ“-ზეც მუშაობდეს, სადაც უკვე ამუშავებს ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ნაწილს კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ვის ენდოს. იმიტომ არის, რომ ოპოზიციური პარტიებიდან თითქმის ყველა იფიცება „ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიან. თუმცა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თუკი შენი სახელმწიფო და ქვეყანა გაღელვებს, მის გამო „ოცნებასთანაც“ უნდა ითანამშრომლო და ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაში არ უნდა ჩააყენო. ამიტომაც ყოფილ სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ ივანიშვილს არც კოალიციური მთავრობის შექმნა გაუჭირდება, თუკი საერთოდ ამის აუცილებლობა დადგა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძეც ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც დარწმუნებით ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება, გარკვეულ შიდა კვლევებს ეფუძნება. ჩიტიძის თქმით, ეს არის ამომრჩევლის და საკუთარი პარტიული აქტივის წახალისების მცდელობა, რაც ლოგიკურია და ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარსვლაა.

„არ ვიცი ივანიშვილი რა კვლევებს ეყრდონობა, შესაძლოა, მას ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არწმუნებენ, რომ ამდენს აიღებს. რელურად ყველა კვლევებით მართალია „ოცნება“ პირველ ადგილას დგას, მაგრამ მაინც მგონია, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის ინტრიგა ისევ ძალაშია. მართალია, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება, დაძაბულობა და შეუთანხმებლობა ივანიშვილს გარკვეული იმედის საფუძველს აძლევს, მაგრამ ზუსტად მაინც ვერავინ იქნება იმაში ბოლომდე დარწმუნებული, ჩვენი ამომრჩეველი რას გადაწყვეტს. მით უმეტეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩამოუყალიბებელი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გვყავს და მათ გადასაბირებლად სულ რაღაც 23 დღე დარჩა. არც ისაა გამორიცხული, წინასაარჩევნოდ გარკვეული სახის თემების აგორებაც მოხდეს, როგორც მაგალითად დავით გარეჯის საქმეა. თუმცა ამხელა ციფრებს საიდან ითვლის, ჩემთვის ცოტა რთული სათქმელია“,-ამბობს ჩიტიძე for.ge-სთან.

ძია მიხო ბატონმა მიშამ ამაღელებელი სიტყვით მიმართა ათენში მიტინგზე შეკრებილ ქართველებს, უთხრა თუ როგორ მძიმედ განიცდის სამშობლოდან მოშორებას, როგორ ესიზმრება ღამღამობით სოხუმი და თბილისი და დაპირება მისცა, რომ თუ იგი მთავრობაში მოვიდა, საქართველო ჭაობიდან ამოვა, ისევ გამოჩნდება რადარებზე, სადაც ეხლა მხოლოდ თვითონ მიშა ჩანს როგორც ევროპის ერთერთი ყველაზე უნარიანი პოლიტიკოსი, რომ ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად მას სულ ორი წელიწადი დასჭირდება, რომ იცის როგორ მოუღოს ბოლო კოვიდს, თანაც ისე რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს და მომდევნო წლებში ათპროცენტიანზე მაღალი წლიური ზრდა გვიჩვენოს, ამისთვის მას ტყემლის გარდა სხვა რეცეპტებიც აქვს და მაშინ ქართველები ევროპაში სამუშაოდ კი აღარ წავლენ, არამედ მხოლოდ დასავენებლად და დროს გასატარებლად, ისე რომ საქართველოს მოსახლეობამ მალე შვიდ მილიონს მიაღწიოს.
ეს ყველაფერი თუ ენმ-მ არჩევნებში გაიმარჯვა, იმ შემთხვევაში კი თუ ენმ დამარცხდა, ჩვენი საქმე წასულია. ეხლა თუ მარტო რადარებზე აღარ ვჩანვართ, მაშინ საერთოდ გავქრებით მსოფლიო რუქიდან და "გავფაჩაკდებით". ამიტომ ან გამარჯვება, ან სიკვდილი! ასე დაამთავრა თავისი გამოსვლა ათენში წინგაწვდილი მარჯვენით ჩვენმა დიდმა ორატორმა და პოლიტიკოსმა.
3 წლის უკან