კასპის გამგებელი ოლეგ იაძე კვლავ ყურადღების ცენტრშია. კასპელ ქალებთან დაპირისპირებამ ის საქართველოში ყველაზე პოპულარულ კაცად აქცია. ისე, პოპულარობა მას არც აქამდე აკლდა, მაგრამ ახლა სულ სხვაა. დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს.
საახალწლო სამზადისმა მისი პერსონა ოდნავ უკან გადასწია, მაგრამ რამდენიმე განცხადება გააკეთა და კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მისი სამიზნე სპორტის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილია, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ სპორტულ სამყაროს ნაციონალების მხარდაჭერას აიძულებდა. ის და მმართველი პარტია სპორტულ ფედერაციებში არანაციონალებს არ აჭაჭანებდნენ.
ოლეგ იაძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო სამბოში. მისმა აღზრდილებმა საქართველოს უამრავი მედალი მოუტანეს და რაკი ნაციონალები არ უყვარდა, თანამდებობიდან გაუშვეს.
"ქართლი.გე"-ს ცნობით, უახლოეს მომავალში იაძეს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევენ. ამ ინფორმაციას თავად ოლეგ იაძე, იგივე "პატარა ბიძინა" ადასტურებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იაძემ განუცხადა, რომ ის სპორტის სფეროს 2011 წელს მაშინდელმა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩამოაშორა.
- ყაჩაღურად წამიყვანეს სამინისტროში და შემიყვანეს შვილის ტოლა მინისტრთან. ორი იარაღი დამიდო მაგიდაზე და დამემუქრა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოღალატე მიწოდა. საქმე ეხება იმას, რომ იმ პერიოდში სამბისტების ჯგუფი მოსკოვში შეჯიბრებაზე წავიყვანე. იქ საბრძოლველად და საომრად წავედი. თასის ჩამოსატანად წავედით. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს უძლიერესი გუნდები იკრიბებოდნენ და მიგვიწიეს ჩვენც. ეს იყო ჩემი ჩამოშორების მიზეზი, სინამდვილეში ერთადერთი ფედერაცია მქონდა ჩაბარებული, რომელიც არ გავაპოლიტიკურე და "ნაციონალების" სასარგებლოდ ავტობუსებით არ დამყავდა აქეთ-იქით. დღემდე შეურაცხყოფილი ვარ დამცირებით. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, - აცხადებს იაძე.
მან პირობა დადო, რომ ვარძელაშვილს სადაც შეხვდება იქვე გაუსწორდება ქართლურად. რას ნიშნავს ქართლურად გასწორება, ეს იაძეს არ დაუკონკრეტებია და მთელი ერი გაფაციცებით ელოდება, რას იზამს "პატარა ბიძინა".
ჟურნალისტები მოუთმენელი ხალხი ვართ და დროზე ადრე გადავწყვიტეთ იმის გაგება, თუ რას აპირებს იაძე. კასპის ტატამად მაქცევარმა "პირველი რადიოს" ეთერში ისეთი განცხადებები გააკეთა, ვარძელაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა.
- შემოვიდა აივნიდან და წამოვიდა შეურაცხყოფის მეორე ტალღა, ცხვირწინ მიტრიალა პისტოლეტი და მითხრა, "ღირსი ხარ, ცხვირპირი მიგინგრიოო", - ესეც კი მითხრა ამ ხალათიანმა ქეთინომ! ცხვირპირის მინგრევა მაშინ ნახე, თუ სადმე გადავეყარე. ეს გინდა, მუქარად მიიღოს: მე მას მივეცი კაცურად საქმის გარკვევის საშუალება და შევთავაზე, მოებოდიშებინა ჩემთვის და მაშინ შეიძლებოდა, მეც ეს აგრესია დამეოკებინა, მაგრამ მობოდიშება კაცების ხვედრია, ის კიდევ არაკაცია, ადრე ლომი იყო - ეხლა კურდღელია. ხან სად იმალება, ხან - სად, არ მიძებნია, მაგრამ თუ გადავეყარე, მაშინ ..., - განაცხადა ოლეგ იაძემ რადიოეთერში საუბრისას.
სააგენტო "ივერონის" ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კასპის გამგებლის მხრიდან შეურაცხყოფის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ოლეგ იაძეს ნუცუბიძის №21-ში ელოდება.
როდის გაიმართება "სხვატკა" ცნობილი არ არის. არც ისაა გარკვეული, დაასწრებენ თუ არა მედიის წარმომადგენლებს ამ ღონისძიებას. აქამდე მარტო კასპი იყო ტატამი (იაძის ოპონენტი ქალი ამბობს, ამ
ოლეგ იაძის განცხადებით, მას რაიონში შიდა მტრები ჰყავს, თუმცა ესენი ძალიან ცოტანი არიან. მისი თქმით, რაიონის გამგებლის პოსტისთვის იბრძვის პიროვნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, კონკრეტულად მინისტრის უახლოესი ნათესავია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ საუბარია ირაკლი ალასანიას ნათესავზე გიორგი ბესტავაშვილზე. თუმცა ოლეგ იაძე ამ პიროვნების სახელსა და გვარს საჯაროდ არ ასახელებს.
- ეს არის ძალიან ცუდი პიროვნება, მთელმა კასპმა იცის, - ამბობს იაძე.
საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გოჩა გოგოლაურს სმენია, რომ რაიონის გამგებლის პოსტი გიორგი ბესტავაშვილს სურს. თუმცა მანაც და მისმა თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა დაზუსტებით არ იციან, ნამდვილად, ბესტავაშვილი იგულისხმა თუ არა იაძემ. საკრებულო ის ორგანოა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს. მესროფაშვილის თქმით, უახლოეს ერთ წელიწადში ოლეგ იაძის შეცვლას არ აპირებენ.
იაძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსნის სახელით მოქმედ კასპელ პიროვნებას, საკრებულოში, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ეხმარება, რაც ინტრიგების ხლართვაში გამოიხატება. საკრებულოში იაძის ერთადერთი თანაკოალიციელი ხათუნა თათანაშვილია. იაძე ადასტურებს, რომ ეს პიროვნება ხათუნა თათანაშვილია.
საკრებულოს ფრაქცია "ქართულის ოცნება - რესპუბლიკელის" თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი ამბობს, რომ ოლეგ იაძეს კოალიციიდან არავინ ებრძვის. მისი თქმით, ის ვინც ოლეგ იაძეს ებრძვის, არის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროებით ყოფილი წევრია.
გაირკვა, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" იაძის არჩევის დროს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ. ოლეგ იაძე წუხს, რომ გამგებლად მისი არჩევის დროს თანაკოალიციელები საკრებულოს სხდომას არ დაესწრნენ და ეს მიზანმიმართულად განხორციელდა.
ვერაფერს იტყვი, იაძე მაგარ შარშია.