საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ მამაკაცებს ცნობად მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას აიძულებდნენ.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით.) გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, მათ აშანტაჟებდნენ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე რომ ამ უკანასკნელებმა კონსპირაციის შესახებ არ იცოდნენ. კონფიდენტებს ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში მიჰყავდათ, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით. ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები წინასწარ შერჩეულ პირებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები, უშუალოდ მეგის ქარდავას გადაეცემოდა. მოგვიანებით, იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ გამოემჟღავნებინა და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია რამდენიმე ასეთი უკანონო ჩანაწერი, თუმცა გამოძიების მონაცემებით, რამდენიმე ათეული მსგავსი მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერი არსებობს. გამოძიების მიერ უკვე დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის სამი პირი", - განაცხადა პაიჭაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ ისინი დააკავა და თბილისი საქალაქო სასამართლოს მათი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო 20 000 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას ამ დროისთვის ბრალი წაყენებული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ვიდეო-ფირები გადასცეს, რომელზეც ფარული ჩანაწერებია აღბეჭდილი.