ედუარდ შევარდნაძე:

ედუარდ შევარდნაძე:"სააკაშვილი სწორედ ახლაა საშიში, რადგან ის უკვე მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე… "

"ამერიკის ელჩთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, წარსულზე, მიმდინარე მოვლენებზე. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად ძალიან დამამშვიდა ამ შეხვედრამ. დავრწმუნდი, რომ ამერიკის ელჩი და, შესაბამისად, ამერიკის ადმინისტრაცია პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მან 1 ოქტომბერს გააკეთა. ხომ ხედავთ, როგორ შერბილდა ან, შეიძლება ითქვას, საერთოდაც შეწყდა საზღვარგარეთის ნხრიდან ახალი ხელისუფლების კრიტიკა. ყველამ გააცნობიერა, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ხალხმა განახორციელა და ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა 5 იანვარს უნდა დასრულებულიყო!".

"საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყო…ცხოვრება სააკაშვილის რეჟიმის გარეშე, შიშის, ძალადობის, უსამართლობის, გაჭირვების გარეშე. 2013 წელი ახალი საქართველოს დასაწყისია! ის, რომ სააკაშვილი ისევ ქვეყნის პრეზიდენტია, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. რა აზრი აქვს ისეთ პრეზიდენტობას, როცა უკვე თვით მის გუნდშიც კი აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მხარს აღარ უჭერს. მართალია, ამას ჯერ ღიად არ აცხადებენ, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და სააკაშვილის ვეტო დაძლია. მის შეხვედრებს დააკვირდით, გვერდით აღარ უდგანან ის ადამიანები, ვინც მუდამ თან ახლდა, თითქოს სულ მარტო დარჩა, რაც ძალიან ბევრის მთქმელია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სააკაშვილს საკუთარ პრეზიდენტად აღარ მიიჩნევს ქართველი ხალხი. თუ ნამუსი აქვს, ამ ყველაფრის შემდეგ თვითონ უნდა წავიდეს. მართალია, მისი პრეზიდენტობა 5 იანვარს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით საკუთარ თავს უფლება მიანიჭა, კიდევ ათი თვე იყოს საქართველოს პრეზიდენტი. რაც მან ჩაიდინა, ეს იყო კონსტიტუციის უპატივცემულობა და უკანონობა. შესაბამისად, ასეთივე უკანონობაა მისი კიდევ ათი თვე პრეზიდენტობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"ვერ წარმომიდგენია, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია როგორ უნდა წამოიწყო დღეს, როცა მთელი ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმის დასასრულს ზეიმობს?! სხვათაშორის, ამასწინათ განაცხადა, გავა დრო და ყველას შერცხვება იმის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველას შერცხვება, ვინც ივანიშვილის მთავრობას მხარს უჭერსო. ვფიქრობ, თუ ოდესმე ვინმეს შერცხვება, უპირველესად, იმ ადამიანებს, ვინც დღეს სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. დანარჩენი საქართველო კი მხოლოდ იამაყებს, რომ გამოიჩინა უდიდესი გამბედაობა და სააკაშვილის რეჟიმისგან თავი გაითავისუფლა. სააკაშვილი სწორედ ახლაა საშიში, რადგან ის უკვე მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ, ერთადერთი მიზნით - როგორმე ივანიშვილს ჯიბრში ჩაუდგეს. ეს სურვილი კი ყველაფერს გააკეთებინებს. ამის ნათელი მაგალითია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გუნავას დანიშვნა. კაცი, რომლის საქმეც ძიებაშია, გუბერნატორად მხოლოდ იმის გამო დანიშნა, რომ ივანიშვილს გაეჯიბროს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სხვათაშორის, ახლახან ინტერნეტით ჩემი 2003 წლის ჩანაწერი გავრცელდა, სააკაშვილზე ვამბობ - ეს პიროვნება უაღრესად საშიში მოვლენაა-მეთქი. ეს ჩანაწერი "ვარდების რევოლუციამდე" დაახლოებით ორი კვირით ადრეა გაკეთებული. ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ როდის მივმხვდარვარ, რას წარმოადგენდა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ყველაფერი მარტო ჩემზე დამოკიდებული არ იყო. სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გარეშე ფაქტორებმა. მე კი იმით შევუწყვე ხელი, რომ ასაკის გამო მივიღე გადაწყვეტილება, გზა ახალგაზრდებისთვის დამეთმო. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტად ყოველთვის ჟვანიას მოვიაზრებდი და არა სააკაშვილს. ასაკმა განაპირობა ის, რაც მოხდა 2003 წლის ნოემბერში, თორემ თუნდაც ხუთი წლით ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ვნახავდით, ვინ ვის გააგდებდა", - ამბობს ედუარდ შევარდნაძე.

"რას ნიშნავს, უნდა აპატიონ? რომელი ერთი აპატიოს ქართველმა ხალხმა სააკაშვილს დამ ის რეჟიმს - 7 ნოემბერი, 26 მაისი, 2008 წლის 8 აგვისტო, ქუჩაში დახვრეტილი არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე, გურამ შარაძის მკვლელობა, ჟვანიას მკვლელობა თუ რომელი დანაშაული? ბატონი ბიძინა უაღრესად ჰუმანური პიროვნებაა და მისი ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, მაგრამ ქართველი ხალხი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. დაისჯება თუ არა ვინმე, ეს მხოლოდ ივანიშვილის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ამას მოითხოვს ხალხი და კანონი. ივანიშვილს ახლა დიდი ძალა აქვს, მას ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობა და, რაც მთავარია, აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ უნდა იმოქმედოს მხოლოდ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყურადღება არ უნდა მიაქციოს სააკაშვილის ულტიმატუმებს. მითუმეტეს, როცა ეს ულტიმატუმი უკავშირდება მხოლოდ პირადი გადარჩენის სურვილს და არა ქვეყნის ინტერესებს. სწორედ პირადი გადარჩენის მცდელობაა სააკაშვილის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, სხვა არაფერი", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.