„როგორც ჩანს, აზერბაიჯანს მართლაც დაუდგა ვარსკვლავის საათი, რაშიც ალიევი დარწმუნებულია“

„როგორც ჩანს, აზერბაიჯანს მართლაც დაუდგა ვარსკვლავის საათი, რაშიც ალიევი დარწმუნებულია“

„გაეროს წესდებაში აქვს მუხლი იძულებითი მშვიდობის შესახებ, ერთი-ორჯერ გამოუყენებია კიდეც ეს მუხლი, თუნდაც სუეცის კრიზისის დროს, როდესაც თავისი ჯარი გაგზავნა სუეცში, მაგრამ ახლა არ არის საამისო სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადასაჭრელად“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა. ალიევის თქმით, ფაშინიანი დასახმარებლად მსოფლიოს ლიდერებს ურეკავს და ევედრება დახმარებას, თუმცა ალიევის სიტყვით, ფაშინიანს აზერბაიჯანის წმინდა ქალაქი რომ არ შეერაცხყო, ეს საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდებოდა. როგორ გგონიათ, რა რესურსი რჩება სომხეთს, მხოლოდ უკან დახევის?

- დღეს უკვე ჩიხშია შესული მოლაპარაკების პროცესი, ვინაიდან ორივე მხარე აცხადებს, რომ იომებენ გამარჯვებისთვის. სომხეთი ამბობს, რომ ომობს ფიზიკური გადარჩენისთვის, რისიც არავის არ სჯერა. აზერბაიჯანის მხარეს უფრო მეტი იურიდიული არგუმენტი გააჩნია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მით უმეტეს, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არცახისა და 7 პროვინციის ჩათვლით აღიარებს გაერო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. დღეს უკვე შეუძლებელია, რომელიმე მხარემ თანხმობა განაცხადოს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაზე ისე, რომ მან სახე არ დაკარგოს. ალიევს არ ემუქრება თანამდებობის დაკარგვა და გადადგომა, აზერბაიჯანში სხვა სიტუაციაა, ფაშინიანი კი ასპროცენტიანად გარანტირებულად დაკარგავს თანამდებობას, მით უმეტეს, ფაშინიანი მოსკოვსაც გულზე არ ეხატება. ახლა ფაშინიანის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ, რაც უფრო ამძაფრებს სიტუაციას, ცდილობს, როგორმე დაამტკიცოს და დააჯეროს რუსეთიც, ევროპაც და მთელი მსოფლიოც, რომ აზერბაიჯანი ომს აწარმოებს არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის, არამედ სომხეთის წინააღმდეგაც. თუ დამტკიცდება, რომ აზერბაიჯანი მართლაც ბომბავს სომხეთის ქალაქებს, მაშინ უკვე პუტინი ვეღარ გაექცევა ვალდებულებას, ვინაიდან ოდკბ-ს ორგანიზაცია სამხედრო მოკავშირეობას გულისხმობს და იქ პირველი მუხლი პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ მხარეები ვალდებულნი არიან, ერთმანეთს აღმოუჩინონ სამხედრო და სრული დახმარება, თუკი ისინი გახდებიან სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი. ამიტომ ფაშინიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ალიევი არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის, არამედ სომხეთსაც ებრძვის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც კანონიერად სომხეთისაა.

თქვენ მიიჩნევთ, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის მასშტაბური აგრესია უნდა დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანს, რუსეთი კი თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან საშინელი კადრები ვრცელდება.

- რუსეთი თავს იკავებს, რადგან რუსეთს დღეს არავითარი არგუმენტი არ აქვს, რუსეთს არანაირი ხელშეკრულება არ აქვს დადებული მთიან ყარაბაღთან, მთიანი ყარაბაღი ამბობს, მე დამოუკიდებელი ვარ. მაგალითად, აფხაზეთმა დადო ხელშეკრულებები რუსეთთან და, თუ მომავალში რომელიმე ქართული მთავრობა გადაწყვეტს, ძალა გამოიყენოს, რუსეთი ვალდებულია, ჩაერიოს და თქვას, სოხუმი ჩემი მოკავშირეა, მაგრამ სტეფანაკერტი არ არის რუსეთის მოკავშირე, ამიტომ რუსეთს არაფერი არ ესაქმება სტეფანაკერტთან. ალიევიც ფრთხილობს, რომ მართლაც შემთხვევით არ დაზიანდეს სომხეთი.

თუკი სომხეთი დაარწმუნებს მთელ მსოფლიოს, რომ მას მთლიანად ერჩის აზერბაიჯანი და მხოლოდ ყარაბაღზე არ არის საუბარი, მაშინ პუტინი იძულებული გახდება, სომხეთს დაეხმაროს. როგორ გგონიათ, პუტინი რეალურად ჩაერევა ამ საქმეში?

- სხვანაირად არ გამოვა. მაშინ პუტინი კატასტროფულად აღმოჩნდება დიპლომატიურ ჩიხში. ერთი მხრივ, მაშინ მან უნდა დაკარგოს სომხეთი, როგორც მოკავშირე, მეორე მხრივ, თუ ამ საქმეში ჩაერევა, სამუდამოდ უნდა დაკარგოს აზერბაიჯანი და, როგორც საქართველოსთან აქვს ურთიერთობა, ისეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანთანაც.

ალბათ, ამითაც იყო განპირობებული, რომ თავის დროზე ყარაბაღის მიმართ არ აიღო მეურვეობა რუსეთმა, როგორც ეს აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით მოხდა?

- არ აიღო მეურვეობა, რადგან არც ყარაბაღს უთხოვია. პუტინი არც იყო 1994 წელს რუსეთის ლიდერად, ყარაბაღის ომი რომ დაიწყო. ლაჩინის დერეფანი რომ აიღეს სომხებმა მაშინ, პრაქტიკულად, ყარაბაღი და სომხეთი ერთმანეთს დაუკავშირდა, მათ უკვე საერთო საზღვარი აქვთ. ადრე არ ჰქონდათ საერთო საზღვარი, ადრე ყარაბაღი ანკლავივით იყო.

ალიევმა ხელსაყრელი დრო შეარჩია?

- ალიევი გრძნობს, რომ სათავისო მომენტი დაუდგა, რუსეთს თავისი გასჭირვებია, პანდემიაა და პუტინისთვის დაუშვებელი ფუფუნება იქნება, აქტიურად ჩაერიოს ამ კონფლიქტში, ევროპასაც, მინსკის ჯგუფსაც, საფრანგეთსაც ამისთვის არ სცხელა, იქაც პანდემიაა, ამერიკაში ტრამპი ჰოსპიტალშია და რა ეყარაბაღება. ალიევიც, ეტყობა, გრძნობს, რომ ასეთი მომენტი მას შეიძლება არც ჰქონდეს, თანაც, თურქეთში სანამ ერდოღანია, რომელიც არ ერიდება არც საფრანგეთის მომდურებას, არც ევროპის მომდურებას, ესეც მისთვის ხელსაყრელია. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ ჩაერევა ამ კონფლიქტში. ასე რომ, ალიევსაც სჯერა, რომ ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, ერდოღანსაც სჯერა ამის, პუტინმა კი იცის, რომ ხელ-ფეხი შეკრული აქვს. რაც შეეხება საფრანგეთს, ამერიკას, მათ ტრადიციულად ერთი იარაღი დარჩენიათ-მოწოდება, შეშფოთება, შეგონება.

თურქეთის საქციელი ამ შემთხვევაში რით არის ნაკარნახევი, მხოლოდ კონფესიური, რელიგიური მხარდაჭერით, თუ სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერებით?

- ამ კონფლიქტამდეც თურქეთი და აზერბაიჯანი მოძმე ქვეყნები იყვნენ, განსხვავების მიუხედავად, ერთმანეთის ენაც ესმით, ერთი ხალხია, იქ შიიტებია, აქ სუნიტებია, მაგრამ ასეთ დროს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უკან ვერავინ ვერ დაიხევს, იგივე ერდოღანიც ვერ დაიხევს. უხეშად რომ ვთქვათ, ერდოღანმა რომ გადააგდოს აზერბაიჯანი, მაშინ შეიძლება თვითონ ერდოღანი ვეღარ გადაურჩეს თავის ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებს. კი, ერთხელ სამხედრო შეთქმულებიდან დაიძვრინა თავი, გადარჩა, მაგრამ მეორედ ვეღარ გადარჩება. რაც შეეხება ალიევს, როგორც ჩანს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყარაბაღის პრობლემა გადაჭრას რეალურად და არა მითიურად, ვინაიდან კაცობრიობის ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, ომით დაკარგულ ტერიტორიას მშვიდობიანი მოლაპარაკებით იბრუნებდეს ვინმე. ეს მითია. ამიტომაც ერდოღანიც კი ევროპას დასცინის, თქვენ სასირცხვილოდ ისიც გეყოთ, რომ 30 წელი ვერაფერს ვერ აკეთებთო. აქ იგულისხმება ყარაბაღის კონფლიქტი, მინსკის ფორმატი და ჟენევის პროექტი-საქართველო-აფხაზეთის კონტექსტში. უკვე აღარავის სჯერა ამ ფორმატების რეალობის. ბორდერიზაციაც ვერ შეჩერდა, ადამიანის გატაცებებსაც ვერ მოეღო ბოლო. როგორც ჩანს, ამჯერად აზერბაიჯანს მართლაც დაუდგა, როგორც ალიევს სწამს, ვარსკვლავის საათი.

და ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა აზერბაიჯანისთვის?

- აზერბაიჯანისთვის ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სულთანს კი ეძახიან ერდოღანს არაოფიციალურად, მაგრამ შეიძლება ოფიციალურად ალიევის მთელი საგვარეულო მეფის ტიტულში აიყვანონ, თუკი ეს მოხდა. თანაც, საინტერესოა, რომ ცოცხალი ძალის მსხვერპლი შედარებით ნაკლებია, რადგან ეს არის ახალი ფორმატის ომი, ძირითადად დრონების მონაწილეობით. აზერბაიჯანის უპირატესობა ისაა, რომ სომხეთის შეიარაღება მოძველებულია, რაც საბჭოთა კავშირიდან დარჩა და, რაც პირველი ომის შემდეგ ნადავლის სახით აზერბაიჯანს წაართვა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედიოდა იარაღის შესყიდვის მასშტაბის გათვალისწინებით. ისრაელის და სამხრეთ კორეის დრონების შესყიდვით იყო დაკავებული, რომლითაც ხდება ზუსტი დაბომბვები. ასე რომ, უკან ვერავინ გადადგამს ნაბიჯს. გაეროს წესდებაში აქვს მუხლი იძულებითი მშვიდობის შესახებ და ერთი-ორჯერ გამოუყენებია კიდეც ეს მუხლი, მაგალითად, სუეცის კრიზისის დროს, როდესაც თავისი ჯარი გაგზავნა სუეცში 1956 წელს, მაგრამ ახლა არ არის ის სიტუაცია. თანაც ეს ნებაყოფლობით უნდა მოხდეს, სახელმწიფოებმა თავის თავზე უნდა აიღონ ვალდებულება, თუმცა არა მგონია, რომელიმე სახელმწიფომ თანხმობა განაცხადოს იძულებითი მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში გაგზავნოს ჯარი.

 

Katana . * ალიევმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა: მე არ დავთანხმდები ამ პრობლემის სანახევროდ გადაჭრასო!
არავითარმა "ფორმატმა" არ იმუშავა! არ გააკეთა არაფერი ამ 30 წლის განმავლობაში! დამთავრდა მაგათ იმედზე ყოფნა: ჩემი ტერიტორია უნდა დავიბრუნო და მორჩაო!!!
* მან თუ სიტყვა შეასრულა, ამას უსათუოდ ექნება პრეცედენტის მნიშვნელობა... მაგრამ, სამწუხაროდ, არა ჩვენთვის: სააკაშვილმა მოახერხა, რომ განდგომილი ორი რეგიონი, რომელთაც კოდორი და ახალგორიც დაუმატა საკუთარი ნებით, რუსეთის ქოლგის ქვეშ მოექცია. აქედან გამომდინარე, ალიევის საქციელს ვეღარ გავიმეორებთ.
* ბ-ნი ცოცო ცინცაძე მართალია: ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ომით წართმეული, უომრად დაებრუნებინოს ვინმეს!.. (ენა ტკბილად მოუბარმა შეიძლება გველი ამოიყვანოს ხვრელიდან, მაგრამ არა - გადაყლაპოლი ტერიტორია ოკუპანტის ხახიდან!).
* ვინც აცხადებს, რომ ევროსტრუქტურებიასა და ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევით", ჟენევისა თუ... კეიპტაუნის მოლაპარაკებებით ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ, ან იდიოტია, ან თაღლითი, რომელიც საკუთარ პოლიტიკური სარგებლისთვის აცუცურაკებს ხალხს!
3 წლის უკან