ვის უნდოდა ჟვანიას

ვის უნდოდა ჟვანიას "გაფუჭება"

ვანიას საქმესთან შედარებით ციხის საქმე ადეიშვილისთვის შესაძლოა "ბასტი-ბუბუ" აღმოჩნდეს

"მზად ვარ, პირზე დავადგე იმ პირებს, რომლებიც იძულებული გახდებიან, სიმართლე თქვან"

ცხადია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე უმნიშვნელოვანესია იმ საქმეთა შორის, რომლის გადახედვა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ყოფილ მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, მაგრამ ისინი ან დუმან, ან ქვეყნიდან არიან გაქცეული. მაგალითად, თავის დროზე პარლამენტის წევრმა გოგლა ჟვანიამ ზურაბ ადეიშვილი დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის მასალების გაყალბებაში: "გარდაცვალების ინსცენირებას უშუალოდ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. იმ ბინაში საკვები, ბორჯომი, კონიაკი წინასწარ მიიტანეს. უბედური შემთხვევის დადგმაში ბარამიძე, ადეიშვილი და მერაბიშვილიც მონაწილეობდნენ. საქმის მასალების გაყალბება ადეიშვილს ევალებოდა".

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილს მთავარმა პროკურატურამ ციხის სკანდალის საქმის გაყალბებაში დასდო ბრალი. კერძოდ, მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს, ე.წ. "ბასტისა" და "ბუბუს" ადეიშვილის დავალებით აცემინეს პატიმრები, რათა მათთვის კამერით გადაეღოთ და მერე ამ საქმის "დამკვეთად" ივანიშვილი დაესახელებინათ.

არ არის გამორიცხული, ჟვანიას საქმის გაყალბებასთან შედარებით ციხის საქმე ადეიშვილისთვის მართლაც "ბასტი-ბუბუ" ყოფილიყო. საბოლოოდ, ალბათ, მან უნდა გვითხრას, იყო თუ არა ჟვანიას გარდაცვალება ინსცენირებული და თუ იყო, რატომ, ვისი ბრძანებით? შეგახსენებთ, გოგლა ჟვანიამ "კვირის პალიტრას" განუცხადა: "ზურა ან უნდა დაეჭირათ, ან უნდა მოეკლათ. ამის თაობაზე მეც და ზურასაც გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ ზურაბ ჟვანიას მოიცილებდნენ. ვინც ეს გვითხრა, ცოცხალია და საჭირო დროს ყველაფერს იტყვის".
მართალია, გოგლა ჟვანიას არ დაუზუსტებია, ინფორმატორის ვინაობა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო.

დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი და სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე "კვირის პალიტრასთან" ისევ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მოითხოვს, რომ მთავარმა პროკურატურამ ის ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მაინც დაჰკითხოს:

- რამდენი ხანია ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს, რაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის. სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ იჩენს. რასაც ვამბობ, შემიძლია დავადასტურო დოკუმენტებით ან პირზე დავადგე იმ პირებს, რომლებიც იძულებული გახდებიან, სიმართლე თქვან. ხელისუფლებას ჟვანიას დაჭერა რომ უნდოდა, ჯერ კიდევ 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვიცოდი, ე. ი. ჟვანიას გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე. თავად მივუტანე მასალები დავით კეზერაშვილს, რომელიც ფინანსური პოლიციის შეფი იყო, მან კი ადეიშვილი ჩააყენა საქმის კურსში. აბა, კეზერაშვილს პრემიერ-მინისტრის დაჭერის თავი სად ჰქონდა. თუმცა, როცა ვკითხე, მასალები რომ გქონდეს, დაიჭერთ თუ არა-მეთქი, გახარებულმა მითხრა, აბა, რას ვიზამთო და ჟვანიას შეაგინა.

- რა მასალები გქონდათ და როგორ აღმოჩნდა თქვენს ხელში?
- ფოთის ყოფილმა სამხედრო პროკურორმა შაქრო ბურკაძემ მომცა. იმხანად უმუშევარი იყო და დავპირდი, შემიძლია კეზერაშვილთან რეკომენდაცია გაგიწიო-მეთქი. შაქრომ მითხრა, თუ ამას გააკეთებ, შემიძლია "კარგი საქმე" მივცე კეზერაშვილსო, მგონი, მაგათ ჟვანიას დაჭერა უნდათ და ეს საქმე გამოადგებათო. საქმე ფოთის პორტის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვას ეხებოდა. ვიცი, რომ მაშინ 70 მილიონი თუ უფრო მეტი გამოყო აშშ-მა პორტის რეკონსტრუქციისა და გაწმენდითი სამუშაოებისთვის, რომელიც ზუგდიდში რეგისტრირებულ ერთ-ერთ ფირმას უნდა შეესრულებინა. არაფერი გაკეთდა, ფული კი გაქრა. იმ ფირმას სასწრაფოდ ლიკვიდაცია გაუკეთეს, როგორც მახსოვს, ერთ-ერთი გემი ხელოვნურადაც ჩაძირეს, მოკლედ, საქმე ჩაიფარცხა.

- ზურაბ ჟვანიას რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან?
- დეტალები აღარ მახსოვს, ბინძური საქმე იყო. ეს მასალები აქვს შაქრო ბურკაძეს, რომელიც ახლა პატიმარია. თავისით არაფერს იტყვის, მაგრამ თუ დაველაპარაკები, იძულებული გახდება, ყველაფერი აღიაროს. მოკლედ, ადეიშვილს ჟვანიას დაჭერა უნდოდა და კიდეც დაიჭერდა, მაგრამ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მონაწილეობაც იკვეთებოდა ამ კორუფციულ სქემაში, ამიტომ ბოლომდე არ მიჰყვნენ გამოძიებას და ყველაფერი ჩაფარცხეს. საინტერესოა ისიც, რომ ზურაბ ადეიშვილი 2004 წლის ივნისიდან გახდა გენერალური პროკურორი, ოქტომბრისთვის უკვე ჰქონდა ჟვანიაზე ეს მასალა, 2005 წლის 3 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრი დაიღუპა. ვიმეორებ, მანამდე სახელისუფლებო გუნდში ჟვანიას დაპატიმრება მართლაც უნდოდათ, მაგრამ ამ გზით ვერ ჩამოიცილეს.

- ითქვა, რომ ადეიშვილმა ბელგიას მოსთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
- ის რომ ბელგიაში ჩამოსულიყო, აუცილებლად გავიგებდი. აქ არც თავშესაფრის მიღებაა ასე ადვილი, ეს ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. თუკი ბრალი დადასტურებულია, ადეიშვილის ექსტრადიცია მაინც აუცილებლად მოხდება. ამასთან, არსებობს ვებგვერდი, სადაც გამოქვეყნებულია იმ პირთა სია, ვისაც ბელგია პოლიტიკურ თავშესაფარს ანიჭებს, დეკემბრიდან მოყოლებული აქ თავშესაფარი არც ერთ ქართველს არ მიუღია. ვფიქრობ, რომ წულუკიანს აქვს ზუსტი ინფორმაცია და ადეიშვილი მართლაც ბუდაპეშტშია.