"ნაციონალების სტრატეგიაა, რომ მოსახლეობას შეახსენონ ის მოვლენა, რომელიც ცუდ ასოციაციებს იწვევს. ამნისტიას "ჯაბას ამნისტიას" იმიტომ უწოდებენ, რომ 1992 წელს, გადატრიალების შემდეგ, ყოველგვარი გადახედვა-გადმოხედვის გარეშე, გახსნეს ციხის კარი და ყველა პატიმარი გამოუშვეს. მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მთლიანად დემორალიზებული იყო მილიცია. უფრო ზუსტად, სამართალდამცველები არ არსებობდნენ - იყო გვარდია, "მხედრიონი" და ათასგვარი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მაშინ მხოლოდ პატიმრების გამოშვება არ გამხდარა კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ამიტომ დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას შორის პარალელების გავლება აბსურდია. თუმცა ნაციონალები პარალელებს კი არ ავლებენ, საზოგადოებაში დარჩენილ ნეგატიურ ფონზე იწყებენ თამაშს. დღევანდელი ამნისტია ფართომასშტაბიანი კი არის, მაგრამ ყველას ციხიდან გამოშვებას არ ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანია, - პრეზიდენტმა ამნისტიას ხელი განა იმიტომ არ მოაწერა, რომ თითქოსდა კრიმინოგენული ვითარების გაუარესების შეეშინდა. ამნისტია ორ ნაწილად რომ ყოფილიყო გაყოფილი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ხელს მხოლოდ პოლიტპატიმრების ნაწილს არ მოაწერდა", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ოქრუაშვილის პოლიტიკური რეანიმაცია ძნელი იქნება".
"ნაციონალებმა" კარგად იციან პიარით ფონის შემზადება. მათ ამნისტიასთან დაკავშირებით კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ფონი შეამზადეს, რასაც, როგორც აღვნიშნე, ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით. ვისი შეწყალებული რას ჩაიდენს, ეს ალბათ, სამართალდამცველებმა უნდა არკვიონ, თუმცა არსებული ვითარება პროვოცირების საშუალებას იძლევა. თუ რომელიმე შინაური თუ გარეული ძალა ამ თემით თამაშს მოინდომებს, სამწუხაროდ, ნიადაგი მზად არის. თუმცა ამავე დროს, უნდა მოემზადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კატასტროფული არაფერი მოხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"ოქრუაშვილს გირაოც აქვს შეფარდებული, შესაბამისად, საქმე ჯერ არ დახურულა და სასამართლო განაჩენს უნდა დაველოდოთ. პროკურატურას ყველა ბრალდება არ მოუხსნია, თუმცა მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის ციხეში ჯდომა საჭირო არ არის და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, აქვს თუ არა ოქრუაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, მაგრამ მან ქვეყნის წინაშე ჩაიდინა დიდი დანაშაული. ოქრუაშვილი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო იმ პროცესებისა, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას აუცილებლად ეკისრება. როდესაც საჭირო გახდება, ოქრუაშვილი დაიწყებს ჩვენებების მიცემას. როდის დადგება ეს დრო, ვერ გეტყვით, რადგან პროცესები ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა. დარწმუნებული ვარ, მას უამრავ ფაქტზე შეუძლია საუბარი. რაც შეეხება ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას _ მეეჭვება, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს სერიოზული ფიგურის რანგში შეძლოს. მისი პოლიტიკური რეანიმაცია რთული იქნება და გულწრფელად შემიძლია ვურჩიო - არც ღირს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანა აუცილებელია. არგუმენტები დეცენტრალიზაციაზე სისულელეა. პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული პროექტის დამტკიცებაც საჭიროა, ჩვენ რომ მშვიდად ვიყოთ. მეც და ალბათ, ბევრიც მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და პოლიტიკური კრიზისი შექმნა, ეს მისთვისვე იქნება უარესი. მაგრამ ასე ჩვენ მივიჩნევთ და რას ფიქრობს თავად სააკაშვილი და მისი გუნდი, კაცმა არ იცის. რაც შეეხება უფრო შორს მიმავალ საკითხს - ამ კონსტიტუციაში რომ ბევრი ნაღმი იყო ჩადებული, ყველამ ვიცოდით. საქმე ის არის, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ასევე უვარგისია. ის უფლებამოსილებები, რომელიც დღეს აქვს პრეზიდენტს, "გადმოწერეს" პრემიერზე. თუმცა უბედურება ისაა, რომ პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებებიც დაუტოვეს, რომ მთლად საპარლამენტო რესპუბლიკაც არ გამოდის, ანუ თუ სააკაშვილი როგორღაც დარჩებოდა პრეზიდენტად, მას მთავ¬რობაზე ზემოქმედების ბერკეტები მაინც ექნებოდა. პირველ რიგში, გვჭირდება ახალი კონსტიტუცია, რათა ბოლოს და ბოლოს ამოვძვრეთ ამ ჭაობიდან. ასევე გვჭირდება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ და ახალი საარჩევნო კოდექსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიქნებით დამოკიდებული", - განმარტავს რესპონდენტი.
"ვინც ხედავს, თუ რა თამაშს თამაშობს `ნაციონალური მოძრაობა~, მისთვის მოულოდნელი ის იქნებოდა, რომ პრეზიდენტს გუნავა გუბერნატორად არ დაენიშნა. დღეს თუ გუნავას დაიჭერ, დააპატიმრებ არა ყოფილ, არამედ მოქმედ მაღალჩინოსანს. შესაბამისად, უფრო ეფექტური იქნება დასავლეთის დასანახად ყვირილი, არიქა, მდევნიანო. ვანო მერაბიშვილის პასპორტების საქმეც აქეთკენ იყო მიმართული - მერაბიშვილი აეროპორტში რომ დაეჭირათ, "ნაციონალები" იტყოდნენ, პარტიის გენერალური მდივანი აბსურდული ბრალდებით დააკავესო. კიდევ კარგი, ვიღაცამ მოიფიქრა და მერაბიშვილი მაშინ არ დააკავეს. ეს მარტივი თამაშია და სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება ზოგჯერ არაადეკვატურობას იჩენს, ცოტა ჩქარობს. იმავე გუნავასთან დაკავშირებით ნარკოტიკების საქმე როგორც დამთავრდა, ყველამ ვიცით. მესმის, რომ მაღალჩინოსნების ქმედებების გამოძიება საზოგადოების დაკვეთაა, მაგრამ წყნარად, დინჯად უნდა წარმართო პროცესი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე სამართალს ეხება", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.